საქმე №ა-1703-შ-40-2016 3 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - თ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჭ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჭ-ესა და თ. ა-ეს შორის არსებული ქორწინება გაუქმდა, ასევე განისაზღვრა მეურვეობისა და ბავშვთან ურთიერთობის საკითხი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ა-ემ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა რომ:
3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები;
3.2. გადაწყვეტილება 2011 წლის 15 ივლისიდან კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
3.3. შუამდგომლობაზე დართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
3.4. შუამდგომლობას ერთვის მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განხილვის საკითხის თაობაზე და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით თ.ა-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ა-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჭ-ესა და თ. ა-ეს შორის არსებული ქორწინება გაუქმდა, ასევე განისაზღვრა მეურვეობისა და ბავშვთან ურთიერთობის საკითხი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ა-ემ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა რომ:
3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები;
3.2. გადაწყვეტილება 2011 წლის 15 ივლისიდან კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
3.3. შუამდგომლობაზე დართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
3.4. შუამდგომლობას ერთვის მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განხილვის საკითხის თაობაზე და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ესა და ე. ჭ-ეს შორის ქორწინება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მეუღლეთა განქორწინების ნაწილში ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება რომლითაც ე. ჭ-ესა და თ. ა-ეს შორის არსებული ქორწინება გაუქმდა, ასევე განისაზღვრა მეურვეობისა და ბავშვთან ურთიერთობის საკითხი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური