საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1297-1217-2015 4 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – კ. ო-ე, გ. და თ. ო-ეები (კანონიერი წარმომადგენელი მ. გ-ე) (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმება და ამორიცხვა თანამესაკუთრეთა სიიდან
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ო-ეს (შემდეგში მოსარჩელე) ჰყავს შვილი კ. ო-ე (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კასატორი), ხოლო თ. და გ. ო-ეები (შემდეგში: მოსარჩელის შვილიშვილები, შესაბამისად, მეორე და მესამე მოპასუხეები, კასატორები) არიან პირველი მოპასუხის შვილები.
2. პირველი მოპასუხე დაბადებულია 1973 წლის 21 ნოემბერს, რომელიც დაბადებიდან, მათ შორის, 1990-1993 წლებშიც, მუდმივად ცხოვრობს ზ-ის სოფელ ქვედა ს-ში მდებარე სახლში; მეორე მოპასუხე დაიბადა 2000 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე მოპასუხე - 2001 წლის 22 დეკემბერს (იხ. ს.ფ.21-24).
3. უძრავი ქონება - 3067 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები [ს/კ №3...], (შემდეგში უძრავი ნივთი ან სადავო უძრავი ქონება) საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელისა და მოპასუხეების თანასაკუთრებად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 173.1-ე მუხლი, 311-ე მუხლი.; იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
4. მოსარჩელე 1964 წლიდან მუდმივად, კოლმეურნეობის გაუქმებამდე, იყო ზ-ის სოფელ ქვედა ს-ს ,,კ–ის’’ სახელობის კოლმეურნეობის წევრი. ამავე სოფლის საკრებულოს 1992 წლის 23 ოქტომბრის №2 დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელეს და მის ოჯახს, მიწის მიღება-ჩაბარების №40 აქტით, გადაეცა 7477 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ეზო, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით.
5. მოსარჩელესთან ერთად, 1997-2006 წლებში, კომლის წევრებად ირიცხებოდნენ მოსარჩელის მეუღლე ლ. ო-ე (რომელიც გარდაიცვალა 2014 წლის 22 ოქტომბერს; იხ. ს.ფ. 25), მისი შვილი და შვილიშვილები.
6.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილება შევიდა და უძრავ ნივთზე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) გაუქმდა მეორე და მესამე მოპასუხეების (მოსარჩელის შვილიშვილების) საკუთრების უფლება, ისინი ამოირიცხნენ თანამესაკუთრეთა სიიდან. მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმებასა და თანამესაკუთრეთაგან მის ამორიცხვაზე არ დაკმაყოფილდა; სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებად უნდა აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში.
7. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად ჩათვალა, რომ 1992-1993 წლიდან კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლმა არსებობა შეწყვიტა, შესაბამისად, გაუქმდა მოსარჩელის კომლი და კომლის საერთო ქონება გადაიქცა ამ პერიოდში კომლში მცხოვრები წევრების - მოსარჩელის, მისი მეუღლისა და შვილის თანასაკუთრებად.
8.სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ - ის, 1964 წლის რედაქციით, 122–ე, 123-ე და 125-ე მუხლები; საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება.
9. რაიონულმა სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა: ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს №29 დეკრეტის საფუძველზე (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი), დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა, ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და, შესაბამისად, მის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ.) 122-125 მუხლების შესაბამისად, თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.
10. ამავე სამართლებრივი დასაბუთებით, სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პოზიცია, რომ მასთან ერთად, მისი შვილებიც კომლის წევრები არიან და მათ ისევე მიიღეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც მოსარჩელის შვილმა. სასამართლომ მიუთითა პირველი მოპასუხის შვილების დაბადების წლებზე (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) და აღნიშნა, რომ მოსარჩელის შვილიშვილები კომლის გაუქმების და მიწის ნაკვეთის გადაცემის პერიოდისათვის არ იყვნენ მოსარჩელის კომლის წევრები და მათ არ მიუღიათ თანასაკუთრების უფლება კომლის ქონებაზე, ისინი არ წარმოადგენენ სადავო ქონების თანამესაკუთრეებს.
11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით, სარჩელის უარყოფა.
12. მოპასუხეთა პრეტენზიით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული # 40 აქტის საფუძველზე, მოსარჩელეს და მის ოჯახს გადაეცა 7477 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ კომლში, მოსარჩელის ოჯახში ცხოვრობს მისი შვილი დაბადებიდან დღემდე, კომლის ქონება მათი საერთო ქონებაა და ის არასოდეს ყოფილა გაყოფილი. 1997-2006 წლებში მოსარჩელის კომლის წევრებად ირიცხებოდნენ შვილი და შვილიშვილები. შესაბამისად, მოსარჩელის შვილის მსგავსად, შვილიშვილებიც წარმოადგენენ ქონების თანამესაკუთრეებს და მათი თანასაკუთრების თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმება უკანონო იყო.
13. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის ცხოვრობს მამაპაპისეულ სახლში, რომელიც კეთილმოწყობილია მისივე ხარჯებით, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია მის სახელზე, მიწის ნაკვეთი, რომელსაც მართლზომიერად ფლობდა, ასევე მისი საკუთრებაა, მან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეივსო 7477 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. შვილს არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენაში, მას თანასაკუთრების უფლება არ გააჩნია სადავო ქონებაზე, შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უნდა გაუქმებულიყო საჯარო რეესტრის ჩანაწერი, მოსარჩელის შვილის თანასაკუთრების უფლების შესახებ.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოდავე მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა მათი სამართლებრივი შეფასება.
16. სსკ-ის 1507-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე, მას შემდეგ, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, გამოყენებული უნდა ყოფილიყო, როგორც 1964 წლის რედაქციით, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
17. სასამართლომ წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, დაასკვნა, რომ მოსარჩელის შვილი სადავო ქონების თანამესაკუთრეა, ვინაიდან კომლის გაუქმების მომენტში, იგი კომლის წევრი იყო, ხოლო მოსარჩელის შვილიშვილების კომლში აღრიცხვა 2000 და 2001 წლებში, ვერ გახდებოდა მათთვის რაიმე სახის ქონებრივი, მათ შორის, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. აღნიშნული ფაქტი შეიძლებოდა მათი რეგისტრაციის ფაქტად განხილული “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
18. მოპასუხეეებმა (მოსარჩელის შვილმა და შვილიშვილებმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შევიდა ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში და სადავო უძრავ ნივთზე გაუქმდა მოსარჩელის შვილიშვილების საკუთრების უფლება, შესაბამისად, ისინი ამოირიცხნენ თანამესაკუთრეთა სიიდან. მითითებულ ნაწილში, მოპასუხეებმა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვეს სარჩელის უარყოფა.
19. საკასაციო განაცხადის პრეტენზიები შემდეგ საფუძვლებს მოიცავს:
19.1.სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების კომლის წევრობა სადავოდ არ გაუხდია, არც 1992 წელს და არც 2000-2001 წლებში, შესაბამისად, მოთხოვნა კომლის ჩანაწერის გაუქმებაზე ხანდაზმული იყო სსკ-ის 128-ე, 129-ე მუხლების თანახმად.
19.2. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვით, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ.
19.3. საჯარო რეესტრი კომლის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საარქივო ამონაწერის საფუძველზე, 2006 წლის მდგომარეობით, რადგან 2006 წლის შემდეგ კომლის წევრად ჩაწერა აღარ ხდება და საკომლო წიგნები გადაცემული აქვს არქივს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შვილიშვილები კანონიერად მიიჩნევიან კომლის წევრებად და მათი თანასაკუთრების უფლების გაუქმება უკანონოა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი უარყოფილია დასაშვებობის ეტაპზე, შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
24.სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (იხ.წინამდებარე განჩინების 15-17 პუნქტები) შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: საქმე # ას-988-1242-05, 27.07.2006წ.; საქმე # ას-502-478-2013, 27.12.2013წ., საქმე # ას -150-140-2014, 30.12.2014წ.; საქმე # ას-1350-1387-2014, 27.07.2015წ., ) .
25. საკასაციო სასამართლომ კომლის წევრთა საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმის შესახებ განმარტა შესაბამის აქტებზე მითითებით (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი) და აღნიშნა, რომ 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით, საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის მოსპობის შემდეგ დარჩენილი ქონების გაყოფა წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად,საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. „კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი (ინდივიდუალური) შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი“ (სუსგ # ას-502, 478-2013,27.12.2013წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის. ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და, ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ ექცეოდა საკოლმეურნეო კომლის ქონების რეჟიმში და, შესაბამისად, კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაა თანასაკუთრების უფლებით, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
28. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ მოსარჩელის შვილიშვილები, წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით არ არიან სადავო ქონების თანამესაკუთრეები, ვინაიდან კომლის სამართლებრივი რეჟიმის ცვლილებისას (1993 წელი), ისინი არ იყვნენ კომლის წევრები, რაც თანასაკუთრების უფლების წარმოშობის კანონისმიერი საფუძველია.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ, დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ ნორმებთან ერთად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის სამართლებრივი შედეგის დასასაბუთებლად (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), სადავო ქონების მოსარჩელისა და მისი შვილის თანასაკუთრებად აღიცხვის თაობაზე (მოსარჩელის შვილიშვილებისაგან შესაბამისი წილის დასაბურუნებლად) გამოყენებული უნდა იქნეს, ასევე, სსკ-ის 991-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის დეფინიციით: „პირი, რომელიც სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული“.. განსახილველ შემთხვევაში, საკოლმეურნეო კომლის წევრებად უძრავ ნივთზე არაკანონიერად ირიცხებოდნენ მოსარჩელის შვილიშვილები (იხ. განჩინების მე-6 პუნქტი), რომლებიც ამოირიცხნენ თანამესაკუთრეთა სიიდან, როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ქონებაზე რეგისტრირებული მესაკუთრეები. შესაბამისად, სახეზე იყო კომლის წევრებად არასწორად აღრიცხულ პირთა გამდიდრება სხვა საშუალებით ანუ მათი, მესაკუთრის უფლებით, არამართლზომიერად დარეგისტრირებით. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სხვა საშუალებით გამდიდრებული პირის ვალდებულებას, დაუბრუნოს მიღებული იმ პირს, რომლის ხარჯზეც იგი გამდიდრდა. მოცემულ დავაში, სახეზეა რამდენიმე პირისაგან შემდგარი ურთიერთობა, რომელშიც უსაფუძვლო გამდიდრების საგნის - უძრავ ნივთზე მოსარჩელესთან ერთად, მეორე და მესამე მოპასუხეების თანასაკუთრებად (მოსარჩელის შვილიშვილების რეგისტრაცია კომლის ქონების თანამესაკუთრეებად) რეგისტრაციით ანუ საკუთრების უფლების მიღებით, არამართლზომიერი ჩარევა მოხდა მოსარჩელის (უფლების დამკარგავის) უფლებაში. 991-ე მუხლის, როგორც ხელყოფის კონდიქციური ვალდებულების მიზანია, უსაფუძვლოდ მიღებულის დაბრუნება იმ პირისათვის, რომლის ხარჯზეც თუნდაც შეცდომით გამდიდრდა სხვა პირი.
30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (იხ. ამ განჩინების 19.1. ქვეპუნქტი) და განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით სარჩელის უარყოფა, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია, მან რაიონულ სასამართლოში სამართალწარმოებისას სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, (იხ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება -ს .ფ. 79. პ.2 - მოპასუხის პოზიცია, ასევე, სააპელაციო საჩივარი - ს.ფ.85-94)
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ო-ის, გ. და თ. ო-ეების (კანონიერი წარმომადგენლის მ. გ-ის) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კ. ო-ეს (პ/ნ 1...), გ. ო-ესა (პ/ნ 1...) და თ. ო-ეს (პ/ნ 1...) (კანონიერ წარმომადგენელს მ. გ-ეს (პ/ნ 1...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. გ-ის (პ/ნ 1...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2016 წლის 20 იანვარი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე