საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-815-შ-16-2016 5 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ჰ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჰ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება №350 F276/14
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს მოქალაქე მ. ჰ-ი (ქორწინებამდელი გვარი - დ-ე, დაბადებული 03.10.19..წ.; შემდეგში შუამდგომლობის ავტორი) და გერმანიიის მოქალაქე რ. ჰ-ი (დაბადებული 21.07.19..წ; შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე) 2006 წელს 22 მაისს დაქორწინდნენ (ქორწინების რეესტრის # 311).
2. გერმანიის, ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის ავტორმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.
3. გერმანიის სასამართლომ, 2015 წლის 19 აგვისტოს, ზეპირი მოსმენით, განიხილა საქმე და დააკმაყოფილა სარჩელი: 1. წყვილს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა; 2. მეუღლეების ქონებრივი წილების გათანაბრება არ მომხდარა; 3. საპროცესო ხარჯების გადახდა დაეკისრა თითოეულ მხარეს.
4. გერმანიის, ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს # 350 F276/14 გადაწყვეტილება, იმავე წლის 11 აგვისტოდან, შესულია კანონიერ ძალაში.
5. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ა. კ-მა (იხ. საქმეში მინდობილობა - სანოტარო აქტი # 1601922821, 01.03.2016წ.- გაცემული ორი წლით), 2016 წლის 2 მარტს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ამასთან აღნიშნა, რომ წარმოდგენილია მოწინააღმდეგის კანონით დადგენილი წესით გაცემული თანხმობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასთან დაკავშირებით.
6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 14 მარტის განჩინებით განსახილველად მიიღო შუამდგომლობა.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, აღარ გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს იმ დასაბუთებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მისივე კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობა (იხ. განჩინების მე-5 პუნქტი), რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურულ ნაწილზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს # 350 F276/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეებმა თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე, ერთმანეთის მიმართ რაიმე ქონებრივი ვალდებულებები არ აქვთ შესასრულებელი, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე (იხ. ამ განჩინების 2-7 პუნქტები).
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებული მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება გერმანიის სასამართლო გადაწყვეტილოების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჰ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს # 350 F276/14 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მ. ჰ-სა და რ. ჰ-ს შორის ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე