Facebook Twitter

საქმე №ას-407-390-2016 10 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ე, უ. კ-ე, ნ. ტ-ე (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ი. ჩ-ი, მ. ჩ-ი, ი. ხ-ი, ლ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჩ-ის, ლ. კ-ის, მ. ჩ-ის, ი. ხ-ისა და ნ. ტ-ის მიმართ 2012 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობისა და 2012 წლის 7 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე. მოგვიანებით მოსარჩელემ მეორე სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ჩ-ის, ლ. კ-ის, ლ. ჩ-ისა და უ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2012 წლის 7 ნოემბერს ი. ჩ-სა და ლ. ჩ-ს შორის გაფორმებული კომპანიის წილის ჩუქების, ასევე, 2012 წლის 14 ნოემბერს ლ. კ-ესა და უ. კ-ეს შორის გაფორმებული კომპანიის წილის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

1.1. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: 2012 წლის 7 ნოემბერს ი. ჩ-სა და მ. ჩ-ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. ჩ-მა საკუთრებაში არსებული 66,25% წილი შპს „ბ-ოში“ აჩუქა თავის დას, მ. ჩ-ს. მხარეთა შეთანხმებით, გაჩუქებული წილის ნომინალური ღირებულებაა 8 994 100 ევრო. 2012 წლის 7 ნოემბერს, ი. ჩ-სა და ი. ხ-ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, ი. ჩ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები, მდებარე, ქ. თბილისში, ტ-ის ქუჩა №23/1, ბინა 5 და ქ.თბილისი, კ-ი №17 საკუთრებაში გადაეცა ი. ხ-ს. 2012 წლის 5 ოქტომბერს ლ. კ-ესა და ნ. ტ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. კ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ა-ის გამზირის 24, ბინა 32 საკუთრებაში გადაეცა ნ. ტ-ეს. 2010 წლის 14 ივნისს სს „ს-სა“ და ლ. კ-ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. კ-ემ იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ შპს „ნ.ის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარით ან ეკვივალნეტით ეროვნული ვალუტაში. 2011 წლის 12 ივლისს ლ. კ-ესთან გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ №..., რომლის თანახმადაც, მან იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ შპს „ნ.-ის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 50 000 000 (ორმოცდათი მილიონი) აშშ დოლარით ან ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. 2010 წლის 14 ივნისს ი. ჩ-თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის თანხმად, მან იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ შპს „ნ.-ის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარით ან ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. 2012 წლის ოქტომბრიდან შპს „ნ.-იმ“ შეწყვიტა სასესხო ვალდებულებების გადახდა და შეიქმნა კრედიტების დაფარვის საფრთხე. 2012 წლის 3 დეკემბერს შპს „ნ.-ის“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიხსნა გადახდისუუნარობის წარმოება. ბანკის, როგორც კრედიტორის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა 60 273 709.88 ლარზე. პარალელურად ბანკმა აღძრა სარჩელი შპს „ნ.-ის“, შპს „ნ.-ის“, შპს „ლ-ის“, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ის, ნ. შ–ისა და ლ. კ-ის მიმართ. დავალიანების დასაფარად მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა. მისი განმარტებით, შპს „ნ.-ის“ სესხების უზრუნველყოფას წარმოადგენს მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაა მხარეთა შეფასებით ხელშეკრულების დადების დროისთვის 5 427 200 აშშ დოლარი, უძრავი ქონების ღირებულებაა 1 571 300 აშშ დოლარი, ხოლო მთლიანი დავალიანებაა 34 706 210.07 ლარი და 2 640.11 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, დაგირავებული და იპოთეკით დატვირთული ქონება ვერ უზრუნველყოფს სრულად მოპასუხის დავალიანების ამოღებას მოსარჩელის წინაშე. შესაბამისად, დარჩენილი დავალიანების ამოღება უნდა მოხდეს მსესხებლისა და თავდებების სხვა ქონებიდან, ხოლო თავდებების მიერ თავიანთი ქონებების ოჯახის წევრებზე მოჩვენებითად გასხვისების მიზანი არის ბანკის წინაშე აღებული ვალებულებისათვის თავის არიდება. სოლიდარული თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულების გამო ამავე საფუძვლებს ემყარება სს „ს-ის“ მეორე სარჩელიც.

2. მოპასუხეებმა სარჩელები არ ცნეს და აღნიშნეს, რომ, ერთი მხრივ, ლ. კ-ეს, ი. ჩ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, დანარჩენ მოპასუხეებს შორის ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების დადებას არავითარი კავშირი არ აქვს სს „ს-თან“ დადებულ თავდებობის ხელშეკრულებებთან. ლ. კ-ესა და ი. ჩ-ს სს „ს-თან“ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნიათ. მოპასუხეების აზრით, გაურკვეველია სს „ს-ის“ შეფასება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლთან მიმართებაში და აღნიშნული მუხლის შინაარსის დაკავშირება სადავო გარიგებებთან. მოპასუხეები ასევე არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დადებულ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებებს არ მისცემია მსვლელობა, რაც, მათი აზრით, ცრუ გარემოებას წარმოადგენს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და უ. კ-ის მიმართ სს „ს-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა წინამდებარე საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ #... სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ს-მა“ და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. განსახილველ დავაზე სს „ს-ის“ მიერ აღძრული სარჩელი პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მისი მოწინააღმდეგე მხარეების მიერ უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობისკენ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილს მიიჩნევს, კერძოდ, განმარტავს, რომ სადავო გარიგებების დადება რეალური მიზნის მიღწევას არ ითვალისწინებდა, არამედ გაფორმდა მხოლოდ მოსაჩვენებლად;

1.2.2. სარჩელის იურიდიულ ინტერესად კი, მითითებულია მოსარჩელის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მოწინააღმდეგე მხარესთან (ლ.კ-ე) დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სადაც ძირითად მოვალეს შპს „ნ.-ი“ წარმოადგენს;

1.2.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, კერძოდ, 2012 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სს „ს-ის“ მოვალის – შპს ,,ნ.- ის“ დირექტორ ბ. ჯ–ის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე. ბანკმა, როგორც კრედიტორმა, წარადგინა მოთხოვნა 60 273 709.88 ლარზე. მოგვიანებით სს „ს-მა“ სარჩელი აღძრა შპს „ნ.-ის“, შპს „ნ.-ის“, შპს „ლ--ის“, ი. ჩ-ის, ს. ჩ-ის, ნ. შ-ისა და ლ. კ-ის მიმართ სს „ს-სა“ და შპს „ნ.-ის“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების დაკისრების, იპოთეკისა და გირავნობის საგნების რელიზაციის მოთხოვნით.

1.2.4. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ ლ.კ-ემ შეგებებული სარჩელი წარადგინა დავაზე, რომელიც აღძრულია სს „ს-ის“ მიერ შპს „ნ.-ისა“ და სხვათა მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ და სადავო გახადა სოლიდარული თავდობების შესახებ გარიგების ბათილად ცნობა.

1.2.5. კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობები, რადგანაც სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე საქმეზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღსრულება ვერ მოხდება მანამ, ვიდრე თავდებობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხი არ გადაწყდება, მოწინააღმდეგე მხარის მიზანი საქმის გაჭიანურებაა, რადგანაც მოცემული დავა სამივე ინსტანციის მიერაა განხილული და საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა არ დამდგარა.

1.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, განსახილველ საქმეში ლ.კ-ის შეგებებული სარჩელის სასამართლოს წარმოებაში არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, თუმცა რადგანაც კერძო საჩივრის ავტორი თავადვე ადასტურებს ამ ფაქტს, იგი განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის/ნამდვილობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას.

1.5. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რა, რომ დამოუკიდებელი დავის ფარგლებში მოსარჩელეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი სარჩელი, წინამდებარე საქმეზე სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სს „ს-ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაშვება, თუმცა დადასტურებულია გარემოება იმის თაობაზე, რომ სოლიდარულმა თავდებმა შეგებებული სარჩელით სადავო გახადა მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობა _ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. განსახილველი დავა კრედიტორის მიერ სწორედ ამ თანხის რეალურად ამოღებას ემსახურება, ასეთ ვითარებაში, თუკი საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავით ლ.კ-ისათვის შპს „ნ.-ის“ მიერ ნასესხები თანხის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობის არანამდვილობა დადგინდება, საფუძველი გამოეცლება სს „ს-ის“ სარჩელის განხილვა-დაკმაყოფილებას, ვინაიდან ლ.კ-ის მიმართ მას მოთხოვნის უფლება აღარ ექნება სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის საფუძველზე.

1.6. სწორედ ამგვარ შემთხვევას არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევებში თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. კანონის აღნიშნული დანაწესის წინააღმდეგ საფუძვლიანად ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივრის ავტორის შედავება იმის შესახებ, რომ წინამდებარე საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი არ აღსრულდება მანამ, ვიდრე არ გადაწყდება თავდებობის საკითხის ნამდვილობა, რადგანაც, როგორც წინამდებარე საქმეზე აღძრული სარჩელის, ისე _ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახეზე გვექნება სასამართლოს არააღსრულებადი გადაწყვეტილება, რაც სამართალწარმოების მიზნებსა და შესაბამისად, საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

1.7. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება სს „ს-ის“ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შუამდგომლობა დაგვიანებითაა დაყენებული და ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, რადგანაც, მართალია, საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი ადგენს შუამდგომლობებების წარდგენა-განხილვის პროცესუალურ წესს, თუმცა, რადგანაც წინამდებარე აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობის განმსაზღვრელი გარემოება საქმის განხილვის ამ ეტაპზე დადგა, სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა იგი და შეეჩერებინა წინამდებარე საქმის განხილვა, ამასთანავე, პალატა დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ თავად თავდებობის ნამდვილობა წინამდებარე დავის ფარგლებში არ შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან დაირღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

1.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და სწორადვე განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელთა თაობაზე კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე