საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-4982–შ–99-2015 23 მაისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –შპს "მ-ო"
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს-ო"
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - რუსეთის ფედერაციის, ფედერალური სამედიატორო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმე № ФТС-065/2015
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ-ოსა“ (შემდეგში შუამდგომლობის ავტორი ან მყიდველი) და შპს „ს-ოს“ (შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მყიდველისათვის გადაეცა საქონელი (ექსკლუზიური შეთანხმების პირობით), ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, მიეღო იგი და გადაეხადა საფასური კონტრაქტით დადგენილი პირობებისა და წესების მიხედვით.
2. გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა ნებისმიერი საქონელი მიეწოდებინა მხოლოდ მყიდველისათვის (ექსკლუზიური შეთანხმება), რაც საფუძვლად დაედო მყიდველის მიმართვას ფედერალური სამედიატორო სასამართლოსთვის გამყიდველის წინააღმდეგ. მიუხედავად კანონით გათვალისწინებული სათანადო წესით შეტყობინებისა, მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, და არც წარმომადგენელი გაგზავნა. შესაბამისად, მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო განცხადების საფუძველზე ფედერალურმა სამედიატორო სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველმა მყიდველის მიმართ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება საქონლის ექსკლუზიური მიწოდების თაობაზე, და აღიარა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ვალდებულების, 1 500 000 ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება, რაც შეადგენს 1 725 300 აშშ დოლარსა და 15 ცენტს დავის განხილვის თარიღისათვის.
3. რუსეთის ფედერაციის, ფედერალური სამედიატორო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, (საქმე № ФТС-065/2015), გამყიდველს დაეკისრა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული დავალიანების - 1 725 300 (ერთი მილიონ შვიდასოცდახუთი ათას სამასი) აშშ დოლარისა და 15 ცენტის ოდენობით გადახდა, რაც შეადგენს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ევროს, მყიდველის სასარგებლოდ. ამასთანავე, დაეკისრა სამედიატორო სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 8 542 560 (რვა მილიონ ხუთასორმოცდაორი ათას ხუთასსამოცი) რუბლის ოდენობით.
4. მყიდველის წარმომადგენელმა 2015 წლის 30 დეკემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622-ე მუხლის, და „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგინა მყიდველის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამედიატორო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს № ФТС-065/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
5. შუამდგომლობაზე დართული ცნობებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 27 აგვისტოს და იგი არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით მყიდველის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინების საფუძველზე, შუამდგომლობა თანდართული მასალებით 24 თებერვალს, ხოლო 7 მარტს - განმეორებით, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და, ზეპირი განხილვით, საქმის მოსმენის მოთხოვნის შესაძლებლობის შეტყობინების მიზნით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-78-ე მუხლები, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლი). მას ორივე შემთხვევაში არ ჩაჰბარდა სასამართლოს გზავნილი იმ მიზეზით, რომ ადრესატის მისამართი არასწორი იყო, და ტელეფონით დაკავშირება არ ხერხდებოდა.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაშია მითითებული, გამყიდველი სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა, ის პირადად არ გამოცხადებულა და არც წარმომადგენელი გაუგზავნია, ამდენად, გადაწყვეტილება მისი მონაწილეობის გარეშეა მიღებული.
8. საქმის მასალებში არ მოიპოვება მოწინააღმდეგე მხარის რაიმე ალტერნატიული მისამართი, რომელზეც საკასაციო სასამართლო უზრუნველყოფდა მისთვის შუამდგომლობისა და მასალების გაგზავნას. საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარისათვის გაავრცელა საჯარო შეტყობინება, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე; მოწინააღმდეგე მხარეს, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განესაზღვრა ვადა, საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებისა და მოსაზრებების გამოსათქმელად.
9. მე-8 პუნქტში მითითებული განჩინება 6 აპრილს განთავსდა საკასაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება სასამართლოსათვის უცნობია, თუმცა, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარისათვის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება (სსსკ-ის 78-ე მუხლი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მყიდველის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამედიატორო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების № ФТС-065/2015 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებული ფედერალურ სამედიატორო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი);
11. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, შესულია კანონიერ ძალაში და არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი);
12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლებლობა გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებისათვის მის მიმართ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-6, მე-8, მე-9 პუნქტები);
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
14. მოხმობილი ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70 - ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ამავე კანონის 71-ე მუხლის თანახმად, დაცულია 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
16. შუამდგომლობის ავტორს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 150 ლარი, ვინაიდან შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 69-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 53-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "მ-ოს" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამედიატორო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე № ФТС-065/2015, რომლითაც შპს "ს-ოს" შპს "მ-ოს" სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის 1 725 300 აშშ დოლარისა და 15 ცენტის გადახდა; ამასთანავე, დაეკისრა სამედიატორო სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 8 542 560 (რვა მილიონ ხუთასორმოცდაორი ათას ხუთასსამოცი) რუბლის ოდენობით;
3. შპს „ს-ოს“ შპს „მ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) 150 ლარის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე