Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1246-1169-2015 17 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მ–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სავალო დოკუმენტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. გ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი, იპოთეკარი ან კასატორი) და მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან მოწინააღმდეგე) შორის, 2012 წლის 9 აგვისტოს, სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა გამსესხებლისგან სამი თვით, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით ისესხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული მეფრინველეობის ფაბრიკის ბინა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე, 286-ე მუხლები, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი. ტ. ІII, ს.ფ.38-44).

2. მსესხებელსა და გამსესხებელს შორის, 2013 წლის 23 აპრილს, მარტივი წერილობითი ფორმით, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ორი თვით, ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით, 2000 აშშ დოლარი ისესხა გამსესხებლისგან (სსკ-ის 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები, ტ. І, ს.ფ. 3).

3. გამსესხებელმა, 2014 წლის 22 მაისს, მარტივი წერილობითი ფორმით გასცა შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე მუხლი, ტ. ІІ, ს.ფ.34).

4. გამსესხებლის მიმართვის საფუძველზე, 2014 წლის 5 დეკემბერს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარი და 2013 წლის 25 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0,15% („ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში ნოტარიატის კანონი, 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მე-40 მუხლი).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა გამსესხებლის ორი სარჩელი მსესხებლის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების, თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურებისა და ცალმხრივი გარიგების - სავალო საბუთის - ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, სავალო საბუთის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მსესხებლისათვის 2013 წლის 23 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.

6. მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და შესაგებელში მიუთითა, რომ 22.05.2013წ. მსესხებელმა გასცა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მსესხებელს 23.04.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული, ხოლო 09.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება 1510 აშშ დოლარი იყო.

7. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 22 მაისს გამსესხებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი ვალდებულების შესრულების თაობაზე. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანი იყო, 23.04.2013წ. ხელწერილის საფუძველზე, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და სესხად აღებული 2000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, ვალდებულების შესრულების თაობაზე, 22.05. 2014 წ. ხელწერილის ბათილობა.

9. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 429-431-ე, 59-ე მუხლები.

10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარდგენილი 22.05.2014წ. ხელწერილი ბუნდოვანი იყო და არ გაიზიარა მსესხებლის მოსაზრება, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოიცავდა, როგორც 09.08. 2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 15 000 აშშ დოლარის, ასევე 23.04.2013 წ. ხელწერილის საფუძველზე გაცემული 2000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ ჩანაწერს. სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ გამხდარი სავალო დოკუმენტიდან დგინდებოდა მხოლოდ 09.08. 2012 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 15 000 აშშ დოლარის სარგებლის გადახდის ფაქტი.

11. სასამართლომ სადავო ხელწერილის შეფასებისას აღნიშნა, რომ მისი შინაარსი არა მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი, მრავალმნიშვნელოვანი და ბუნდოვანი, არამედ დოკუმენტი ფორმადაუცველიც იყო. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების დადებისათვის, როგორც კანონით, ასევე მხარეთა შეთანხმებით, გათვალისწინებული იყო სავალდებულო ფორმა, მასში ნებისმიერი ცვლილება იმავე ფორმით უნდა შესულიყო (სსკ-ის 59-ე მუხლი). მხარეებმა მათ შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა დაადასტურეს ნოტარიუსთან, რითიც განსაზღვრეს მისი ფორმა. ამ სახის გარიგებისათვის სავალდებულო ფორმის დაცვას ითვალისწინებს, ასევე, სსკ-ის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილი. სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული, ვალდებულების შესრულების მიღების 22.05.2014წ. ხელწერილი ფორმადაუცველი გარიგება იყო, რის გამოც, იგი არ წარმოშობდა იურიდიულ შედეგებს, შესაბამისად, ბათილი იყო.

12. სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა (სსკ-ის 411-ე მუხლი) წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამგვარი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ იკვეთებოდა. მარტოოდენ იმის მითითება, რომ მოსარჩელე კვლავ გაასესხებდა სადავო თანხას, საკმარის და სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მსესხებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა, ხოლო გამსესხებელმა - სასარჩელო მოთხოვნის უარყოფილ ნაწილში (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

14. მსესხებლის სააპელაციო საჩივარი შემდეგ მოტივაციას მოიცავს:

14.1. სასამართლომ არასწორად მიიღო წარმოებაში სარჩელი 22.05. 2014 წლის ხელწერილის ბათილად ცნობის შესახებ. აღიარებითი სარჩელი ხელწერილის ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, ვინაიდან მხარეები ვერ თანხმდებიან შესასრულებელი ვალდებულების ოდენობაზე, რაც შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელის პირობებში. ამ ხელწერილზე მსჯელობისას, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა არა მარტო 2000 აშშ დოლარის სესხთან დაკავშირებით, არამედ მხარეთა შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზეც;

14.2. სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს 2000 აშშ დოლარი და არ იმსჯელა სარჩელში და სხდომაზე თავად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ მოვალემ გადაიხადა 1000 აშშ დოლარი;

14.3. არასწორია სასამართლოს მსჯელობა ხელწერილის ბუნდოვანებაზე. აღნიშნული მტკიცებულება თვითონ კრედიტორის მიერ დაწერილი და მოვალის კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე გაცემული სავალო დოკუმენტია, რომლის ბოლო წინადადებაში ნათლად და გარკვევითაა მითითებული, რომ მისი შედგენის დროისათვის დავალიანება 1510 აშშ დოლარს შეადგენს;

14.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხელწერილის ბათილად ცნობით, არასწორად შეეხო 09.08 2012 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 000 აშშ დოლარის ვალდებულების შესრულებასაც, რაც სარჩელში მითითებული არ იყო;

14.5. სესხის ხელშეკრულება და მისი შესრულების ხელწერილი დადებულია მხარეთა შეთანხმებით, შინაურული ხელწერილის გაფორმებით და სასამართლოს მსჯელობა მასზე, როგორც ფორმადაუცველ გარიგებაზე, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, არასწორია.

15. გამსესხებლის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები შემდეგია:

15.1.მიუღებელი შემოსავლის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ბანკში დეპოზიტზე თანხის განთავსების შედეგად, სარგებლის მიღება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და, სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, მხარე გათავისუფლებულია ამ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან;

15.2. სასამართლოს არ უმსჯელია შუამდგომლობაზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების თაობაზე.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით როგორც გამსესხებლის, ისე მსესხებლის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი:

16.1. სასრჩელო მოთხოვნა 22.05.2014 წ. ხელწერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გამსესხებლის სასარგებლოდ, მსესხებელს დაეკისრა 1400 აშშ დოლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის 90 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 143 ლარის გადახდა.

17. სასამართლომ, სსკ-ის 68-71-ე და 429-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გამსესხებლის მიერ 22.05.2014 წ. შედგენილი ხელწერილი არ წარმოადგენდა ფორმადაუცველ გარიგებას და არ არსებობდა სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

18. სასამართლომ აღნიშნა, რომ 09.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას დაცული იყო მოცემული ტიპის გარიგებისთვის კანონით დაწესებული სავალდებულო ფორმა, თუმცა, აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავდა იმას, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულების მიღების დოკუმენტის შედგენაც ამ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, ვინაიდან ასეთი დათქმა არ გამომდინარეობდა არც კანონიდან და არც მხარეთა შეთანხმებიდან. ვალდებულების შესრულების მიღების დოკუმენტის ნამდვილობისათვის რაიმე სავალდებულო ფორმის დაცვა კანონით არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული და არჩეული ფორმა (შინაურული ფორმა, სანოტარო დამოწმების გარეშე) საკმარისია მისი ნამდვილობისათვის.

19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე ითხოვდა მარტივი წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას მოპასუხისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად აპელირებდა სადავოდ ქცეულ სავალო საბუთზე, შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფორმას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

20. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარდგენილი ვალდებულების შესრულების მიღების დოკუმენტი ბუნდოვანი იყო, მისი შინაარსიდან ნათლად და გარკვევით არ დგინდებოდა 23.04.2013 წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულების შესრულების ფაქტი. კერძოდ, სადავოდ ქცეული ხელწერილის პირველი წინადადებით ირკვევა, რომ მოპასუხე იხდიდა 15 000 აშშ დოლარის 4%-ს 3 თვე. შემდეგ თვეებში, 2014 წლის 03 მარტამდე, იხდიდა 3%-ს შეთანხმებით. გაურკვეველი იყო, რა მოიაზრებოდა შემდეგ წინადადებაში: „ასევე 2013 წლის 23 ივნისის შიდა ხელშეკრულების საფუძველზე 2200 აშშ დოლარი“. ხელწერილის ბოლო წინადადებაში მითითებულია, რომ დოკუმენტის შედგენის მდგომარეობით, დავალიანება 1510 აშშ დოლარი იყო, თუმცა, არ დგინდებოდა, რომელ სესხს ეხებოდა აღნიშნული წინადადება. ხსენებული სავალო დოკუმენტის ბუნდოვანებას ვერ ცვლიდა მოვალის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი შედგენილი იყო თავად კრედიტორის მიერ, მოვალის კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.

21. სასამართლომ იმსჯელა საქმეში განთავსებულ მტკიცებულებებზე და დაასკვნა: მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 23.04.2013 წელს, ორი თვით. მოსარჩელის განმარტებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ ორი თვის: მაისისა და ივნისის სარგებელი დროულად გადაუხადა კრედიტორს. გარდა ამისა, მოვალე 23.06.2013 წ.-დან იხდიდა სარგებელს, თვეში 100 აშშ დოლარს, 23. 12. 2013 წ.-მდე დეკემბრამდე (იხ. დაზუსტებულ სარჩელი - ტ. II, ს.ფ. 52-70). ამდენად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 600 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილი 600 აშშ დოლარი, სასამართლომ არ მიიჩნია სესხის პროცენტად და აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად ჩათვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გამსესხებლისადმი მსესხებლის მიერ, ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა 1400 აშშ (2000 - 600) დოლარით განსაზღვრა.

22. სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობდა „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინება, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი სარგებლის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

23. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მას დროულად დაუბრუნებდა დავალიანებას, ის თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებით მიიღებდა წლიურ 6% სარგებელს და დასაბუთებულად მიიჩნია მისი მსჯელობა, რომ კომერციული ბანკების ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის ინფორმაციის მიხედვით, საბანკო ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში, კრედიტორი, შემოსავლის სახით, საშუალოდ მიიღებდა განთავსებული თანხის წლიურ 6% სარგებელს.

24. სასამართლოს დასკვნით, გამსესხებელმა 1400 აშშ დოლარის საბანკო ანაბარზე განუთავსებლობით, მოთხოვნის წარმოშობიდან (23.06.2013 წ.) სარჩელის აღძვრამდე (09.10.2014 წ.) პერიოდისათვის (1 წელი, 3 თვე და 17 დღე), ვერ მიიღო შემოსავალი 90 აშშ დოლარი.

25. გამსესხებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

26. საკასაციო განაცხადი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებზე მითითებით, შემდეგ პრეტენზიებს მოიცავს:

26.1 სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ხელწერილის ფორმაზე მსჯელობით და არ შეაფასა ის გარემოება, რომ ხელწერილი მოტყუებით დაიდო.

26.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 429-ე მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალის გადახდის დოკუმენტი არ არსებობს, დადგენილად ჩათვალა, რომ თუ პროცენტი გადახდილია, გადახდილია ძირითადი ვალიც.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო განაცხადის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით, კანონით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა არ არის დამოკიდებული ძირითადი ხელშეკრულების ფორმაზე, თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დოკუმენტის ფორმის თაობაზე (იხ. სუსგ # ას-858-80-2010, 16.05.2011წ., #ას-872-830-2013, 17.10.2014 წ., # ას-517-490-2014, # ას-911-861-2015, # ას- 570-541-2015).

31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეები მათ შორის 23.04.2013 წ. დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას სადავოდ არ ხდიან. დავის საგანია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა კრედიტორის მიერ შედგენილი ვალდებულების შესრულების ხელწერილის ბათილობის თაობაზე, ფორმის დაუცველობის გამო, თუმცა, მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო, დადგენილად არ მიიჩნია 23.04.2013 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულების შესრულების ფაქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 17-18 პუნქტები).

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 20-21 პუნქტებში და მიაჩნია, რომ სასამართლომ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოვალის მიერ გადახდილი 600 აშშ დოლარი კანონიერად არ ჩათვალა სესხის სარგებლად და მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა მოვალის მიერ გადახდილია ძირითადი თანხის ანგარიშში, რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორისადმი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა 1400 აშშ (2000 - 600) დოლარით განსაზღვრა.

35. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ 22.05.2014წ. ხელწერილი, ვალდებულების შესრულების მიღების თაობაზე, მოტყუებით დაიდო, რადგან პრეტენზიის ავტორის მიერ სადავოდ ქცეული დოკუმენტის ბათილობის ამგვარ საფუძველზე სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისას არ ყოფილა მითითებული. ამასთან, საკასაციო სამართალწარმოება სააპელაციო სასამართლოში დადგენილი ფაქტებისა და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიმდინარეობს და სამართლებრივად ამოწმებს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას (სსსკ-ის 404-ე 407-ე მუხლი) .

36.ზემოხსენებული არგუმენტაციის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელი, რაც მისი დასაშვებად ცნობის უარყოფის სამართლებრივი საფუძველია.

37. კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რომლის 70 % დაუბრუნდება სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. გ-ეს (პ/ნ 0...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 იანვარი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე