საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1083-1020-2015 15 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ "შ-ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. კ-ე (შემდეგში: დასაქმებული, ყოფილი დიეტ-ექთანი, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე), 2005 წლიდან მუშაობდა ბაგა-ბაღში ექთნად, ხოლო 2011 წლის 18 იანვრიდან, "შ-ის" (შემდეგში: დამსაქმებელი, ბაგა-ბაღების გაერთიანება, მოპასუხე ან კასატორი) დირექტორის №22 ბრძანებით, დაინიშნა დიეტ-ექთნად.
2. დამსაქმებლის N29 ბრძანებით, 2014 წლის 3 იანვარს, მოსარჩელე კვლავ დაინიშნა დიეტ-ექთნად და მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N49 (საქართველოს შრომის კოდექსი, შემდეგში სშკ, მე-6 მუხლი).
3. დასაქმებულთან, ისევე, როგორც სხვა თანამშრომლებთან, ფორმდებოდა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რის გამოც, ყოველწლიურად, მორიგი ბრძანების საფუძველზე, ხელახლა ინიშნებოდნენ ისინი. დამსაქმებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №71 ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე და დამსაქმებლის დებულებისა და წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
4. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული წესდება დამტკიცებულია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 სექტემბრის № 06-67 ბრძანებით; წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი საშტატო ნუსხას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით.
5. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 2015 წლიდან ჩატარებული რეორგანიზაციით, 2014 წლის 1 იანვარს დამტკიცებული საშტატო ნუსხისგან განსხვავებით, მედდა დიეტოლოგის 2 საშტატო ერთეულის ნაცვლად, 2015 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხით, დარჩა მედდა დიეტოლოგის 1 საშტატო ერთეული, ანუ მედდა დიეტოლოგის 1 საშტატო ერთეული შემცირდა და შემოღებული იქნა ექიმის 1 საშტატო ერთეული.
6. ბაგა-ბაღში მედდა-დიეტოლოგის 1 საშტატო ერთეულზე გაერთიანების დირექციამ უპირატესობა მიანიჭა მედდა-დიეტოლოგს ნ. ფ-ეს, რომელიც 1977 წლიდან მუშაობდა ბაგა-ბაღის მედდად, ხოლო 2011 წლის 18 იანვრიდან - დიეტ-ექთნად.
7. დასაქმებულმა 2015 წლის 11 თებერვალს სარჩელი აღძრა ბაგა-ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ, მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, დავის მოწესრიგებისას, გამოიყენა სშკ-ის მე-2, მე-5, მე-8 და 37-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.
10. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებლის №71 ბრძანება დიეტ-ექთნის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ უკანონო იყო, ასევე ისიც, რომ დასაქმებულთან უვადო შრომითი ხელშეკრულება იყო გაფორმებული და ყოველწლიურად მისი გაგრძელება ფორმალური ხასიათის იყო. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესთან ფორმდებოდა ვადიანი, ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა განახლება ხდებოდა ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში. ასეთივე ხელშეკრულება გაფორმდა მასთან 2014 წლის 3 იანვარს, რომელსაც ვადა გაუვიდა იმავე წლის 31 დეკემბრს. დასაქმებულმა იცოდა, რომ მასთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რასაც ის ფაქტიც ადასტურებდა, რომ მან, 2014 წლის 24 დეკემბერს, განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება სთხოვა. გაერთიანების დირექტორმა დასაქმებულს აღარ გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 1 იანვრიდან, რისი უფლებაც მას სშკ-ის მე-5 მუხლით ჰქონდა.
11. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის №71 ბრძანება, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
12. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
13. დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარებოდა:
13.1. მცდარი იყო სასამართლოს დასკვნა, რომ დასაქმებული 2005 წლიდან გათავისუფლებამდე, მათ შორის, 2011 წლის 18 იანვრიდან დიეტ - ექთნად მუშაობისას, ერთწლიან შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან. მოსარჩელის განმარტებით, დამკვიდრებული პრაქტიკა ხელშეკრულებების ყოველწლიურად განახლება, რაც ფორმალური ხასიათის იყო, არ იცვლებოდა შინაარსობრივად და, ფაქტობრივად, ერთი დღითაც კი არ წყდებოდა დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა;
13.2. ბაგა-ბაღში რეალურად რეორგანიზაცია არ მომხდარა, დიეტ-ექთნის პოზიცია არ გაუქმებულა, ანუ მოპასუხის ქმედება ააიპ-ის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს ეწინააღმდეგებოდა;
13.3. დასაქმებული, სშკ-ის მე-6 მუხლით, უვადო შრომით ხელშეკრულებაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან და, ვადის გასვლის საფუძვლით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის №71 ბრძანება დიეტ-ექთნის გათავისუფლების შესახებ, იგი აღადგინეს პირვანდელ სამუშაოზე და, მის სასარგებლოდ, 2015 წლის 1 იანვრიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მიუღებელი ხელფასის სახით, თვეში 230 ლარი.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ დასაქმებული ბაგა-ბაღში და მის სამართალმემკვიდრე ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მუშაობდა 2005 წლიდან, შესაბამისად, მოპასუხესთან (და მის წინამორბედთან) მისი მუშაობა 5 წელს აღემატებოდა.
16. სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არის სპეციფიკური სამართლებრივი ურთიერთობა და იგი გამომდინარეობს კანონიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 38-ე მუხლის (არასამეწარმეო იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია) 11 მუხლის თანახმად: "არასამეწარმეო იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა - გამოყოფა) შერწყმა (გაერთიანება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის, რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით” (30.05.2013. №651). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ საკითხის გასარკვევად, რეორგანიზაციამდე არსებული ბაგა-ბაღის (სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული) სამართალმემკვიდრე არის თუ არა რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანება, სსკ-ის 38-ე მუხლისა და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში მეწარმეთა კანონი) 144 მუხლის (საწარმოს რეორგანიზაცია) პირველი პუნქტის თანახმად: საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: გარდაქმნა, შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) გამოყოფა; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად: "საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს (საწარმოების) სამართალმემკვიდრე". სასამართლომ დაასკვნა, რომ თავად კანონმა განსაზღვრა, რეორგანიზაციამდე არსებული საწარმოების სამართალმემკვიდრედ - ახალი საწარმო-ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანება.
17. სასამართლომ აღნიშნა, 2011 წლიდან შეიქმნა ბაგა-ბაღების გაერთიანება ააიპ - ის სამართლებრივი ფორმით, შესაბამისად, წინამორბედი ბაგა-ბაღი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ამ თარიღიდან აღარ არსებობდა და ის შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებთან ერთად შეერწყა ააიპ შ-ას. დასაქმებული მოპასუხე ბაგა-ბაღში და მის სამართალმემკვიდრე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მუშაობდა 2005 წლიდან, შესაბამისად, იგი უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფერბოდა დამსაქმებელთან (სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და 13 ნაწილი).
18. სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით, ამ მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება "საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 ნაწილის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება, მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება "საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ. სშკ ამოქმედდა 2010 წლის 27 დეკემბერს, ხოლო მითითებული ცვლილება(12.06.2013 N729) ამოქმედდა 04.07.2013 წელს.
19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის დასაქმების ხანგრძლივობა მოპასუხე ბაგა-ბაღში და შემდეგ მის სამართალმემკვიდრე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 9 წელზე მეტს შეადგენდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება მიჩნეული უნდა ყოფილიყო უვადოდ, რადგან მოსარჩელე ბაღში 5 წელზე მეტი მუშაობდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დასაქმებულის გათავისუფლება სამსახურიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით, რაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
20. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებული უნდა აღდგენილიყო გაერთიანების ბაგა-ბაღის დიეტ - ექთნად და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა, 2015 წლის 1 იანვრიდან, მის სამუშაოზე აღდგენამდე, მიუღებელი ხელფასი თვეში - 230 ლარი.
21. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 38-ე, 408-ე მუხლებით, მეწარმეთა შესახებ კანონის 144 მუხლით; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტის მე-6 მუხლით; 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლით; საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით; სშკ-ის პირველი, მე-6, 37-ე, 38-ე და 44-ე მუხლებით.
22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა.
23. კასატორი შემდეგ პრეტენზიებზე უთითებს:
23.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ერთი მხრივ, სასამართლო აცხადებს, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს კომპენსაცია ან ტოლფასი სამუშაო, ან აღდგეს იმ ადგილზე, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილია გაუქმებულ საშტატო ერთეულზე, რადგან საშტატო ნუსხიდან გარკვევით ჩანს, რომ დიეტ-ექთნის 2 საშტატო ერთეულიდან ერთი გაუქმებულია, რასაც ყოფილი დიეტ-ექთანიც არ უარყოფდა; სასამართლომ არც იმაზე იმსჯელა, არსებობს თუ არა ტოლფასი სამუშაო, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის დასაქმება.
23.2. მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანება წარმოადგენს წინამორბედი ბაგა-ბაღის სამართალმემკვიდრეს, რადგან საქმის მასალებით არ ჩანს, თუ რა ორგანიზაციული ფორმით არსებობდა წინა ბაგა-ბაღი, ხოლო ააიპ-ის სადამფუძნებლო დოკუმენტებში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ამდენად, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა განმარტებული სშკ-ის მე-6 მუხლი და მისი დამატებები, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის უწყვეტად მუშაობაზე მოპასუხესთან იმ პირობებში, როდესაც ბაგა-ბაღების გაერთიანება შეიქმნა 2011 წელს და აქედან ხუთი წელი არ არის გასული. ამდენად, დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს უვადოდ.
23.3. სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის განცხადება (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი).
24. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით, დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის საკასაციო განაცხადის პრეტენზია დასაბუთებულია დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, რის გამოც, სწორედ ამ ნაწილში დამატებითი კვლევისათვის საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნას, რომელიც დასაქმებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებას განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიიჩნევს (იხ. ამ განჩინების 18-19 პუნქტები), რადგან შრომითი ხელშეკრულების სტაბილურობა, კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის საფუძველს, რომელიც ამ განჩინების 23.2. ქვეპუნქტშია მითითებული, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ამ ნაწილში კასატორის პრეტენზიას არ აკმაყოფილებს.
27. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, (იხ. განჩინების 23.1. ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ დამატებით გამოიკვლიოს და შეაფასოს, დასაქმებულის აღდგენა რამდენად არის შესაძლებელი პირვანდელ სამუშაოზე, რათა საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანი იყოს და არ წარმოიქმნას სხვა ისეთი დავის საფუძველი, რომელიც განსახილველი საქმის სამართალწარმოების ფარგლებში უნდა გადაწყდეს საპროცესო ეკონომიის, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით.
28. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მიერ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენების საკითხზე, კერძოდ, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.; ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ზემოხსენებული გარემოება და შეაფასოს, რადგან მითითებული ფაქტის დადგენა მნიშვნელოვანია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა სოციალური სამართლიანობის პრინციპით შეფასდეს დამსაქმებლის ქმედება, ამასთან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, აღსრულებადი იყოს. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე,
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ "შ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ. კ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე