საქმე №ას-448-430-2016 17 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ზ-ის უფლებამონაცვლე გ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჩ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ. ჩ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ზ-ის (უფლებამონაცვლეები: გ. გ-ე და მ. გ-ე (იხ. სააპელაციო სასამართლოს 12.01.2016წ. საოქმო განჩინება) შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტები, მსესხებელი ან მოვალე, გ.გ-ე ასევე _ კასატორი) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 12 000 ლარის დაკისრების, ასევე, თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული ბაღდათის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე #30.07.07.... უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელესა და მოპასუხის მამკვიდრებელ გ. გ-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოვალეს გადაეცა 12 000 ლარი. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 9 ივნისამდე, რაც მას არ განუხორციელებია. მსესხებელი გარდაიცვალა 2011 წლის 9 თებერვალს, მამკვიდრებლის ქონება მიიღო მისმა შვილმა, მოპასუხე ნ. ზ-ემ (იხ. სარჩელი, ასევე, საქალაქო სასამართლოს 19.12.2011წ. სხდომის ოქმი და 03.11.2011წ. საოქმო განჩინება სათანადო მოპასუხის ჩაბმის თაობაზე).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2008 წლის 9 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებაა, რადგანაც მხარეთა შორის რეალურად არ დადებულა გარიგება, მოვალეს თანხა არ გადასცემია, რის გამოც ხელშეკრულება იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. ამასთან, რადგანაც არ არსებობს უზრუნველყოფის საგანი _ ვალდებულება, არც იპოთეკის ნაწილში გააჩნია ხელშეკრულებას იურიდიული ძალა. რეალურად მოსარჩელესა და მსესხებლის შვილს შორის დაიდო ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება და მოსარჩელეს სესხისა და იპოთეკის გაფორმებით სურდა ამ ქირავნობის უზრუნველყოფა (იხ. შესაგებელი, ასევე, საქალაქო სასამართლოს 19.12.2011წ. სხდომის ოქმი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის დავალიანების _ 12 000 ლარის გადახდა, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ბაღდათის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე 1188,90 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი ფართობი), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა #01/..., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი - 220 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №30.07.07....) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (1.1 პუნქტის და მეორე პუნქტის პირველი წინადადების) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უფლებამონაცვლეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 10 000 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. გ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2008 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელესა და გ. გ-ის წარმომადგენელს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 12 000 ლარის ოდენობით სრულად გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებამდე. ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 9 ივნისის ჩათვლით.
1.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის (საკუთრების მიმნდობის) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება (№30.07.07.....).
1.2.3. 2008 წლის 9 დეკემბერს, გამსესხებელსა და გ. გ-ეს (მსესხებლის შვილს) შორის გაფორმდა ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მას 2010 წლის 9 ივნისამდე მიაქირავა კუთვნილი ავტომანქანა ოპელ ვექტრა, ყოველკვირეულად ქირის სახით 162,5 ლარის გადახდის პირობით.
1.2.4. 2011 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა მსესხებელი. მოპასუხე ნ. ზ-ე მისი მეუღლეა, ხოლო მათმა შვილებმა: გ. გ-ემ და მარინე გ-ემ სანოტარო ორგანოს მიმართეს განცხადებებით და მამის სამკვიდროს მიღებაზე დედის (ნ. ზ-ის) სასარგებლოდ განაცხადეს უარი. 2012 წლის 15 თებერვალს გარდაიცვალა აპელანტი ნ. ზ-ე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინებით მის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ გ. გ-ე და მ. გ-ე.
1.2.5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 10 000 ლარამდე. (იხ. 09.02.2016წ. სხდომის ოქმი 17:23:42)
1.2.6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასესხები თანხა არ არის დაბრუნებული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თვალთმაქცურობა და მოჩვენებითობა.
1.2.7. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩლისათვის ვალდებულების შესრულება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილი გარიგებაა, რამდენადაც ხელშეკრულება იურიდიულ შედეგს არ წარმოშობს და ეს გარემოება განაპირობებს იპოთეკის ნაწილში გარიგების არარსებობას. რეალურად მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოვალის შვილს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფაა; ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ორივე გარიგება ერთსა და იმავე დღესაა დადებული და ერთსა და იმავე ნოტარიუსთან, განსხვავება მხოლოდ ამ გარიგებების ნომრებშია; სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შემადგენლობას ადასტურებს მსესხებლის შვილის მიერ წარმოდგენილი ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და მოპასუხის ახსნა-განმარტება; საგულისხმოა მოსარჩელის განმარტებაც, რომ მოპასუხე (შვილი) მას ავტომობილის გაქირავების თაობაზე საჯარო განცხადების მეშვეობით დაუკავშირდა და სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა სესხის დადებაც, ეს გარემოება სასამართლომ გონივრული განსჯის მიღმა დატოვა; სააპელაციო პალატამ ტენდენციურად შეაფასა საქმის მასალები და არასწორად დაადგინა თანხის გადაცემის ფაქტი, რაც სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის არასწორ გამოყენებაზე მიუთითებს.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების მოთხოვნისას დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წარმოადგენს, დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის _ გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. საგულისხმოა თავად მტკიცების სტანდარტიც, კერძოდ, მატერიალური სამართალი ადგენს თუ არა ხელშეკრულების დადების ფაქტის გარკვეული მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულებას (როგორიცაა, მაგ: სკ-ის 312-ე მუხლი _ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული (იხ. სუსგ-ებები: №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი; №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სანოტარო წესით დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დაამტკიცა თანხის გადაცემის ფაქტი, რომლის ნამდვილობაც მოპასუხე მხარეს არ გაუქარწყლებია, ის ცდილობს იმავე დღეს მოძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების დადებით ეჭვქვეშ დააყენოს ამ ხელშეკრულების ნამდვილობა, თუმცა თანხის გადახდის გამომრიცხავ ობიექტურ გარემოებაზე მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს, შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და სწორად დააკმაყოფილეს სარჩელი, როგორც სესხის დაკისრების, ისე იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში (სკ-ის 301-ე მუხლი). საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის შემადგენელი ელემენტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ კასატორის შედავება (მათ შორის უცხო პირისათვის სესხის გადაცემის საეჭვოობის თაობაზე, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუკი სესხი უზრუნველყოფილია სანივთო საშუალებით) ვერ გახდება მისი საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობა.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქმეში დედნის სახითაა წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი ასლის საქმისათვის განმეორებით დართვის წინაპირობები არ არსებობს, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს იგი.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ზ-ის უფლებამონაცვლე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გ. გ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.03.2016წ. განჩინების ასლი 12 (თორმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 204-215).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური