Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-428-411-2016 20 მაისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ვ- ა’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,, ვ-ას’’ სარჩელი მოპასუხეების ლ. ა-ის, ლ. ა-ისა და ლ. ლ-იძის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ლ. ა-ებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის გაჩინებით ლ. და ლ. ა-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ლ. ა-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით ლ. და ლ. ა-ების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცახდება/შუამდგომლობით მიმართა ლ. ა-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით ლ. ა-ის განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დარჩა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინების ასლი 2016 წლის 14 აპრილს ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორს რაც დასტურდება ლ. ა–ის მიერ დაწერილი ხელწერილით (ტ.4. ს/ფ. 16-17.) შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 15 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 26 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ა-ის კერძო საჩივარი შეტანილია 2016 წლის 28 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ა-ი თავის კერძო საჩივარში უთითებს, რომ მან კერძო საჩივარი სასამართლოში წარადგინა გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღიან ვადაში, 2016 წლის 25 აპრილს, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებული დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ლ. ა-ის კერძო საჩივარი უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2016 წლის 28 აპრილს (იხ. სასამართლოს შტამპი მომართვაზე), სასჯელაღსრულების დაწესებულების მეშვეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის წარდგენის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, ამ ვადის ათვლა იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ა-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი 2016 წლის 14 აპრილს ჩაჰბარდა, შესაბამისად მას კერძო საჩივარი 2016 წლის 26 აპრილის (სამშაბათი) ჩათვლით შეეძლო წარედგინა სასამართლოში. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის წარდგენის თარიღად მიიჩნევს იმ თარიღს, რომელიც დაფიქსირებულია სასამართლოში ან საფოსტო კონვერტზე, თუ საჩივარი ფოსტის მეშვეობითაა წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი წარმოდგენილია ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მეშვეობით, მომართვაში არ არის მონაცემი იმის შესახებ თუ როდის წარუდგინა ლ. ა-მა კერძო საჩივარი მათ, შესაბამისად სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ თარიღს, რაც დადასტურებულია ოფიციალურად, სასამართლოს კანცელარიის მიერ. მარტოოდენ მხარის მითითება გასაჩივრების ვადის დაცვასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ სასამართლომ კერძო საჩივარი მიიღოს განსახილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ლ. ა-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება ლ. ა-ის კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, ისინი უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია ახალ ფაქტებზე მითითება ან ახალი მტკიცებულებების წარდგენა, რაც განპირობებულია თავად საკასაციო სასამართლოს საქმიანობის თავისებურებით, კერძოდ კი, იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ინსტანციის ფუნქციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს კი, საკასაციო სასამართლო არ ადგენს, ამდენად, ახალი ან საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოში წარმოდგენის აუცილებლობა არ არსებობს.

სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.

ვინაიდან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტები (ასლები) მხარეს უნდა დაუბრუნდეს. კერძოდ, მხარეს უნდა დაუბრუნდეს შემდეგი დოკუმენტები: 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადება/შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტების ასლები 237 ფურცლად; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინების ასლი 3 ფურცლად; ლ. ა-ის 2016 წლის 19 თებერვლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1 ფურცლად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინების ასლი 3 ფურცლად, სულ 244 ფურცელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 104-ე, 407-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. ლ. ა-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტები, სულ 244 ფურცელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი