Facebook Twitter

საქმე № 010210015001016090

საქმე №ას-214-204-2016 22 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ღ.-ი, ო. ს.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ბ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ღ.-ის (მსესხებელი), ო. ს.-ის (თავდები) (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეთათვის სოლიდარულად 10 948 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4221 აშშ დოლარი, სარგებელი – 1094 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 5633 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 1 ივნისს მსესხებელთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და გასცა 4522 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 12 თვის ვადით წლიური 48%-ის დარიცხვით. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის – 0.2 %-ის გადახდაზე. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ 2013 წლის 1 ივნისს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დადო თავდებთან, შესაბამისად, მსესხებლის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა. სესხი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რომელიც მსესხებელმა დაარღვია და თანხა დროულად არ გადაიხადა. სესხი არ დაფარა თავდებმაც. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის სესხზე მოპასუხეებს დაერიცხათ პირგასამტეხლო.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მათ გადასახდელი აქვთ მხოლოდ სესხის ძირი თანხა – 4212 აშშ დოლარი, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის – 4221 აშშ დოლარის, სარგებლის – 1094 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 1700 აშშ დოლარის, სულ – 7015 აშშ დოლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით პირგასამტეხლოს სახით დაეკისრათ 2413,81 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტმა მსესხებელს გადასცა 4522 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 12 თვის ვადით წლიური 48%-ის დარიცხვით.

7. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 0.2 %.

8. მსესხებელთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა იკისრა თავდებმა მოპასუხემ.

9. მსესხებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და 2013 წლის 1 აგვისტოდან შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს სესხის ძირითადი თანხა 4221 აშშ დოლარის ოდენობით არ გადაუხდია. ასევე უდავოა, რომ გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს შეადგენს 1094 აშშ დოლარი. შესაბამისად, მსესხებლის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5315 აშშ დოლარს.

11. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.10. პუნქტი შეიცავს შემდეგი შინაარსის დათქმას, რომ მსესხებლის მიერ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, ანუ სესხის ვადაგადაცილებისას, მსესხებლის მიერ გადახდილი ჯარიმის ოდენობა შეადგენს ნარჩენი სესხის თანხის 0.2 პროცენტს ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

12. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია პირგასამტეხლოს ოდენობის წესის განსაზღვრის ნაწილში, სადაც სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაუკავშირა პროცენტის სახით მიუღებელ შემოსავალს და ამით განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაანგარიშებული ვადადარღვევისა და პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი, რომელიც, პალატის მოსაზრებით, შეადგენს 12 თვესა და 22 დღეს და არა 1 წელსა და 4 თვეს. შემდეგი ანგარიშით: სესხი გაიცა 2013 წლის 1 ივნისს. სესხის ვადა ამოიწურა 2014 წლის 1 ივნისს, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 2015 წლის 23 ივნისს, ე.ი. 1 წელსა და 22 დღეში. ანუ 365 დღეს + 22 დღე = 387 დღეს.

13. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დარჩენილი ძირი თანხისა და გადაუხედელი სარგებლის ჯამია (4221+1094 =) 5315 აშშ დოლარი.

14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ მითითებულ თანხას (ანუ ძირითადი თანხისა და პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ჯამს – 5315 აშშ დოლარს) უნდა დაერიცხოს ყოველდღიური 0.2%, რაც შეადგენს (5315 აშშ დოლარის 0.2% = 10.63 აშშ დოლარს) 10.63 აშშ დოლარს (ყოველდღიურად), მხოლოდ არა წელიწადსა და 4 თვეზე, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიანგარიშა, არამედ ერთ წელსა და 22 დღეზე, ე.ი. 387 დღეზე, რაც შეადგენს 10.63$ * 387 დღეზე = 4113.81 აშშ დოლარს. 4113.81 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული 1700 აშშ დოლარი, რაც 2413.81 აშშ დოლარის ტოლია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული თანხა უნდა მიეცეს დამატებით მოსარჩელეს, ანუ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს სულ – 4113.81 აშშ დოლარით.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვადადარღვევისა და პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდს შეადგენს 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 23 ივნისამდე (სარჩელის წარდგენამდე) პერიოდი – 1 წელი და 22 დღე. აღნიშნულ პერიოდზე 5315 აშშ დოლარის დღიურად 0.2% =10.63 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გავამრავლოთ 387 დღეზე, რაც = 4113.81 აშშ დოლარს.

16. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 4113.81 აშშ დოლარს.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე მუხლისა და 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება, დააბრუნოს სესხის საგანი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს გადახდილი სესხის ძირითადი თანხა 4221 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს შეადგენს 1094 აშშ დოლარი. შესაბამისად, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ გადაუხდელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5315 აშშ დოლარს.

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობად მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს დარჩენილი სესხის თანხის 0.2%, ანუ არა მხოლოდ გადაუხდელი ძირითადი სესხის 0.2%, არამედ დარჩენილი სესხის 0.2%, რაც ცხადია თავის თავში მოიცავს იმ პერიოდისთვის გადაუხდელ არა მხოლოდ ძირ თანხას, არამედ პროცენტსაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ანუ მათ სააპელაციო სასამართლოშიც დადასტურეს, რომ პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო დავალიანებიდან, რომელიც მოიცავდა, როგორც ძირ თანხას, ისე პროცენტს.

19. სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის პროფესიული საქმიანობაა სესხის გაცემა და ამ გზით მოგების მიღება. ამიტომ, გონივრულია ყოველდღიურად პირგასამტეხლოს ოდენობად 0.2%-ის განსაზღვრა, შრომით-სამართლებრივი დავისაგან განსხვავებით, სადაც პირგასამტეხლოს ოდენობად 0.07%-ია გათვალისწინებული.

20. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვადადარღვევისა და პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდს შეადგენს 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 23 ივნისამდე (სარჩელის წარდგენამდე) პერიოდი – 1 წელი და 22 დღე. აღნიშნულ პერიოდზე 5315 აშშ დოლარის დღიურად 0.2% უდრის 10.63 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გავამრავლოთ 387 დღეზე, რაც 4113.81 აშშ დოლარია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მითითებულ ნაწილში მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

22. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კრედიტორმა განგებ გაზარდა საჯარიმო პერიოდი, შეგნებულად არ მოითხოვა ვალდებულების შესრულება ისე, როგორც აღნიშნული გაწერილია სესხის ხელშეკრულების 6.3 პუნქტის პირობებით.

23. მხარის მითითებით, 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არამართლზომიერად დიდი ოდენობის პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

24. ასევე, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მოთხოვნა სარგებლის (პროცენტი და პირგასამტეხლო) ნაწილში. აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, კერძოდ, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. არ არის შეუზღუდავი არათანაზომიერად დიდი სარგებლის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით. მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა მიიღოს არათანაბარზომიერად დიდი სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს ძირითად თანხასთან ერთად მოსთხოვა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა, რაც საერთო ჯამში შეადგენს ძირითად თანხაზე გაცილებით მეტს.

25. კასატორის მოსაზრებით, მხარეებს შორის არსებული სესხის პირობებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, მას შემდეგ რაც მსესხებელმა ზედიზედ 3 თვის ვადაგადაცილებით ვერ შეძლო სასესხო ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მოეთხოვა იმ პერიოდისათვის არსებული ფულადი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და არა სადავო ოდენობით ჯარიმის გადახდა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხეთათვის გაზრდილი ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

28. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოდგენილა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

29. 2013 წლის 1 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტმა მსესხებელს გადასცა 4522 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 12 თვის ვადით წლიური 48%-ის დარიცხვით.

30. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 0.2 %.

31. მსესხებელთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა იკისრა თავდებმა მოპასუხემ.

32. მსესხებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და 2013 წლის 1 აგვისტოდან შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.

33. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს სესხის ძირითადი თანხა 4221 აშშ დოლარის ოდენობით არ გადაუხდია. ასევე უდავოა, რომ გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს შეადგენს 1094 აშშ დოლარი. შესაბამისად, მსესხებლის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5315 აშშ დოლარს.

34. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვადადარღვევისა და პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდს შეადგენს 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 23 ივნისამდე (სარჩელის წარდგენამდე) პერიოდი – 1 წელი და 22 დღე. აღნიშნულ პერიოდზე 5315 აშშ დოლარის დღიურად 0.2% შეადგენს 10.63 აშშ დოლარს, რომელიც 387 დღეზე გაანგარიშებით 4113.81 აშშ დოლარის ტოლია.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მათთვის ძირითადი სესხის, სარგებლისა და 1700 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მითითებული საკითხები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანი აღარ გამხდარა.

36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს გაზრდილ ოდენობას და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა არამართლზომიერად დიდი ოდენობისაა.

37. მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

40. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან[1].

42. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

43. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

44. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

45. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

46. საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც.

47. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალე მხარემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, რასაც არც თავად მხარე სადავოდ არ ხდის.

48. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ გადაუხდელი სესხის ძირი თანხაა 4221 აშშ დოლარი, სარგებელი – 1094 აშშ დოლარი, ანუ კრედიტორის მიმართ დავალიანებამ შეადგინა 5315 აშშ დოლარი.

49. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო სესხის ოდენობას, მოვალე მხარის დავალიანების მოცულობას (5315 აშშ დოლარი), ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას (1 წელი და 22 დღე) და მიაჩნია, რომ კასატორების არგუმენტი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით დასაბუთებულია.

50. სააპელაციო პალატის მსჯელობის თანახმად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს ძირითადი თანხა – 4221 აშშ დოლარი, სარგებელი – 1094 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს სახით სულ – 4113,81 ლარი (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული 1700 აშშ დოლარი და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დამატებული 2431,81 აშშ დოლარი).

51. სსკ-ის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები,როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

52. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; სუსგ 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013).

53. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ძირითადი ვალდებულებისა და დაკისრებული სარგებლის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს გონივრულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო ამგვარი სანქციის გონივრულ ფარგლებს აღემატება და, ფაქტობრივად, ძირითადი დავალიანების ოდენობას უთანაბრდება.

54. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფითა და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას ერთგვარი სანქციის ამოქმედებით შემოიფარგლება. იგი კრედიტორის გამდიდრებას არ ემსახურება და აღნიშნული მიზნით არ უნდა იქნეს გამოყენებული.

55. ამდენად, საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევის აუცილებლობის არარსებობის პირობებში, სსსკ-ის 411-ე მუხლის ძალით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ვინაიდან არ გამოვლენილა ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

56. მოცემული გარემოებების ყოველმხრივ და ურთიერთშეჯერებით შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს, რადგან პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს 1700 აშშ დოლარი.

57. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს.

58. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ბ.-ის“ სააპელაციო საჩივარი და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დააკისრა ა. ღ.-სა და ო. ს.-ის შპს „ბ.-ის“ სასარგებლოდ 231.4 ლარის გადახდა, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, და 200 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

59. წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ მოთხოვნაზე აპელანტს უარი ეთქვა, შესაბამისად, ზემოაღნიშნული სასამართლოსა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მითითებული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

60. ამავდროულად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ.-ს“ უნდა დაეკისროს კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა. ღ.-ისა და ო. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით პირგასამტეხლოს სახით 2413,81 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 231,4 ლარისა და იურიდიული მომსახურების – 200 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „ბ.-ის“ სარჩელი ა. ღ.-ისა და ო. ს.-ისათვის სოლიდარულად პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. ა. ღ.-სა და ო. ს.-ის შპს „ბ.-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს – 1700 აშშ დოლარის გადახდა.

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

6. შპს „ბ.-ს“ დაეკისროს კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა.

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე

[1] საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbeitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aufl.,Rn.6; BGH NJW 1963, S.1197.