Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასმართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-394-378-2016 3 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. გ-ის (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული, დირექტორის მ/შემსრულებელი ან ყოფილი კასატორი) სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N1/კ-1290 ბრძანება (შემდეგში სადავო ბრძანება), რომლითაც დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა; ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა დირექტორის მ/შემსრულებლად აღდგენაზე იმ დასაბუთებით, რომ იგი დროებით იყო დანიშნული, შესაბამისად, ბათილად ცნობილი ბრძანების არარასებობის პირობებში, მოსარჩელე იმუშავებდა სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევნებამდე, რაც განათლების სამინისტროს (შემდეგში მოპასუხე, სამინისტრო ან კასატორი) წარმომადგენლის განმარტებით, ჩატარდა 2014 წლის 5 სექტემბერს. აღნიშნული ფაქტი არც მოსარჩელეს უარუყვია.

2. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებითვე, მოსარჩელის მოთხოვნა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს იმ მოტივაციით, რომ ბათილად ცნობილი ბრძანებით, ყოფილი კასატორი უკანონოდ იყო გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე დამატებით უნდა გამოეკვლია სასამართლოს, რადგან დაუდგენელი იყო, თუ რა თანხას შეადგენდა დირექტორის მ/შემსრულებლის ანაზღაურება მისი გათავისუფლებიდან, 2013 წლის 13 დეკემბრიდან, სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე - 2014 წლის 5 სექტემბრამდე.

3. საკასაციო სასამართლოს 15.12.2015 გადაწყვეტილება საქმეზე # ას-761-720-2015, მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და დირექტორის მ/შემსრულებლად აღდგენის ნაწილში სარჩელის უარყოფის თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 266-ე მუხლი).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, სასამართლომ იმსჯელა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ნაწილში ხელახლა გამოკვლევისათვის დაბრუნებულ სარჩელზე და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, მის სასარგებლოდ, 12 576 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

5. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება და შემდეგ მოტივებზე მიუთითა:

5.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი; დასახელებული ნორმის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან;

5.2. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული;

5.3. კასატორი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ანალოგიური დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს ბრძანების გამომცემი სუბიექტი. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეში მსგავს საკითხზე განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ვადამდე გათავისუფლების ბრძანება არ განეკუთვნება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შრომით დავას, რომლის კანონიერებაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა შეფასდეს;

5.4. კასატორის მოსაზრებით, განათლების მინისტრის ბრძანება და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რამდენადაც იგი მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს;

5.5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; კასატორი ასევე უთითებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, როგორც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის პროცეუალურ წინაპირობაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძველი, რის გამოც განაცხადი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას- 61-55-2015, 30.10.2015წ., # ას- 415-395-2015 – 10.06.2015წ.).

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებზე უთითებს, რადგან განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

13. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის ზოგადი შინაარსის პრეტენზიებს, რომელიც მოცემული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილვას ეხება, მოპასუხე მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპებზე მსჯელობს, თუმცა, არ ასახელებს საკასაციო სასამართლოს კონკრეტულ პრეცედენტს, რომელიც მის პოზიციას გაამყარებდა; ის საკითხი, რომ დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის საკითხი კასატორმა მხოლოდ საკასაციო სამართლაწარმოების ეტაპზე წამოჭრა, სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან მისი არგუმენტები არ გამომდინარეობს არსებული სასამართლო პრაქტიკიდან, რომლის უახლესი რამდენიმე პრეცედენტი მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოხმობილი ორივე პრეცედენტის შემთხვევაში, განათლების სამინისტროა სამართალწარმოების მონაწილე პირი და დავა სწორედ დირექტორის მ/შემსრულებლის დაუსაბუთებელ გათავისუფლებას და აქედან გამომდინარე მოთხოვნებს ეხება.

14. საკასაციო სასმართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზიები ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებას.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წამოუყენებია.

16. ზემოხსენებული მოტვაციით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც განაცხადი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 250 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. თ. გ-ის განცხადება, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ, დაკმაყოფილდეს;

4. თ. გ-ეს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2014 წლის 14 იანვარი), ხოლო სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარაღი 2014 წლის 18 ივლისი) ოდენობით;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე