Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1389-შ-31-2016 23 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება №311033/03

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ლ. ბ-ე (დაბადებული 23.11.1965; შემდეგში შუამდგომლობის ავტორი) და საქართველოს მოქალაქე თ. ა-ი (დაბადებული 02.04.1962წ; შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე) 1983 წლის 13 დეკემბერს დაქორწინდნენ (ქორწინების რეესტრის # 1056).

2. აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლეს სასამართლში შუამდგომლობის ავტორმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. აღნიშნული სარჩელის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე, გამოცხადდა საქმის განხილვაზე და უარი თქვა პასუხის უფლებაზე.

3. აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესმა სასამართლომ, 2003 წლის 1 ოქტომბერს, ზეპირი მოსმენით, განიხილა საქმე და დააკმაყოფილა სარჩელი: 1. წყვილს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა; 2. შუამდგომლობის ავტორს ენიჭება მეურვეობის უფლება ქორწინების დროს დაბადებულ ბავშვზე; 3. გამოტანილ იქნას გადაწყვეტილება, რომ შუამდგომლობის ავტორს მოწინააღმდეგე მხარემ გადაუხადოს კვირაში 71$; 4. ორივე მხარე გააგრძელებს ქორწინებამდელი გვარის გამოყენებას, შემდეგი სახით - „ბ-ე“.

4. აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება №311033/03, იმავე თარიღიდან, შესულია კანონიერ ძალაში.

5. შუამდგომლობის ავტორმა, 2016 წლის 12 აპრილს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერილობით გაცემული თანხმობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასთან დაკავშირებით.

6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით განსახილველად მიიღო შუამდგომლობა.

7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, აღარ გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს იმ დასაბუთებით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მის მიერ წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობა (იხ. განჩინების მე-5 პუნქტი), რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურულ ნაწილზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ბ-ის შუამდგომლობა აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების №311033/03 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეებმა თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე, ერთმანეთის მიმართ რაიმე ქონებრივი ვალდებულებები არ აქვთ შესასრულებელი, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე.

9. ამასთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერილობით გაცემული თანხმობა გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე არ არის გაცემული სანოტარო წესით, მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად უნდა ჩაითვალოს იმ უტყუარად დადგენილი ფაქტის გამო, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარე გამოცხადდა და უარი განაცხადა პასუხის უფლებაზე (იხ. ამ განჩინების 2-7 პუნქტები).

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებული მოწინააღმდეგე მხარე ეწინააღმდეგება აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას (იხ. ამ განჩინების მე-7 და მე-9 პუნქტები).

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება №311033/03, რომლითაც შეწყდა ლ. ბ-ესა და თ. ა-ს შორის ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე