Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-255-243-2016 17 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - ა. ჯ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ. მ–ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჭ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ჭ-სა (შემდეგში - კრედიტორი, იპოთეკარი, მოპასუხე) და ლ. მ-ეს (შემდეგში - მოვალე; მამკვიდრებელი) შორის, 2010 წლის 9 დეკემბერს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება № 101232276 (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც კრედიტორმა მოვალეს ასესხა 14 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 9 მარტი, სარგებელს შეადგენდა 4% ყოველთვიურად. სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა მამკვიდრებლის უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, თ-ის დასახლება, IX კვარტალი, კორპ. 21, ბ. 13, ს/კ: № ... (ტ.1.ს.ფ.16-20). ხელშეკრულებაში ცვლილება არ არის შეტანილი (საქართველო სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე , 301 -ე მუხლები).

2. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (იხ. ტ.1.ს.ფ.19; „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი).

3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 15 სექტემბერს, ნოტარიუსმა დ. კ-ამ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მოვალის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხიდან 14 000 აშშ დოლარიდან - 5 000 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 106.00; დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონის მეშვეობით რეალიზაცია (სსკ-ის 301-ე, 302-ე მუხლები; ტ.1., ს.ფ.75).

4. 2015 წლის 16 წექტემბერს კერძო აღმასრულებელმა №A1406846-004/001 წერილით (ტ.1.ს.ფ. 21-22), მიმართა ა. ჯ-ეს (შემდეგში - მოსარჩელე, მოვალის სამართალმემკვიდრე ან კასატორი) სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

5. მოვალის სამართალმდემკვიდრემ 2014 წლის 29 სექტემბერს სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, აგრეთვე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.

6. მოვალის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.1. უძრავი ქონება მოვალისაგან მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელემ, შესაბამისად, ის წარმოადგენდა თავდაპირველი მოვალის უფლებამონაცვლეს. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით ნასესხები თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ჯ. კ-ის (შემდეგში შუამავალი ან მოწმე) მეშვეობით და დაუფარავი ვალდებულება 1 000 აშშ დოლარზე ნაკლებია.

7. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 373-ე მუხლებით და დაადგინა:

7.1. მოვალეს კრედიტორისათვის სესხი არ დაუბრუნებია, და, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლით დადგენილია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. შესაბამისად, მხარეებს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 373-ე მუხლზე „მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისაგან მიიღო სარგებელი“ და განმარტა, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შუამავლის მეშვეობით შეასრულა (იხ. განჩინების 6. პუნქტი) მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით არ დასტურდება (ტ.1.ს.ფ. 23), საქმის განხილვისას მოწმის სახით მოწვეულმა შუამავალმა (იხ. ამ განჩინების 6.1. ქვეპუნქტი) განმარტა, რომ თავადაპირველ მოვალეს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) ფულადი ვალდებულება სხვა კრედიტორებისთვისაც ჰქონდა შესასრულებელი და ხელწერილით განსაზღვრული თანხა სწორედ სხვა კრედიტორებისთვის გადასაცემად მიიღო მოწმემ. სასამართლოს მსჯელობით გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ხელშეკრულება შუამავლის მეშვეობით ვალდებულების შესრულების თაობაზე არ შეიცავდა სპეციალურ დათქმას.

8. ზემოხსენებული მოტივაციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალის სამართალმემკვიდრემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

9.1 მოვალემ მიუთითა, საქალაქო სასამართლომ არასწორად იმსჯელა და არ გაითვალისწინა კრედიტორის დასტური იმის თაობაზე, რომ მთლიანი ვალდებულებიდან - 9 000 აშშ დოლარი მას მიღებული ჰქონდა მოვალისაგან, სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ შუამავალმა დაადასტურა 3400 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, ხოლო აღნიშნული თანხის გადაცემის მომენტისათვის, მოვალის სამართლამემკვიდრეს შუამავლის წინაშე არ ჰქონია სხვა ვალდებულება, რაც იმის დასტურია, რომ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებულია. მოვალემ იმაზეც მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს სამოქალაქო კოდექსით შუამავლობისათვის დადგენილი წერილობითი ფორმა არ იყო დაცული, არასწორი იყო, რადგან მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ როგორც მოწმის სახით მოწვეული პირი, ასევე, კრედიტორი, ადასტურებდნენ შუამავლობის ფაქტს.

9.2 ზემოხსენებული პრეტენზიების გათვალისწინებით, მოვალის სამართალმემკვიდრეს მიაჩნია, რომ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება 1 000 აშშ დოლარზე ნაკლებია.

10. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, დამატებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ სსსკ) 102-ე მუხლზე, და მხარეთა შორის აღნიშნული მუხლით მტკიცების ტვირთის განაწილების დადგენილ სტანდარტზე, ამასთანავე, სსსკ-ის 105-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ სასამართლო აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სარწმუნოდ დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

11. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, მუხლებით და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილია სარჩელი.

12. მოვალის სამართალმემკვიდრემ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (იხ. განჩინების მე-9 პუნქტი), მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით, მოვალის სააკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით დაინიშნა ზეპირი მოსმენა საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმების მიზნით. 17 ივნისის სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს სასამართლომ მორიგება შესთავაზა, ხოლო შემდეგ მოისმინა მათი პოზიციები საკასაციო სამართალწარმოების შესაბამისი ეტაპისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია კასატორის პოზიცია, როდესაც, ერთი მხრივ, იგი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას, რომლითაც მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება 5000 აშშ დოლარია, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივ გარემოებად უთითებს, რომ 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზოგადი შინაარსის პრეტენზიებს, რადგან მოსარჩელემ ვერ შეძლო გასაჩივრებული განჩინების მსჯელობისა და დასკვნების სარწმუნოდ და დამაჯერებლად, შესაბამისი მტკიცებულებებით დაძლევა, რაც დაამტკიცებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტშია მითითებული. კასატორმა ვერ შეძლო, დასაბუთებული შედავება წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე.

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მის დასაშვებად ცნობას სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. ჯ-ეს (...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ძ-ის (...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 575 ლარის (საგადახადო დავალება N 1, გადახდის თარიღი 2016 წლის 8 აპრილი), 70% – 402,5 (ოთხასორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე