საქმე №ას-475-456-2016 24 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ბრძანების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 22.12.2014წ. #... ბრძანების 1.7 პუნქტის ბათილად ცნობა და დამსაქმებლის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე აღდგება დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.
1.2. სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 26.11.2013 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის 19.2. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს დაევალა მოსარჩელის უზრუნველყოფა პირვანდელი სამუშაო ადგილის (სს „თ-ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის) ტოლფასი სამუშაოთი, მაგრამ 22.12.2014 წლის ბრძანებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა საზოგადოების კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 25 დეკემბრიდან. დასაქმებულისათვის შეთავაზებული სამუშაო ადგილი არ შეესაბამება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის სადავო საკითხი გადაწყვეტილია, იგი აღდგენილია ტოლფას სამუშაოზე შესაბამისი ბრძანებით და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არ არსებობს. ამასთან, მოსარჩელე არ ეთანხმება ტოლფას სამუშაოზე აღდგენას, თუმცა, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აგრძელებს. საკითხი იმის თაობაზე, ითვლება თუ არა მოსარჩელე აღდგენილად ტოლფას სამუშაოზე, სააღსრულებო წარმოების სტადიაზეა გადასაწყვეტი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დამსაქმებლის 22.12.2014 წ. #... ბრძანების 1.7 პუნქტი და დაევალა დამსაქმებელს, აღადგინოს დასაქმებული გათავისუფლებამდე არსებული სამუშაო ადგილის (სს „თ-ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამანტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის) ტოლფას სამუშაოზე. სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.11.2013წ. გადაწყვეტილებით (საქმე №...) თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „თ-ის“ 2012 წლის 24 ივლისის #... ბრძანება თ. გ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; დამსაქმებელს დაევალა მოსარჩელის უზრუნველყოფა პირვანდელი სამუშაო ადგილის (სს „თ-ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი) ტოლფასი სამუშაოთი; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25.07.2012 წლიდან 02.04.2013 წლამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 2 400 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 05.11.2014 წელს და იმავე წლის 17 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
1.2.2. მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დამსაქმებელმა 22.12.2014 წელს გამოსცა №... ბრძანება, რომლითაც 2014 წლის 25 დეკემბრიდან მოსარჩელე აღდგენილ იქნა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, შრომის ანაზღაურებით - 2 400 ლარი (დარიცხული);
1.2.3. თანამდებობა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს, აღარ არსებობს. მოპასუხის 20.05.2013 წლის #... ბრძანებით გაუქმდა „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრი, მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებითა და საშტატო ერთეულებით;
1.2.4. მართალია, მოსარჩელე 2014 წლის 25 დეკემბრიდან აგრძელებს მუშაობს ახალ თანამდებობაზე, მაგრამ მიიჩნევს, რომ ახალი თანამდებობა არ არის ადრე დაკავებულის ტოლფასი, არამედ ფუნქციურად განსხვავებულია, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს 26.11.2013წ. გადაწყვეტილება სრულფასოვად არ აღსრულებულა, სწორედ ამ გარემოებას ხდიდა სადავოდ დასაქმებული წინამდებარე სარჩელით და მოითხოვდა ბიზნესცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენას.
1.2.5. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სარჩელი, მან კვლავ არ მიუთითა ტოლფას თანამდებობაზე მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავად ასახელებდა ასეთ თანამდებობას და განმარტავდა, რომ დამსაქმებლის 22.12.2014წ. #... ბრძანების 1.7 პუნქტის ბათილად ცნობის მიმართ მისი იურიუდიული ინტერესი იყო ის, რომ დამსაქმებელს აღედგინა ბიზნესცენტრის უფროსის თანამდებობაზე, რაც გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ფაქტზე მიუთითებდა, რამდენადაც არსებული მდგომარეობით მოპასუხე საწარმოში აბონენტთა მომსახურების ცენტრები რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულია და მათი ფუნქციები შეითავსეს უფრო მსხვილმა ერთეულებმა _ „ბიზნესცენტრებმა“, რომელთა რაოდენობა შეადგენს ათს. ათივე ბიზნესცენტრში დაკავებულია როგორც უფროსის, ისე მოადგილის საშტატო ერთეულები, რის გამოც, რომელიმე ბიზნესცენტრის უფროსის (ან მოადგილის) თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა აღემატება პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობასა და მის ფუნქციურ დატვირთვას, აბონენტთა მომსახურების ცენტრს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა ბიზნესცენტრი და მათი დებულება და საშტატო განრიგი განსხვავებული არ არის; მოწინააღმდეგე მხარე კი, ცდილობს არაკეთილსინდისიერად წარმოაჩინოს ის გარემოება, თითქოს აღარ არსებობს ძველი თანამდებობა და ის ადგილი, რომელზეც აღდგენილ იქნა კასატორი წარმოადგენს გათავისუფლებამდე ამ უკანასკნელის მიერ დაკავებულის ტოლფასს; ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ასევე, არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოპასუხის ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება; სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილს, ასევე, შრომის არსებით პირობებთან არასწორად აკავშირებს ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილს, კასატორს თანხმობა არ მიუცია მოპასუხისათვის განსხავებული შრომითი პირობებით განსხვავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილ თანამშრომლებს პრემიებსა და დანამატებს არ აძლევს.
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანი მოსარჩელის ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოთხოვნის ავტორს (მოსარჩელეს) უნდა დაეკისროს და არა მოთხოვნის ადრესატს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული კი, შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასს სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობა წარმოადგენს, რაც არასწორად არ გაიზიარა ქვემდგომმა სასამართლომ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, ხოლო კასატორი არ შედავებია იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამსახურის _ სერვისცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობა მოპასუხეს არ აქვს, გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ კასატორი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი აქტით _ ბრძანებით, რაც შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ შრომით ხეკლშეკრულებას უთანაბრდება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს, წარმოადგენს მის აქცეპტს შეთავაზებულ პირობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად განმარტა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სწორადვე დაამყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოთ მოხმობილ განჩინებაში საკასაციო პალატის მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.05.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. გ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.05.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი