საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-200-შ-4-2016 5 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ზ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება №173 F 15332/11
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2009 წლის 3 ივლისს დაქორწინდნენ საქართველოს მოქალაქე შ. შ-ი (შემდეგში შუამდგომლობის ავტორი) და უკრაინის მოქალაქე ი. ზ-ა (შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე).
2. გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი აღძრა მოწინააღმდეგე მხარემ და მოითხოვა შუამდგომლობის ავტორთან განქორწინება.
3. გერმანიის სასამართლომ, 2015 წლის 25 მაისს, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, განიხილა წყვილის განქორწინების საკითხი და სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ისინი სამ წელზე მეტია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მიაჩნიათ, რომ მათი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ორივე თანახმაა განქორწინებაზე.
4. გერმანიის სასამართლომ პირადად გამოჰკითხა წყვილი და გადაწყვეტილებაში ისიც აღნიშნა, რომ განქორწინების შემთხვევაში, არ განხორციელდებოდა საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნები.
5. გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის # 173 F15332/11 გადაწყვეტილება, იმავე წლის 30 მაისიდან, შესულია კანონიერ ძალაში.
6. შუამდგომლობის ავტორმა 2016 წლის 20 იანვარს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ამასთან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში.
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით განსახილველად მიიღო შუამდგომლობა.
8. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, 2016 წლის 9 თებერვალს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გზავნილი ჩაჰბარდა ამავე წლის 25 თებერვალს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის # 173 F15332/11 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეები პირადად ესწრებოდნენ გერმანიის სასამართლოში განქორწინების საქმის განხილვას, ერთმანეთის მიმართ რაიმე ქონებრივი ვალდებულებები არ აქვთ შესასრულებელი, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე (იხ. ამ განჩინების 2-5 პუნქტები).
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის # 173 F15332/11 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა შ. შ-სა და ი. ზ-ას შორის ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე