საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-103-99-2016 8 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,G..’’ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება ( შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,G..”-სა (შემდეგში: მენარდე) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: შემკვეთი) შორის, 2014 წლის 13 მარტს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7.1/30/81 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა დაწესებულებაში მენარდეს უნდა ჩაეტარებინა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის და ,,მდფ”-ის კარებების მოწყობითი სამუშაოები, რომლის ღირებულება 488 882,61 ლარს შეადგენდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი, ტ. I, ს.ფ. 15-20).
2. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.1 %, ან ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იმ შემთხვევაში, თუ მხარე ნაწილობრივ შეასრულებდა ხელშეკრულებას (სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლები, ტ. I, ს.ფ. 15-20).
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მენარდემ ვადის დარღვევით შეასრულა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი შემკვეთის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მენარდის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო შემცირდა 49 279.38 ლარით, ხოლო შემკვეთის შეგებებული სარჩელი მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 21 119.72 ლარი.
5. შემკვეთმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება მენარდის სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფილ ნაწილში, ამასთან, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის შესაბამისი ნაწილის დაკმაყოფილება.
5.1. შემკვეთის განმარტებით, პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა. ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ ვალდებულების შესრულების გარანტს, რათა უბიძგოს მოვალეს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებისაკენ. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეთა თავისუფლება გარანტირებულია სსკ-ის 319-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას;
5.2. განსახილეველ შემთხვევევაში მხარეებმა პირგასამტეხლო განსაზღვრეს ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შემკვეთის განმარტებით, მენარდისათვის ცნობილი იყო პირგასამტეხლოს შესახებ და რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, განესაზღვრა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. მხარეს გათვითცნობიერებული ჰქონდა ვალდებულების დარღვევისას მოსალოდნელი შედეგები;
5.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობისა, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნია 70 399.10 ლარის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად და, ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან შეფარდებით, გონივრული თანხით შეამციროს იგი. დაუსაბუთებელია, პირგასამტეხლოს 21 119.72 ლარამდე შემცირებას რა დაედო საფუძვლად, მით, უფრო, იმ პირობებში, როდესაც მხარე სადავოდ არ ხდიდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს. სასამართლოს მსგავსი დასაბუთება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს.
6.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები) და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო გარემოებად მიიჩნია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ, რომ მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლო - 70 399,10 ლარი, 2014 წლის 13 მაისიდან იმავე წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით, რაც გამომდინარეობს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 488 882,61 ლარიდან.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია ქვემდგომმა სასამართლომ, ვადაგადაცილებული დღეების და პირგასამტეხლოს შესაბამისი განაკვეთის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - 70 399,10 ლარი შეამცირა 0.03%-მდე ანუ 21 119.72 ლარამდე (488 882,61 ლარის 0,03% X144).
9.სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-418-ე და 420-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე განმარტა:
9.1. ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად;
9.2. სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებისას გაითვალისწინა, როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულებისადმი, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
9.3. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და სხვა;
10. ზემოთხსენებული გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და დასაბუთებულად შეამცირა იგი 0.03%-მდე, რაც განსახილველ შემთხვევაში თანაზომიერი და გონივრულია.
11. შემკვეთმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 დეკემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელში მითითებული პირგასამტეხლოს მენარდისათვის დაკისრება.
12. საკასაციო საჩივრის არგუმენტები სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები - # ას-1278-1220-2013 , 02.06,2014 წ., # ას-275-259-2014, 05.12.2014 წ., # ას-1157-1103-2014, 24 .12.2014 წ., # ას-783-740-2015, 22.10.2015 წ.).
17. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (წინამდებარე განჩინების 8-10 პუნქტები) შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარ პრაქტიკას პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე შემცირების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებისა და შემცირების თაობაზე განმარტა, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი შემცირებისას, ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა, რა დროსაც, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს (საქმე ას-783-740-2015, 22.10.2015წ.).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე