Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1280-1201-2015 11 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ღ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე ან კასატორი,) და მ. ნ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი, კრედიტორი ან მოწინააღმდეგე) შორის, 2011 წლის 13 აპრილს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლითაც მსესხებელმა მიიღო 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი 3 თვით, ყოველთვიური სარგებლის - 5% დარიცხვით. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს 0,3%-ის გადახდა. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, სოფელი დიღომი, ს-ი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე, 286-ე მუხლები, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი; იხ. საქმეში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ტ. I, ს.ფ. 17-22).

2. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2013 წლის 4 ივლისს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №.... (შემდეგში: სააღსრულებო ფურცელი), რომლის მიხედვით, აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 13 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 17 550 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო, სესხად მიღებული თანხის 0,3 პროცენტი 2012 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე („ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მე-40 მუხლი; იხ. საქმეში სააღსრულებლო ფურცელი, ტ. I, ს.ფ. 26-28).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მოვალის სარჩელი კრედიტორის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლო შემცირდა 7020 აშშ დოლარამდე და სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება (ტ. I, ს.ფ. 32- 38).

4. იმავე სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოვალის სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და, ძირითადი თანხის სახით ასანაზღაურებლად, 7400 აშშ დოლარის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

6. მოვალის სააპელაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს მოიცავდა:

6.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოვალის მიერ გადახდილი 7400 აშშ დოლარი არ იყო სესხად აღებული 13 000 აშშ დოლარის დასაფარად გამიზნული თანხა. მსესხებლის მტკიცებით, მის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა სესხის ძირითადი თანხის დასაფარად იყო მიმართული და ამაზე მხარეები შეთანხმებული იყვნენ.

6.2. სასამართლო წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა, არასწორად დადგინდა ის გარემოება, რომ მსესხებელმა 7550 აშშ დოლარი სარგებლის სახით გადაიხადა. მოვალის მტკიცებით, მას არ დაუყენებია მოთხოვნა აღნიშნული თანხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად ჩათვლის თაობაზე და სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა მითითებულ საკითხზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.)

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დადგენილად იყო მიჩნეული ის გარემოება, რომ მსესხებლის მიერ, სარგებლის სახით, გადახდილი თანხები შეადგენდა 7550 აშშ დოლარს და სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ წინასწარ გადახდილ 1300 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოვალეს, 13.04.2011 წ. ხელშეკრულების ფარგლებში, სარგებლის სახით, ჯამში გადახდილი ჰქონდა 8850 აშშ დოლარი (ტ. I, ს.ფ. 34).

10.სასამართლო სააპელაციო საჩივრის უარყოფისას დაეყრდნო განსახილველ საქმეში განთავსებულ მოსარჩელის მიერ 2013 წლის აგვისტოში აღძრული სარჩელის ასლს, რომელზეც საქალაქო სასამართლოს მიღებული აქვს ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება. სარჩელში მოვალე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას, სარგებლის სახით, გადახდილი აქვს 7250 აშშ დოლარი, თუმცა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ გააგრძელა სარგებლის გადახდა და მოპასუხემ შეგნებულად, უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით, 2013 წლის ივლისამდე გააგრძელა ვადა და სოლიდური თანხების დაგროვების შემდეგ მოითხოვა ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მოითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასა და, პირგასამტეხლოს სახით, 17 550 აშშ დოლარის ნაცვლად, 7020 აშშ დოლარის განსაზღვრას (ტ. I, ს.ფ. 67-79).

11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში განთავსებულ ხელწერილზე, რომელსაც მხარეები აწერენ ხელს და ადასტურებენ, რომ 2012 წლის 24 მარტის ჩათვლით, მსესხებელმა 13 000 აშშ დოლარის 5%-იანი სარგებელი გადაიხადა (ტ. I, ს.ფ. 100).

12.სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა სწორედ ხელწერილში დასახელებული თანხების, ანუ იმ თანხების ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლას, რა თანხებსაც იგი 2013 წლის აგვისტოს თვეში აღძრულ სარჩელში თავად აკვალიფიცირებდა სარგებლად და სასამართლომაც, 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული თანხები სარგებლის სახით გადაიხადა (ტ. I, ს.ფ. 1-14).

13.სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად მიუთითა სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე,106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.

14. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელში მითითებული მსჯელობა, რომ მოვალე ეტაპობრივად, თანხის გადახდით, იხდიდა სესხის თანხის ძირითად ნაწილს.

15. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოვალის მიერ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის გადახდა.

16. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივრის დასაბუთება სააპელაციო საჩივრის არგუმენტების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).

18.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების, მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

24. საკასაციო სასამართლო განაცხადის დასაშვებობის უარყოფის შემდეგ არგუმენტებზე უთითებს :

24.1. კასატორი სადავოდ ხდის და მოითხოვს მოპასუხისათვის გადახდილი 7550 აშშ დოლარის ჩათვლას სესხად მიღებული ძირითადი თანხის ანგარიშში.

24.2.სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის [მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ) საფუძველზე, პრეიუდიციულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (სსსკ-ის 266-ე მუხლი; იხ. განჩინების მე-3 პუნქტი) დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი 7550 აშშ დოლარი და სესხის ხელშეკრულებაში მითითებული წინასწარ გადახდილი 1300 აშშ დოლარი, ე.ი. სულ 8850 აშშ დოლარი წარმოადგენდა მოვალის მიერ 13.04.2011წ. ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილ სარგებელს (იხ.განჩინების მე-9 პუნქტი).

24.3.სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის სარგებლად მიჩნევის თაობაზე, ასევე, ემყარება მოვალის მიერ 2013 წლის აგვისტოში აღძრულ სარჩელს, რომელზეც მიღებულია საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოსარჩელისა და მოპასუხის ხელმოწერებით დადასტურებულ ხელწერილს (იხ. წინამდებარე განჩინების 10-11 პუნქტები).

24.4. კასატორს, წინამდებარე განჩინების 24.2.-24.3. პუნქტებში აღნიშნული გარემოებების გასაქარწყლებლად, არ მიუთითებია დამაჯერებელ და სარწმუნო მტკიცებულებაზე.

25.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის უარყოფის სამართლებრივი საფუძველია.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ღ-ს (პ/ნ 3...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 625 ლარის (საგადახდო დავალება №154, გადახდის თარიღი 2016 წლის 1 თებერვალი), 70% – 437.5 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე