საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-68-65-2016 15 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. გ-მა (შემდეგში: მოსარჩელე, გამჩუქებელი, მამა, კასატორი) ქ. ქობულეთში, თ-ის ქუჩა №15-ში მდებარე №4 საცხოვრებელი ბინის (ს/კ №...; შემდეგში: უძრავი ნივთი, ბინა) კუთვნილი წილი, რომელიც თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელისა და მისი დის - ლ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელის და ან მამიდა) სახელზე, 2012 წლის 23 აპრილს, აჩუქა შვილს, ბ. გ–ს (შემდეგში: მოპასუხე, დასაჩუქრებული, მოსარჩელის ან კასატორის შვილი). უძრავი ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 524-ე მუხლი, 525-ე მუხლის მეორე ნაწილი).
2. მოსარჩელის და აღიარებულია ქმედუუნაროდ და, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, მის მეურვედ დანიშნულია მოსარჩელე (იხ. სსიპ სოციალური სააგენტოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 8-9)
3. მოსარჩელე და მისი და, 13.11.2009 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხებიან და იღებენ საარსებო შემწეობას (იხ. ამონაწერი- ს.ფ.10)
4. სადავო ქონება წარმოადგენს სამ ოთახიან ბინას, რომლის ორი ოთახი (ქუჩის მხრიდან) გაქირავებულია და მასში მოწყობილია მაღაზია. ეს ფართი წლების მანძილზე იყო გაქირავებული, მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვამდე. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამი წლის განმავლობაში გაქირავებული ფართიდან მისაღები ქირის სანაცვლოდ, მოპასუხე და მისი ოჯახი ცხოვრობდა დამქირავებლის კუთვნილ ფართში, ხოლო შემდეგ, მეუღლის მშობლების სახლში და სხვა საცხოვრებელი ფართი ან უძრავი ქონება, გარდა ჩუქებით მიღებულისა, მოპასუხეს არ გააჩნია.
5. მოპასუხემ, ჩუქების გაფორმების შემდეგ, გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა ბინაში, გალესა გარე კედელი, კოსმეტიკური რემონტი ჩაატარა სახლში, რომლის შედეგად ჩუქებით მიღებული ქონების მდგომარეობა გაუმჯობესდა (იხ. ს.ფ.117).
6. ბინის მჩუქებელმა 2015 წლის 20 მარტს სარჩელი აღძრა შვილის წინააღმდეგ და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოპასუხემ მოატყუა, არ იჩენს ყურადღებას მამისა და მამიდისადმი.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გამჩუქებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 56-ე, 81-ე, 524-ე. 526-ე, 529-ე და 530-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მჩუქებლისადმი დიდი უმადურობის გამოჩენის ან/და მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ისევე, როგორც ჩუქების ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი.
9. სასამართლომ, მტკიცებულებათა შეფასებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ დასაჩუქრებული მჩუქებლისადმი უმადურობას არ გამოხატავდა და შეურაცხყოფას არ აყენებდა მას; მოსარჩელემ ვერ შეძლო დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე.
10. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე, ერთი მხრივ, უთითებდა სსკ-ის 526-ე, 529-530-ე მუხლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სადავოდ ხდიდა გარიგების ნამდვილობას 81-ე მუხლის მიხედვით (მოტყუება).დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, შეცილების შემდეგ, სასამართლოში დავისას, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა გარიგების მოტყუებით დადება ისეთი მტკიცებულებების წარდგენითა და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებდნენ მოტყუების ფაქტს.
11.მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი იყო. ერთ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებდა, რომ კუთვნილი 1/2 წილი გადაუფორმა შვილს, ხოლო ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ იზრუნებდა მამასა და მამიდაზე; მეორე შემთხვევაში კი მჩუქებელი უთითებდა, რომ შვილმა მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩუქების ხელშეკრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მჩუქებელმა იცოდა, რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს, ამდენად, სსკ-ის 81-ე მუხლზე დაყრდნობით სარჩელის დასაბუთებულობის მტკიცება უსაფუძვლო იყო, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოტყუების ფაქტს.
12. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვრულიყო, იჩენდა თუ არა დასაჩუქრებული მჩუქებლისადმი უმადურობას, ან იყო თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. სასამართლომ იმსჯელა, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
13. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩუქების გაუქმების საფუძველი, მხოლოდ დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობა ან გამჩუქებლის მძიმე შეურაცხყოფა შეიძლება გახდეს, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რატომ უნდა მიჩნეულიყო უმადურობად ან შეურაცხყოფად, რომ მოპასუხე არ ცხოვრობდა ნაჩუქარ ბინაში, არ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. იმ პირობებში, როცა მოპასუხე არ ცხოვრობს ბინაში და კომუნალური გადასახადები მოსარჩელის ბინაში ცხოვრების ფაქტთან არის დაკავშირებული და ა.შ. ამასთან, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მის მიერ მითითებული ფაქტები, რაც არ განუხორციელებია.
14. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შემოსავლის ორდერებით, არ დგინდებოდა, რომ მოპასუხის მიერ გაქირავებულ ფართში (სადაც მაღაზიაა მოწყობილი) მოხმარებულ კომუნალურ ხარჯებს იხდიდა მოსარჩელე, ამასთან, გასათვალისწინებელი იყო წარმოებული გადასახადების ოდენობაც.
15. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დაკითხული მოწმის განმარტებაზე, რომ დასაჩუქრებულის მეუღლის დავალებით მას პერიოდულად, კვირაში ერთხელ უნდა დაელაგებინა ნაჩუქარი ბინა, სადაც მჩუქებელი ცხოვრობდა, რის სანაცვლოდაც დასაჩუქრებული უხდიდა თანხას. მოწმემ იმაზეც ისაუბრა, რომ იგი ალაგებდა სახლს, მოპასუხის მეუღლის დავალებით აბანავა კიდეც მოსარჩელის და. ერთხელ ბინაში, რომ მივიდა, არეულ-დარეული დახვდა იქაურობა, ბოთლები ეყარა, მოსარჩელეს თავი მაგიდაზე ჰქონდა ჩამოდებული. მოწმემ შეიტყო, რომ ხშირად სვამდა მოსარჩელე და ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ სხვა დროს იმ ბინაში მისვლა. მოწმემ მისი მეზობლისაგან ისიც იცოდა, რომ მოპასუხემ რემონტი გააკეთა, შპალიერი გააკრა, რადგან თავად ამ მეზობლის გაკეთებული იყო ეს სამუშაოები. (იხ. მოწმის განმარტება - 09.06.2015წ. 15:59წთ.)
16.სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება სხვა მოტივებით, მჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც მჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავდა მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობდა. ასაკოვანი მშობლის რჩენის ვალდებულება მოპასუხეს არა ჩუქების ხელშეკრულებიდან, არამედ შრომისუუნარო მშობლის რჩენის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე გააჩნია, რაც ემიჯნება ჩუქების ურთიერთობიდან წარმოშობილ მოვალეობებს.
17. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განცხადება იმის შესახებ, რომ ბინის ქირას იღებდა მხოლოდ მოპასუხე, მის მოთხოვნას არ ასაბუთებდა. თუკი მხარის ინტერესი არის ქირის მიღება, ამ დავის ფარგლებში მისი უფლების რეალიზება ვერ მოხდება და ამ გარემოებაზე მითითება ვერ დაედება საფუძვლად ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას.
18. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს არასოდეს უმტკიცებია, რომ სადავო ბინას შემოსავლის წყაროდ იყენებდა. შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებისა და შესაგებლის წარდგენის ვალდებულება არც მოპასუხეს ჰქონია; იმ გარემოებაზე მითითება, რომ დასთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის აღრიცხული მოპასუხე და სახელმწიფოსაგან ღებულობს დახმარებას, რომლითაც ყიდულობს საჭირო მედიკამენტებს, ასევე პენსიით, იხდის გადასახადებს, აკეთებს სანტექნიკასა და სხვა წვრილმან რემონტს, არ წარმოადგენს იმის მტკიცებას, რომ მოსარჩელე გაჩუქებულ ბინას შემოსავლის წყაროდ იყენებდა.
19. მჩუქებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
20. სააპელაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს მოიცავს:
20.1 სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელისა და მეზობლების განმარტება, რომ არ იცის ქართული წერა-კითხვა. შვილმა წაიყვანა რეესტრში, რაღაც დოკუმენტზე მოაწერინა ხელი და დაჰპირდა შერიგებას და მზრუნველობას (მათ შორის სულ დაძაბულობა იყო), აღნიშნული დასტურდება ხელშეკრულებაზე რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერით;
20.2 . საჯარო რეესტრში მისთვის არავის განუმარტავს უფლება-მოვალეობები, არ წაუკითხავთ გარიგების შინაარსი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მას სჭირდებოდა თარჯიმანი;
20.3. სასამართლომ შეაფასა მხოლოდ მოპასუხის მოწმეთა ჩვენებები და არ გაითვალისწინა მისი მეზობლების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მოპასუხის მიერ კარების შემომტვრევის ფაქტი, ბინაში ავარიული მდგომარეობის არსებობა და მხარეთა შორის დაძაბულობის არსებობა, ასევე ის, რომ მეზობლები ზრუნავენ მასზე და მისი დის კვებაზე;
20.4 . სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბინის გაჩუქებით გაუარესდა მისი ინვალიდი დის მდგომარეობა, რომლის თანხმობა ფართის გაჩუქებაზე არ არსებობდა. ასევე მოპასუხე არ ზრუნავს მამასა და შშმ მამიდაზე, კომუნალურ გასდასახადებსაც მოსარჩელე იხდის. მჩუქებელი ჩუქების ხელშკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, დასაჩუქრებულს მოსთხოვა ეზრუნა მამასა და მამიდაზე, შვილმა კი შეურაცხყოფა მიაყენა მამას და უარი განაცხადა დაპირების შესრულებაზე.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
22. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობროვი გარემოებები და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები იმის თაობაზე, რომ ჩუქების გაუქმების საფუძვლად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული იყო.
23. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომელიც ამ განჩინების მე-10 პუნქტშია მითითებული და განმარტა, რომ თუკი გარიგება დადებულია მოტყუებით, იგი ბათილია, სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს და ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს ჩუქების, როგორც ნამდვილი გარიგების გაუქმებისათვის სსკ-ის 529-530-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების კვლევის აუცილებლობა. თუკი გარიგება ნამდვილია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს გარიგების გაუქმების წინაპირობად დასახელებული ნორმებით მიჩნეული გარემოებები.
24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით,მართებულადაა შეფასეული ფაქტები, დასაბუთებულია დასკვნა, რომ არ არსებობდა არც მოტყუებით დადებული და არც თვალთმაქცური გარიგება, რაც შეიძლებოდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გამხდარიყო.
25. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იყო დადგენილი, რომ დასაჩუქრებულის მჩუქებლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ გამოუვლენია დიდი უმადურობა, ასევე, ბინის ჩუქების შემდეგ, არ გაუარესებულა მჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობა, რაც გამორიცხავდა გარიგების გაუქმების შესაძლებლობას.
26. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა, სსკ-ის 529-530-ე მუხლების საფუძველზე, ჩუქების ხელშკრულების გაუქმების შესაძლებლობას.
27. სსკ-ის 524-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სსკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“, ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით.
28. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად მჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
29. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავისადმი.
30. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.
31.სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.
32. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს- ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლისადმი, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
33.სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
34. სსკ-ის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
35. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩუქების გაუქმებამდე, ჯერ კიდევ სამი წლით ადრე, 2009 წლიდან, მოსარჩელე დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველთა და შემწეობის მიმღებთა რეესტრში, ამ პერიოდიდან (2009 წლიდან) დღემდე, საცხოვრებელი სახლის კომერციული ფართიდან მიღებული შემოსავლით სარგებლობდა მოპასუხე, რომელიც თავდაპირველად ქირის თანხის მიღების სანაცვლოდ მოიჯარის საცხოვრებელი ფართით სარგებლობდა, რაც დასტურია იმისა, რომ ჩუქების გაფორმების შემდეგ არ მომხდარა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება.
36. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
37.საკასაციო საჩივრის საფუძვლები სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების იდენტურია (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი).
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდგი არგუმენტაციით:
39. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
40.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
41.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-1235-1176-2014, 24.02.2015 წ., # ას-471-450-2015, 20. 11. 2015 წ., # ას-710-676-2015, 22.09.2015 წ.).
42.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
43.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
44.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
44.1. მჩუქებელი შვილთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებულმა ის მოატყუა, დაჰპირდა, რომ უპატრონებდა და მზრუნველობას გამოიჩენდა, მაგრამ მამას და შშმ მამიდას ყურადღებას არ აქცევს, ბინის ქირასაც მოპასუხე იღებს; ხელშეკრულების დადების შემდეგ, მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მას დასაჩუქრებულმა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და დიდი უმადურობა გამოიჩინა.
44.2.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 21-37 პუნქტები) და მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, ვინაიდან სახეზეა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი.
44.3. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებებით ვერ დასაბუთდა, რომ ჩუქების ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო, ან იგი თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა მისთვის მოპასუხის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და/ან დიდი უმადურობის გამოვლენისა და, ჩუქების გაფორმების შემდეგ, მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტი.
44.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 529-ე, 530-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.
45.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დასაშვებად ცნობისა და განსახილველად მიღების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე