საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-304-289-2016 11 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ჯ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჭ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ას სარჩელი მოპასუხე შპს "ჯ-ის" წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ლ. ჭ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს "ჯ-მა", მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს "ჯ-ის" საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით ლ. ჭ-ას შუამგომლობა დაკმაყოფილდა და შპს "ჯ-იდან" გამოთხოვილ იქნა დოკუმენტები.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს "ჯ-მა" და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს "ჯ-ის" კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარმოადგინა შპს "ჯ-მა" და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "ჯ-ის" კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს "ჯ-ის" კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული და ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან შპს "ჯ-მა" კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ იძლევა, შპს “ჯ- ის“ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ-ის" კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი