Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-620-შ-10-2016 8 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ი III

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ იორკის კინგსის ოლქის სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №51968/2015

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის ნიუ იორკის კინგსის ოლქის სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის N 51968/2015 გადაწყვეტილებით ნ. ა-ი ს-ის (შემდეგში შუამდგომლობის ავტორი) მიერ აღძრული სარჩელი მოპასუხე ა. ს-ი III (შემდეგში მოწინააღმდეგე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და მათ შორის შეწყდა ქორწინება.

2. დასახელებული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ წყვილს შორის ქორწინების შეწყვეტის მიზეზი გახდა ურთიერთობაში, სულ მცირე ბოლო 6 თვის მანძილზე, გამოუსწორებელი კრიზისი; მათ არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, მხარეებს არ მოუთხოვიათ სამართლებრივი განაწილება, საქორწინო მხარდაჭერა, ადვოკატის და/ან საექსპერტო გადასახადები.

3. დასახელებული გადაწყვეტილებით, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობის ავტორი გაანახლებს თავისი ქორწინებამდელი გვარის - ა-ი, გამოყენებას.

4. ნ. ა-მა 2016 წლის 17 თებერვალს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მხარეები წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატებით და გადაწყვეტილება უდავოდ იქნა მიღებული.

6. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 4 იანვრიდან და იგი აღსრულებულია აშშ-ის ტერიტორიაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული საკასაციო სასამართლოს განჩინება თანდართული მასალებით, 2016 წლის 9 მარტს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გზავნილი ჩაჰბარდა ამავე წლის 15 აგვისტოს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალები).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აშშ-ის ნიუ იორკის კინგსის ოლქის სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის N 51968/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა შუამდგომლობის ავტორმა, წყვილს არ ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ ქონებრივი ვალდებულებები, მხარეები სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატებით.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ იორკის კინგსის ოლქის სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის N 51968/2015 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ქორწინება ნ. ა-სა და ა. ს-ი III-ს შორის .

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე