Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასმართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-171-166-2016 4 აპრილი, 2016 წელ

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –სს "ს-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს "ს-ის" სარჩელი მოპასუხე თ. მ-ის წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა თ. მ-მა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით თ. მ-ს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:

ა. თ. მ-ის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ყ-ი მოქმედი ადვოკატია;

ბ. სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება თ. მ-ის მეუღლეს, თ. ლ-ეს ჩაჰბარდა, 2016 წლის 10 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:

ა) თ. მ-ის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, მ. ყ-ი მოქმედი ადვოკატია;

ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 10 მარტს, სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს, თ. ლ-ეს (პ/ნ ...).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 11 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 15 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. მ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი