საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-154-150-2016 4 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ-ი(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე შ. გ-ის წინააღმდეგ მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა შ. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. ხ-მა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შ. გ-მა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით შ. გ-ის საჩივარი განუხილველად დარჩა.
2015 წლის 28 სექტემბერს, აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარმოადგინა შ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.
2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან, 5 (ხუთი) დღეში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმის მასალებში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის, ლ. ჭ-ის სიდედრს, ლ. ბ-ეს ჩაჰბარდა 2016 წლის 5 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართევლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან, 5 (ხუთი) დღეში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 5 მარტს, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის, ლ. ჭ-ის სიდედრს, ლ. ბ-ეს ჩაჰბარდა 2016 წლის 5 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 6 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 10 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ. გ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი