საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1071-შ-26-2016 6 მაისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ვ-ი
დავის საგანი – განქორწინება
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე – გერმანიის, ფრანკფურტის/მაინის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის 459 F 8043/14 S გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, ფრანკფურტის/მაინის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის 459 F 8043/14 S გადაწყვეტილებით შეწყდა კ. კ-ასა (შემდეგში მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) და ე. ვ-ს (შემდეგში განმცხადებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2008 წლის 22 ივლისს, საქართველოში, დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.
2. დასახელებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ განმცხადებელმა შეიტანა განცხადება განქორწინებაზე, სასამართლოში ორივე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. გერმანიის საოჯახო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე დაეთანხმა წარდგენილ განცხადებას ქორწინების შეწყვეტის შესახებ. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად ქორწინება დარღვეულია და თითოეული მათგანი, 2012 წლის მაისიდან, ცალ-ცალკე ცხოვრობს და თანახმა არიან განქორწინებაზე, რადგან აღარ აპირებენ ცოლქმრული თანაცხოვრების აღდგენას.
3. გერმანიის საოჯახო საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებითვე დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინების დროს შეძენილი ქონების განაწილების საკითხი არ განიხილება. მხარეებმა 2015 წლის 28 მაისს დადეს სამართლებრივი შეთანხმება, ქორწინების პერიოდში შეძენილი წილების გაყოფის საკითხზე, უზრუნველყოფასა და კომპენსაციის მიღების უფლების გამოყენებაზე და გამორიცხეს ქორწინების პერიოდში შეძენილი წილების გაყოფის საკითხი.
4. მოპასუხემ 2016 წლის 22 მარტს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყუნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 28 მაისიდან და იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული საკასაციო სასამართლოს განჩინება თანდართული მასალებით, 2016 წლის 8 აპრილს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს გერმანიის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე, რომელიც მას ვერ ჩაჰბარდა არასწორი მისამართის გამო (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გერმანიის, ფრანკფურტის/მაინის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის 459 F 8043/14 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოწინააღმდეგემ, მხარეთა ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ შორის უკვე რამდენიმე წელია, ფაქტობრივად შეწყვეტილია თანაცხოვრება. მხარეებს არ ჰყავთ არასრულწოვანი შვილები და ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ ქონებრივი ვალდებულებები.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
11. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა მოწინააღმდეგე მხარისათვის მასალების ჩაუბარებლობა, რადგან საქართველოს სასამართლომ გერმანიის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე გააგზავნა მასალები მოწინააღმდეგესთან, ამასთან, ამავე განჩინების 1-3 პუნტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს შუამდგომლობის განხილვის შედეგად, მისი უარყოფის სამართლებრივი საფუძველი.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. კ--ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ფრანკფურტის/მაინის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის 459 F 8043/14 S გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყვეტილია კ. კ-ასა და ე. ვ-ს შორის ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე