Facebook Twitter

საქმე №ას-491-471-2016 24 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ, ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს _ 108 007,97 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 01.07.2009წ. ორი წლის ვადით, ერთი მხრივ, სსიპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდსა“ (შემდგომში მეიჯარე) და, მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომერციული მიზნით, მოიჯარემ დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში მიიღო ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე სხვადასხვა ობიექტი. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე, არც ერთმა მხარემ არ განაცხადა უარი ამ ხელშეკრულებაზე, მაშინ ითვლება, რომ ხელშეკრულება გაგრძელებულია იმავე ვადით და იმავე პირობებით. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 23 604 ლარით დღგ-ს ჩათვლით, რაც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი თვის 15 რიცხვამდე. მოიჯარეს თვეში უნდა გადაეხადა 1 967 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო საიჯარო ქირის თვიური ოდენობის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მას არ ათავისუფლებდა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან. მოიჯარემ დაარღვია ქირის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, მას არ გადაუხდია თანხა 01.07.2010 წლიდან 01.07.2011 წლამდე, რაც შეადგენდა 23 604 ლარს. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მას დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 01.04.2012 წლის მდგომარეობით შეადგენდა 108 007,97 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 02.04.2012წ. N... წერილით მეიჯარემ მოპასუხეს აცნობა, ვალდებულების დარღვევისა და მის შეუსრულებლობის შემთხვევაში საურავის გადახდის თაობაზე, 2012 წლის 26 აპრილს მოიჯარემ გადაიხადა ძირითადი დავალიანება 23 604 ლარი და ითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიება. 11.02.2015წ. მეიჯარესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება და სამინისტროს გადაეცა მეიჯარის ყველა მოთხოვნა და უფლება, მათ შორის, მოიჯარის დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლება. მოიჯარემ მოსარჩელისადმი მიწერილი წერილებით (25.04.2012წ., 11.07.2013წ.) აღიარა პირგასამტეხლოს არსებობა, ვინაიდან ითხოვა დარიცხული პირგასამტეხლოს საპატიოდ ჩათვლა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე _ შემაფერხებელი შესაგებელი და სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მის მიერ საიჯარო ქირა გადახდილია, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელების საფუძველი. მოსარჩელე არ უთითებს მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ საფუძველს, ამასთანავე, სარჩელი ხანდაზმულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 448.47 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 01.07.2009წ. სსიპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდსა“ (როგორც მეიჯარე) და შპს „კ-ას“ (როგორც მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომერციული მიზნით, მოიჯარემ დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში მიიღო ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე ობიექტი. იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2 წლის ვადით და მისი მოქმედების ვადა დაიწყო 01.07.2009 წელს. წლიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 23 604 ლარით დღგ-ს ჩათვლით, რაც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 15 რიცხვამდე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საურავის (პირგასამტეხლო) დაკისრების პირობები, რაც შეადგენდა „საიჯარო ქირის“ თვიური ოდენობის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საურავის დარიცხვა მოიჯარეს არ ათავისუფლებდა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან.

1.2.2. 01.07.2010 წლიდან 01.07.2011 წლამდე საიჯარო ქირის დავალიანება _ 23 604 ლარი მოპასუხემ გადაიხადა 2012 წლის აპრილში.

1.2.3. იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 108 007,97 ლარის ოდენობით.

1.2.4. 11.02.2015წ. მეიჯარესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება და სამინისტროს გადაეცა მეიჯარის ყველა მოთხოვნა და უფლება, მათ შორის მოპასუხის დებიტორული დავალიანება 108 007,97 ლარის ოდენობით.

1.2.5. 27.04.2012 წლის წერილში მოპასუხის მიერ გამოხატული ნება არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებას, რადგანაც მოპასუხემ მითითებულ წერილში მზადყოფნა გამოთქვა საიჯარო დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით და ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლოს საპატიოდ ჩათვლა მოითხოვა. იგი წინააღმდეგია და არ აცხადებს თანხმობას დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე. წერილი არ შეიცავს ნებას მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულების დაპირების შესახებ, რის გამოც, იგი ვალის არსებობის აღიარებად ვერ მიიჩნევა.

1.2.6. მოსარჩელის მოთხოვნა 12.03.2012 წლამდე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ხანდაზმულია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში 12.03.2015 წელს წარადგინა, რითაც ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ 3-წლიანი ხანდაზმულობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა 12.03.2012 წლამდე არსებული მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულია. 01.07.2010 წლიდან 01.07.2011 წლამდე საიჯარო ქირის დავალიანება 23 604 ლარი მოპასუხემ 01.04.2012 წელს გადაიხადა. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება არსებობს მხოლოდ 12.03.2012 წლიდან 01.04.2012 წლამდე (სულ 19 დღე).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორადვე განმარტა ხანდაზმულობის საკითხი, რამდენადაც 27.04.2012წ. წერილით მოწინააღმდეგე მხარემ გამოთქვა მზაობა, დაეფარა ძირი დავალიანება და ითხოვა პირგასამტეხლოს საპატიოდ მიჩნევა; სასამართლომ ეს წერილი არასწორად არ მიიჩნია ვალის არსებობის აღიარებად, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას, მოიჯარემ ასევე აღიარა ვალდებულება გადახდით. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულის საპირისპიროდ, ხანდაზმულობის შეწყვეტა სასამართლომ სარჩელის შეტანის ფაქტს დაუკავშირა, ამასთანავე, პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მხოლოდ 19 დღის ვადაგადაცილებისათვის დაიშვება, რადგანაც საიჯარო ქირის გადახდით მოიჯარემ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოთხოვნაც აღიარა.

1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების შეწყვეტით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრებაც და მისი ოდენობა გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია გასული შესრულების ვადის დადგომიდან ფაქტობრივად შესრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად შეაფასა მოპასუხის წერილობითი მიმართვა და მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი. საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას დამატებით გაამახვილებს ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხზე სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 341-ე მუხლების კონტექსტში: მოხმობილ ნორმათაგან პირველი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მოვალის მიერ წერილში გამოხატული ნების სწორი შეფასების გზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) დაადგინა ის გარემოება, რომ მას პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე მზაობა არ გამოუთქვამს, ხოლო საიჯარო ქირის გადახდა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აღიარებას. რაც შეეხება ვალდებულების „სხვაგვარად აღიარების“ საკითხს, მასში მოიაზრება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი არაორაზროვნად ადასტურებს ვალდებულების შესრულების მზაობას, ანუ მოვალე გაცნობიერებულად გამოთქვამს ნებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნას შეასრულებს. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად _ სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ-ებები: №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი).

1.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი, ისე _ მისი დამხმარე ნორმა: სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 417-ე მუხლები, ასევე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის საკითხის შემოწმებისას სწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის (პირგასამტეხლოს 0,1%-მდე შემცირებას) გამოყენების კანონიერებას, ამ ნაწილში კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს საკითხი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესწავლისას პალატის კვლევის საგანი არ გამხდარა.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი