Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-250-238-2016 18 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. დ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ა, ნ. ვ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვარის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების მ. კ-ასა და ნ. ვ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. დ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით, მ. დ-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1213,19 (ათას ორას ცამეტი ლარისა და ცხრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

2016 წლის 15 აპრილს აღნიშნული განჩინების თაობაზე, სატელეფონო შეტყობინების სახით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ი. მ-ეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1213,19 (ათას ორას ცამეტი ლარისა და ცხრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით (ტ. 3, ს/ფ 105) დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 15 აპრილს, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაჰბარდა მ. დ-ის წარმომადგენელ, ი. მ-ეს (რწმუნებულება გაცემულია 2014 წლის 23 ივნისს, ორი წლის ვადით, უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ტ.1, ს/ფ 44), რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 16 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 25 აპრილს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 25 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ამასთანავე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს უნდა დაუბრუნდეს კასატორის მიერ, 2016 წლის 11 მაისს, წარმოდგენილი დამატებითი საქმის მასალები, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის მცხეთის არქივის მიერ 2010 წლის 1 ივლისს გაცემული საარქივო ცნობა №A… (ტ.3. ს.ფ.110); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის მცხეთის არქივის მიერ 2010 წლის 1 ივლისს გაცემული საარქივო ცნობა №A.. (ტ.3. ს.ფ.111); მცხეთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1955 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება №68(ტ.3. ს.ფ.112-113); მცხეთის რაიონის სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ ხელნაწერი სახით გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის ასლი №008542 (ტ.3.ს.ფ.114-115); მცხეთის რაიონის სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის ასლი №008945 (ტ.3.ს.ფ.116); მცხეთის რაიონის ნოტარიუსის მიერ 1978 წლის 11 ოქტომბერს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის ასლი რეესტრის ნომრით 6097 (ტ.3.ს.ფ.117); მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1978 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი №284 (ტ.3ს.ფ.118); ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ტ.3. ს.ფ. 119); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 21 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათება (ტ.3.ს.ფ.120); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 24 თებერვალს გაცემული პასუხი №27006(ტ.3.ს.ფ.121); წერილობითი მოსაზრება(ტ.3.ს.ფ.122-127), (სულ 18 ფურცელი, ტ. 3, ს/ფ 110-127) შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია ახალ ფაქტებზე მითითება ან ახალი მტკიცებულებების წარდგენა, რაც განპირობებულია თავად საკასაციო სასამართლოს საქმიანობის თავისებურებით, კერძოდ კი, იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ინსტანციის ფუნქციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს კი, საკასაციო სასამართლო არ ადგენს, ამდენად, ახალი ან საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოში წარმოდგენის აუცილებლობა არ არსებობს.

სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.

ვინაიდან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს კასატორის მიერ, 2016 წლის 11 მაისს, წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტები მხარეს უნდა დაუბრუნდეს.

2016 წლის 17 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. დ-ემ და განაცხადა, რომ მას საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე შეტყობინება თავისი წარმომადგენლისაგან არ მიუღია და როცა ხარვეზის შესახებ შეიტყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა უკვე გასული იყო.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. განსახილველ საქმეში (ტ. 1, ს/ფ 44) წარმოდგენილია მ. დ-ის მიერ, 2014 წლის 23 ივნისს, ი. მ-ის სახელზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, რომლითაც მ. დ-ემ ი. მ-ეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, რწმუნებულება გაცემულია ორი წლის ვადით, 2016 წლის 23 ივნისამდე. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება თუ ის ჩაბარდება უშუალოდ მას ან მის წარმომადგენელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უწყება შეიძლება მხარეს ან მის წარმომადგენელს ჩაბარდეს ტელეფონით, რის თაობაზეც სასამართლოს შესაბამისი მოხელე ადგენს აქტს. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ი. მ-ეს (ტ.3.ს.ფ.105), თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. მ. დ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 11 მაისს, წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები (სულ 18 ფურცელი, ტ. 3, ს/ფ 110-127)

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი