საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-72-69-2016 4 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ,,ბ-თ’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე-ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს "ე-ის" სარჩელი შპს "ბ-ის" წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს "ბ-მა", მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს "ბ-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "ბ-მა". კასატორი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით, კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1382.67 (ათას სამას ოთხმოცდაორი ლარისა და სამოცდაშვიდი თეთრის) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
უზენაესი სასამართლოს განჩინება შპს "ბ-ის" დირექტორს, ვ. ც-ეს 2016 წლის 11 თებერვალს პირადად ჩაჰბარდა.
2016 წლის 29 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს "ბ-ის" დირექტორმა, ვ. ც-ემ და ითხოვა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 20 დღით, იმ დასაბუთებით, რომ კომპანიას აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მას გარკვეული დრო სჭირდება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 3 დღით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინება შპს „ბ-ის“ დირექტორს პირადად ჩაჰბარდა, 2016 წლის 16 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "ბ-ის" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1382.67 (ათას სამას ოთხმოცდაორი ლარისა და სამოცდაშვიდი თეთრის) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 16 მარტს, სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, პირადად ჩაჰბარდა შპს "ბ-ის" დირექტორს, ვ. ც-ეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო, ხარვეზი შეევსო 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის განხილვისას, მნიშვნელოვანია მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და მათი ინტერესების ბალანსის სამართლიანად დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ხარვეზის შესავსებად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის გათვალისწინებით, საკმარისად გონივრული ვადა - 20 დღე განესაზღვრა, რა ვადაშიც მან ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, ხოლო შუამდგომლობით მოთხოვნილი დამატებით 20 დღით საპროცესო ვადის გაგრძელება, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელმეორედ მისცა კასატორს შესაძლებლობა, აღმოეფხვრა ხარვეზი. საკასაციო სასამართლომ სამი დღით გაუგრძელა საპროცესო ვადა კასატორს, მოდავე მხარეთა ინტერესების გონივრული და სამართლიანი შეპირისპირების გათვალისწინებით, რადგან სასამართლო დავის თითოეულ ინსტანციაში სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ საპროცესო ხარჯებთან (სსსკ-ის 37-39 მუხლები), რაც დავის დაწყებისთანავე ცნობილია მხარეთათვის. კანონითვეა დადგენილი სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების საფუძვლებიც, რომლებიც არ ვრცელდება იურიდიულ პირზე, და მათი გადახდის გადავადების ან შემცირების საფუძვლები (სსსკ-ის 46-49 მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ბ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, ამასთან, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია შუამდგომლობა თანდართული შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც მისცემდა სასამართლოს საფუძველს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ-ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი