Facebook Twitter

საქმე №ას-349-334-2016 3 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. შ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ო-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ჯ. შ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ო-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მხარეთა შორის 2005 წლის 18 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული და უსაფუძვლოა, ამასთანავე, სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს ამავე მხარეებს შორის, რომლითაც სადავო გარიგების ნამდვილობაა დადასტურებული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, განაწილდა მხარეთა შორის საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი და მის მოთხოვნას წარმოადგენდა 80 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სხვა მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მან სააპელაციო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით დაადგინა ხარვეზი და ნაცვლად 150 ლარისა, განმარტა,რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 2 228 ლარი იყო, რაც არასწორია. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პასუხად აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტს, გარდა აღიარებითისა (მიკუთვნებითი), სხვა მოთხოვნა არ დაუყენებია, დავის ამ ეტაპზე იგი ქონებრივ ინტერესს არ გამოთქვამდა. საინტერესოა, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ დავის საგნის ღირებულება ქონების საბაზრო ფასით უნდა განსაზღვრულიყო, რატომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დავის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ქონებაზე უფლებას ვერ მოიპოვებდა, სწორედ ასეთ შემთხვევაში დადგებოდა დღის წესრიგში ახალი სარჩელის აღძვრის აუცილებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ჯ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების (ნასყიდობის) ბათილად ცნობა;

1.2.2. საქმეში წარმოდგენილია ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ნივთის 1 კვ. მეტრის ღირებულება 743,28 ლარით არის განსაზღვრული;

1.2.3. არ დაკმაყოფილდა რა სარჩელი, სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას;

1.2.4. სააპელაციო საჩივარს აპელანტმა დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი;

1.2.5. 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის შესაბამისად, გაიზიარა აუდიტორულ დასკვნაში მითითებული ქონების საბაზრო ღირებულება, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეაფასა 59 462,4 ლარით, რომლის 4% შეადგენს 2 378,49 ლარს, ხოლო უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში დაავალა დამატებით 2 228 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა, ხოლო არ გამოასწორა რა აპელანტმა ხარვეზი იმ დასაბუთებით, რომ მისი სარჩელი იყო აღიარებითი, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაყრდნობით, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი;

1.2.6. განსახილველი კერძო საჩივრით მხარე ადასტურებს, რომ მას მიკუთვნებითი/ნეგატორული ან სხვა ტიპის სარჩელი, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ქონებრივ უფლებებს წარმოუშობდა, არ აღუძრავს, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი ახალი სარჩელის აღძრვას გეგმავდა. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე მიაჩნია მხარეს, რომ მას სწორად აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარი და არ არსებობდა ხარვეზის დადგენის/სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

1.3. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივარს და უპირველესად განმარტავს იმას, რომ წარმოდგენილი სარჩელის დასაშვებობის საკითხიც კი არ არის სრულყოფილად გადაწყვეტილი. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ, თუმცა კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, საკასაციო პალატა, ბუნებრივია, სარჩელის დასაშვებობაზე ვერ იმსჯელებს (სსსკ-ის 414.1 მუხლი).

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი).

1.5. მოხმობილი განმარტებიდან გამოდმინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა აუდიტორული დასკვნით დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის და სწორად დააკისრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტს არ უთხოვია საპროცესო ვადის გაგრძელება (სსსკ-ის 368.7 მუხლი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

1.7. რაც შეეხება კერძო საჩივარსა და #... განცხადებაზე დართულ განჩინების ასლებს, რომლითაც ჯ.შ-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს, რამდენადაც საქმეში, ბუნებრივია, ამ განჩინების დედანია წარმოდგენილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარსა და #... განცხადებაზე დართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის #... განჩინების ასლები 10 (ათი) ფურცლად.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური