Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-245-233-2016 6 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს-ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა, მის სასარგებლოდ, ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად ა. ს-ოს (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) 3557 ლარის, აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა დაეკისრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლები).

2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და იმავე წლის 27 ნოემბრის შუალედური საოქმო განჩინება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით, მოპასუხეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დოკუმენტის დედნის წარდგენა, განჩინების ასლის წარდგენიდან 7 დღეში. მასვე განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები (სსსკ-ის 368.5 მუხლი).

4.განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2016 წლის 15 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ, რომელმაც ნაწილობრივ, (ბაჟის ნაწილში) შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 166-168), ხოლო აპელაციის საფუძვლები არ მიუთითებია.

5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 01 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და შუალედურ საოქმო განჩინების გაუქმებაზე განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო (სსსკ-ის 374-ე მუხლი).

6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 368-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა გარემოება, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის იმპერატიული დანაწესით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც პალატა არ იყო უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.

7. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 01 მარტის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში განსახილველად.

8. კერძო საჩივრის მოტივები შემდეგია:

8.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ისე გასაჩივრდა, როგორც ამის საშუალებას იძლეოდა საქმეში არსებული ფაქტები, კერძოდ, სხვა დასაბუთებისა და ვრცელი წერის საშუალება არ არსებობდა. სააპელაციო საჩივრის განვრცობის საჭიროება არ იყო, რადგან პირი ითხოვდა საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას და საჩივრის ყველა გრაფა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის მიხედვითაა შევსებული;

8.2. მოპასუხის მიერ ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შუალედურ განჩინების გასაჩივრების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილება, შემდეგში გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველია.

8.3. თუკი სასამართლო საჩივარს დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, მას უარი უნდა ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა იგი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

12. სსსკ-ის 368-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შინაარსს ხოლო ამავე ნორმის მეხუთე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

13. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ სასამართლომ მას ხარვეზი დაუდგინა რომლის შესახებ ინფორმირებული იყო. მოპასუხე აპროტესტებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, მოსთხოვა რა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საააპელაციო სასამართლომ კანონიერად მოსთხოვა მოპასუხეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ვინაიდან საჩივარი არ შეიცავს სსსკ-ის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ეშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 64-ე მუხლი), უფრო მეტიც, განცხადებაში, რომელიც წარადგინა სასამართლოში, არ მიუთითებია მოსაზრება სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული ხარვეზის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

15.სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სწორად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოპასუხის კერძო საჩივარს დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რის გამოც იგი ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე