Facebook Twitter

საქმე № 010210614801640

საქმე №ას-343-328-2016 10 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ქ.-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებების შეწყვეტილად გამოცხადება, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ქ.-ის (შემდგომში – კასატორი მოპასუხე), მ. მ.--ის, თ. ა.-ისა და თ. ა.-ის (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებების შეწყვეტილად გამოცხადების, ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 24 ნოემბერს კასატორ მოპასუხესთან გააფორმა №... ლიზინგის ხელშეკრულება 30 თვის ვადით. მთლიანი თანხა განისაზღვრა 15634 ლარი. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და თ. ა.-ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კასატორი მოპასუხის მიერ სალიზინგო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.

3. მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კასატორ მოპასუხეს ლიზინგის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ჩამოერთვა ლიზინგის საგანი – „ფ.-ის“ მარკის მიკროავტობუსი. ჩამორთმეული ლიზინგის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხის დავალიანებამ, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა 2702.5 ლარი.

4. ამავდროულად, 2012 წლის 20 თებერვალს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა №... სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოვალეს გადაეცა სესხი – 1336 ლარი 30 თვის ვადით. მოსარჩელემ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და დათქმულ დროს ვადაში გასცა თანხა მოპასუხეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უხეშად დაარღვია დადგენილი გადახდის გრაფიკი და სესხი არ დააბრუნა. შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა 1050,07 ლარის დავალიანება.

5. 2012 წლის 19 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო კიდევ ერთი სესხის ხელშეკრულება 3444,58 ლარზე 22 თვის ვადით. ამ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ერთი მხრივ, მოსარჩელეს, ხოლო მეორე მხრივ, მ. მ.--ესა და თ. ა.-ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მათ იტვირთეს სოლიდარული ვალდებულება სესხის დარღვევის შემთხვევაში. კასატორმა მოპასუხემ ამ შემთხვევაშიც დაარღვია დადგენილი გრაფიკი და სესხის თანხა სარგებლით არ გადაიხდა. მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანებამ შეადგინა 3241, 7 ლარი.

მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო კასატორმა მოპასუხე ნ. ქ.-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებების მოშლა, ნაკისრი ვალდებულების შესრულებად მიჩნევა და მოპასუხის წინაშე მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

7. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში მიმართა ძირითად მოსარჩელეს ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებით, რადგან არ ჰქონდა საკმარისი თანხა, ავტომობილის შესაძენად. კომპანიამ მას შესთავაზა მთლიანი ღირებულების 30%-ის შეტანა. კომპიუტერის მეშვეობით შეარჩევინეს „ფ.-ის“ მარკის ავტომობილი და შეჰპირდნენ, რომ ჩამოუყვანდნენ 20 დღის ვადაში.

8. 2012 წლის თებერვლის დასაწყისში სატელეფონო ზარით შეატყობინეს, რომ ავტომანქანა ჩამოსული იყო ბათუმის პორტში, სადაც დახვდა კომპანიის თანამშრომელი და ავტომანქანას გადაუღო სურათები, რომლებშიც კარგად ჩანს ყველა ის ნაკლი, რომელიც ამ ავტომობილს ახასიათებდა. მხარემ უარი განაცხადა ამ ავტომანქანის წამოყვანაზე, თუმცა მას შესთავაზეს დამატებით სესხის აღება, ავტომანქანის შესარემონტებლად და ამით დაიყოლიეს. ავტომანქანას ესაჭიროებოდა შეკეთება, რის გამოც აღნიშნული ნივთით ვერ სარგებლობდა, მაგრამ 2011 წლის 24 ნოემბრიდან 2012 წლის 22 მარტამდე მაინც იხდიდა განრიგით გათვალისწინებულ თანხას. 2012 წელს, ავტომანქანათ სარგებლობის მეექვსე თვეს ძარა დაიშალა და ჩამოვარდა, რადგან სრულად დაჟანგული იყო. შესაბამისად, მხარემ მიიჩნია, რომ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, თუმცა ლიზინგის საგანი მას მაინც ჩამოერთვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა 2011 წლის 24 ნოემბრის №... ლიზინგის ხელშეკრულება, ასევე, 2012 წლის 20 თებერვლის №... და 2012 წლის 19 ნოემბრის №... სესხის ხელშეკრულებები, ნ. ქ.-ეს და თ. ა.-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 697,5 ლარის გადახდა, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ნაწილში, ნ. ქ.-ეს დაეკისრა 1050,07 ლარის გადახდა, 2012 წლის 20 თებერვლის №... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ნაწილში, ნ. ქ.-ეს, მ. მ.--ეს და თ. ა.-ეს სოლიდურად დაეკისრათ 3 241,7 ლარის გადახდა, 2012 წლის 19 ნოემბრის №... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ნაწილში, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა, სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ნ. ქ.-ესა და თ. ა.-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 2 702 ლარის გადახდა, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ნაწილში, ნ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ქ.-ეს დაეკისრა 553,68 ლარის გადახდა, 2012 წლის 20 თებერვლის №... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში ნ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 24 ნოემბერს შპს „ა.-სა“ და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება 30 თვის ვადით 15 634 ლარი საერთო თანხით. ლიზინგის საგანს წარმოადენდა მიკროავტობუსი „ფ.-ი“. ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი განისაზღვრა 375.71 ლარით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს თ. ა.-ესა და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის №... ხელშეკრულება, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 17 197 ლარით.

13. 2012 წლის 20 თებერვალს შპს „ა.-სა“ და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა №... სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობა განისაზღვრა 1336 ლარით, სესხის ვადა – 30 თვით, ხოლო ყოველთვიური შესატანი 65 ლარით.

14. 2012 წლის 19 ოქტომბერს შპს „ა.-სა“ და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა N10401 სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობა განისაზღვრა 3444,58 ლარით, სესხის ვადა – 22 თვით, ყოველთვიური შესატანი კი – 209,06 ლარით.

15. მითითებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფის მიზნით, იმავე დღეს მ. მ.--ეს და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 5059 ლარით. მითითებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს თ. ა.-ესა და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 5059 ლარით.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ქ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოირიცხება შპს „ა.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, შესაბამისად, მიზანშეწონილია, პირველ რიგში შეფასდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით აპელანტ ნ. ქ.-ისა და აპელანტ თ. ა.-ის სააპელაციო პრეტენზიები.

17. სააპელაციო პალატის განმარტებით, შეგებებულ სარჩელში ნ. ქ.-ე მიუთითებდა ორ ძირითად არგუმენტზე. აპელანტის განმარტებით, ლიზინგის საგანი თავიდანვე იყო ნაკლის მქონე და იგი ვერ სარგებლობდა ამ ავტომანქანით, კერძოდ, ჩამოყვანილ „ფ.-ს“ ესაჭიროებოდა კაპიტალური შეკეთება, რამაც განაპირობა შპს „ა.-თან“ ორი სესხის ხელშეკრულების გაფორმება. ხოლო, მეორე ძირითად არგუმენტად ნ. ქ.-ე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისთვის ლიზინგის საგნის ჩამორთმევა განხორციელდა უკანონოდ, შესაბამისად, მისი შეფასებით ლიზინგის საგნის გამცემის მხრიდან დაირღვა ვალდებულება, რის გამოც, ლიზინგის საგნის მიმღები უფლებამოსილი იყო, აღარ შეესრულებინა ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. აპელანტმა თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 5805-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე, 579-ე, 369-ე, 405-ე, 398-ე და 399-ე მუხლებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმები.

18. სსკ-ის 576-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლიზინგის ხელშეკრულება წარმოადგენს სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობას და იგი ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, რაც განპირობებულია ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შემავალი ურთიერთობების და მონაწილე სუბიექტების სიმრავლით. მასში, ლიზინგის მიმღებისა და ლიზინგის საგნის გამცემის გარდა, შეიძლება, მონაწილეობდეს, ასევე, ლიზინგის საგნის მიმწოდებელიც (გამყიდველიც). არ არის გამორიცხული, რომ ლიზინგის საგნის გამცემი იმავდროულად წარმოადგენდეს ლიზინგის საგნის მიმწოდებელსაც და, შესაბამისად, ლიზინგის საგნის ხარისხზე პასუხისმგებელ პირსაც.

19. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სტატუსის მატარებელია ლიზინგის გამცემი, ანუ არის თუ არა ლიზინგის საგნის გამცემი იმავდროულად, ლიზინგის საგნის მიმწოდებელიც. აღნიშნულის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, ლიზინგის საგნის ნაკლის გამო, გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის სწორად განსაზღვრისათვის. სსკ-ის 5801 და 5803 მუხლების დანაწესი ამ სახის ზიანზე პასუხისმგებელ პირად ცალსახად განიხილავს ლიზინგის საგნის მიმწოდებელ პირს.

20. განსახილველ შემთხვევაში 2011 წლის 24 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა ადასტურებს, რომ ლიზინგის საგნის მიმღებმა თავად განსაზღვრა და შეარჩია ლიზინგის საგანი და ლიზინგის საგნის მიმწოდებელი, რაც გამორიცხავს ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობას, როგორც ლიზინგის საგნის ან მისი მიწოდების ვადების შესაბამისობაზე ლიზინგის მიმღების მოთხოვნებთან, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებასა და წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრულ მახასიათებლებთან.

21. პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად ნ. ქ.-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებაც ადასტურებს, რომ ლიზინგის საგნის მიმწოდებელი შეარჩია თავად ნ. ქ.-ემ დამოუკიდებლად.

22. როგორც ნ. ქ.-ის ახსნა-განმარტება, ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების 3.2. პუნქტში მოცემული პირობა ლიზინგის საგნის შესაბამისობაზე ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ ადასტურებს, რომ ლიზინგის გამცემი განსახილველ შემთხვევაში იმავდროულად არ წარმოადგენს ლიზინგის საგნის მიმწოდებელ პირს. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხე შპს „ა.-ი“ ვერ იქნება განხილული ლიზინგის საგნის მიმწოდებელ და ლიზინგის საგნის მიწოდების პირობებზე და ლიზინგის საგნის ხარისხზე პასუხისმგებელ პირად, აღნიშნული კი, ნ. ქ.-ისა და თ. ა.-ის პრეტენზიას ლიზინგის საგანის ნაკლის შესახებ მოცემულ დავაში უსაფუძვლოს ხდის. მართალია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტო მანქანა „ფ.-ს“ (ლიზინგის საგანი) მართლაც ესაჭიროებოდა გარკვეული ტექნიკური მომსახურების გაწევა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც ფაქტია, რომ ნ. ქ.-ემ შპს „ა.-თან“ გააფორმა 2012 წლის 20 თებერვლის №... და 2012 წლის 19 ოქტომბრის №... ხელშეკრულებები და, სააპელაციო პალატის შეფასებით, შესაძლოა, წამოყენებული იქნას პრეტენზია ლიზინგის საგნის ნაკლთან დაკავშირებით, თუმცა განსახილველ დავაში ლიზინგის გამცემის მიმართ ლიზინგის საგნის ნაკლის შესახებ პრეტენზია მოკლებულია დასაბუთებას და ვერ იქნება გაზიარებული.

23. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არ არის მნიშნელოვანი აპელანტების პრეტენზია იმის შესახებ, რომ ლიზინგის საგანი იყო ტექნიკურად გაუმართავი და ნ. ქ.-ეს მოუწია მასზე ხარჯის გაწევა, აგრეთვე, ლიზინგის საგნის საბაზრო ღირებულება ლიზინგის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასზე ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვინაიდან მოთხოვნის ადრესატი, ვის მიმართაც დაყენებული აქვს შეგებებული მოთხოვნა, არ წარმოადგენს ამ სახის ზიანზე და პრეტენზიაზე პასუხისმგებელ პირს. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. შეგებებული სარჩელით მხარე მოითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებისა და სესხის ხელშეკრულებების შეწყვეტას სამოქალაქო კოდექსის 5805 მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიასაც, ვინაიდან ლიზინგის საგნის ღირებულების შესახებ მტკიცებულება მოცემული დავის სწორად გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს.

24. მეორე სააპელაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ პირველ რიგში მიუთითა სსკ-ის 579-ე და 5805 მუხლების დანაწესზე.

25. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ასეთ გამონაკლისად კანონი განიხილავს 5805 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, როდესაც მფლობელობის უფლების შეზღუდვა ხდება უპირატესი უფლების მქონე პირის მიერ და თუკი ეს უფლება და პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება შეაჩერა ამ ნორმის მაკვალიფიცირებელ ძირითად გარემოებებზე. ლიზინგის საგნის მფლობელობის შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მესამე პირის მხრიდან, რომელიც ლიზინგის საგნის მიმართ სარგებლობს უკეთესი უფლებით და ეს უფლება და პრეტენზიები უნდა გამომდინარეობდეს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან.

27. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე 5805 მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილ დანაწესზე იმის შესახებ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

28. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ლიზინგის საგნის მიმღებ ნ. ქ.-ის მიერ ლიზინგის ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილების წარმომშობი წინაპირობები არ არსებობს.

29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ნ. ქ.-ე, როგორც ლიზინგის საგნის მიმღები, არ აღჭურვილა 5805 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილებით, კერძოდ, უდავოდ დადგენილია, რომ ნ. ქ.-ეს ლიზინგის საგნის მფლობელობა, ლიზინგის საგანზე მისი ჩამორთმევით, დააკარგვინა არა მესამე პირმა რაიმე უკეთესი უფლების და შესაბამისი პრეტენზიის წარდგენის გზით, არამედ უშუალოდ ლიზინგის გამცემმა. უდავოა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით შპს „ა.-მა“ ნ. ქ.-ეს 2013 წლის 30 აპრილს ჩამოართვა ლიზინგის საგანი. შესაბამისად, გამოირიცხება იმ მეორე აუცილებელი წინაპირობის არსებობაც, რომ უკეთესი უფლების და შესაბამისი პრეტენზიის წარმოშობა მესამე პირისათვის გამოწვეული უნდა იყოს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებით. ცხადია, რომ ლიზინგის გამცემს მოცემულ ლიზინგის საგანზე მესამე პირის სასარგებლოდ ნასყიდობის ან, მაგალითად, ჩუქების ხელშეკრულება არ დაუდია, რომლისგანაც, უკვე როგორც მესაკუთრისაგან განხორციელდებოდა ნ. ქ.-ისათვის ლიზინგის საგნის ჩამორთმევა.

30. სააპელაციო პალატამ საკითხის სწორის შეფასებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია, განეხილა შპს „ა.-ის“ მიერ ნ. ქ.-ისათვის ლიზინგის საგნის მართლზომიერების საკითხიც, რამდენადაც აპელანტი მისთვის ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შესახებ შპს „ა.-ის“ მიერ განხორციელებულ ქმედებას განიხილავს ბრალეულად.

31. 2011 წლის 24 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. პუნქტის თანახმად, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მოითხოვოს ლიზინგის საგნის დაბრუნება, თუ ლიზინგის მიმღები არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუკი ლიზინგის მიმღები გადააცილებს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდას 30 (ოცდაათი) დღის ვადით, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაუყოვნებლივი დაბრუნება. ლიზინგის საგნის დაბრუნება არ გულისხმობს ხელშეკრულების ავტომატურ მოშლას. ამ დროს ლიზინგის გამცემი ლიზინგის მიმღებს ოფიციალური გაფრთხილებით განუსაზღვრავს ვალდებულების დაფარვის ვადას და თუკი ამ ვადაშიც ლიზინგის მიმღები არ დაფარავს დავალიანებას, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და ლიზინგის მიმღებს მოსთხოვოს ლიზინგის საზღაურის (დავალიანების) და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა......

32. მითითებული პუნქტის პირველ წინადადებაში მოცემული პირობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით აღჭურვილია იმ შემთხვევაში, თუკი ლიზინგის მიმღები დაარღვევდა ლიზინგის ხელშეკრულებას ან თუ იგი არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

33. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პრეტენზია, რომ ლიზინგის საგნის დაბრუნების უფლებამოსილება ლიზინგის გამცემს წარმოეშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები ლიზინგის თანხის გადახდის ვადას გადააცილებდა 30 დღის ვადით, ვინაიდან გადახდის 30-დღიანი ვადის გადაცილების შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადგენა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაუყოვნებლივი დაბრუნება. 30-დღიანი ვადაგადაცილების არარსებობის შემთხვევაში კი, ლიზინგის გამცემს წარმოეშობოდა ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შესახებ ლიზინგის მიმღების გაფრთხილების ვალდებულება.

34. ლიზინგის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღების მხრიდან უდავო და აშკარა დარღვევად ჩაითვლება: სალიზინგო გადასახადის გადაუხდელობა წინამდებარე ხელშეკრულებით (5.1.1. პუნქტი) გათვალისწინებულ ვადაში (9.3.1. პუნქტი); №2 დანართით გათვალისწინებული პირველადი შენატანის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხდელობა (9.3.2. პუნქტი). ლიზინგის ხელშეკრულების 5.5.2 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია გამოიყენოს ლიზინგის საგანი მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ, უზრუნველყოს ლიზინგის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენახვა, დაიცვას შესაბამისი სტანდარტები, ტექნიკური პირობები, მოძრაობის უსაფრთხოების, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების (პარკირების და სხვა) და აქტივის მომსახურების წესები. ლიზინგის ხელშეკრულების 10.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ლიზინგის გამცემის მიერ ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში თუ არსებობს: ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო გადასახადების ზედიზედ 2-ჯერ გადაუხდელობა ან არასრულად გადახდა (10.4.3. პუნქტი); ლიზინგის მიმღების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 5.3. და 5.5.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (10.4. 5. პუნქტი); ხელშეკრულების №2 დანართი წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ფაქტობრივად განხორციელებული გადახდების ამონაწერი. მითითებული ორი დოკუმენტის ურთიერთშედარებით ცალსახად დგინდება, რომ ლიზინგის მიმღებმა გადააცილა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადას 15 დღით, კერძოდ, №2 დანართში გადახდის თარიღად დაფიქსირებულია 2013 წლის 15 იანვარი, თუმცა ფაქტობრივად განხორციელებული გადახდების ამონაწერით დასტურდება, რომ გადახდა შესრულებულია 2013 წლის 30 იანვარს. ამავე დოკუმენტების ურთიერთშედარებით ასევე დასტურდება, რომ 2013 წლის 15 თებერვალს გადასახდელი სალიზინგო საზღაური გადახდილ იქნა 2013 წლის 4 მარტს.

35. უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ. ქ.-ემ მიკროავტობუსი „ფ.-ით“ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ლიზინგის საგანი.

36. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. ქ.-ის, როგორ ლიზინგის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულება სალიზინგო გადასახადის გრაფიკის მიხედვით დროულად გადახდის, აგრეთვე, სალიზინგო საგნის სათანადოდ მოვლის შესახებ დარღვეულია, რაც ლიზინგის გამცემს ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე ანიჭებდა ლიზინგის საგნის ჩამორთმევის უფლებას, თუმცა, ვინაიდან ნ. ქ.-ეს სალიზინგო გადასახდელის შესახებ ვალდებულების შესრულება 30 დღით არ გადაუცილებია, შპს „ა.-ს“ ნ. ქ.-ისათვის ლიზინგის საგნის ჩამორთმევა უნდა განეხორციელებინა შესაბამისი გაფრთხილების ვალდებულების დაცვით. ასევე დადგენილია, რომ, მართალია, ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს გაუგზავნა 2013 წლის 2 აპრილით დათარიღებული წერილი, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული წერილი ადრესატს არ ჩაბარებია (საქმეში არ არის წარმოდგენილი ადრესატ ნ. ქ.-ისათვის (ლიზინგის მიმღები), მითითებული წერილობითი შეტყობინებების ჩაბარების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები). ლიზინგის ხელშეკრულების 12.6. პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, კი სალიზინგო და ლიზინგთან დაკავშირებული სადაზღვევო დავალიანებების შესახებ წერილობითი შეტყობინების რომელიმე მხარის ბრალით მიუღებლობის შემთხვევაში, საკმარისად ჩაითვლება ასეთი ინფორმაციის საჯარო გამოცხადება, ან სატელეფონო შეტყობინება. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ნ. ქ.-ისათვის გაფრთხილების საჯაროდ გავრცელების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლიზინგის გამცემმა ნ. ქ.-ეს ლიზინგის საგანი ჩამოართვა სათანადო გაფრთხილების ვალდებულების დარღვევით.

37. მიუხედავად იმისა, რომ ლიზინგის საგნის ჩამორთმევა შპს „ა.-ის“ მიერ განხორციელდა გაფრთხილების ვალდებულების შეტყობინების დარღვევით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ნ. ქ.-ისათვის ლიზინგის საგნის ჩამორთმევა მაინც არ წარმოადგენს მისი მხრიდან არამართლზომიერ და 2805-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალეულ ქმედებას, ვინაიდან ლიზინგის საგნის ჩამორთმევა გამოწვეულია ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, რაც ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე მას ანიჭებდა ამ ქმედების განხორციელების საფუძველს. ის, რომ ეს ქმედება ლიზინგის გამცემმა განახორციელა გაფრთხილების ვალდებულების გარეშე, აღნიშნული არ განაპირობებს ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შესახებ ქმედების არამართლზომიერებას, რამდენადაც, პალატის შეფასებით, გაფრთხილების ვალდებულების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს პროცედურული ხასიათის დარღვევას და იგი ვერ იქნება მთავარი მაკვალიფიცირებელი ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შესახებ ქმედების არამართლზომიერად მიჩნევისათვის.

38. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან, სსკ-ის 5805 მეორე ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობა გამოირიცხება, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის ამ პრეტენზიის გაზიარების საფუძველი და ლიზინგის და სესხის ხელშეკრულებების მოშლის და, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ ნ. ქ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. ზემოთ მითითებული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა ნ. ქ.-ის შეგებებული სარჩელის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.

39. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ნ. ქ.-ის პოზიცია შპს „ა.-ის“ სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული, ასევე, იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნ. ქ.-ე 2013 წლის აპრილიდან აღარ ასრულებდა ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრ, ასევე, 2012 წლის 20 თებერვლის სესხის (№...) და 2012 წლის 19 ოქტომბრის (№...) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლიზინგის გამცემი, სამოქალაქო კოდექსის 5805 მუხლის პირველი ნაწილის, 627-ე, 891-ე მუხლების, ასევე, მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 24 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილია, ლიზინგის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების არსებითი დარღვევის გამო, მოითხოვოს ლიზინგის, სესხის ხელშეკრულებების მოშლა და ლიზინგის მიმღების მიერ, ასევე, თავდები პირებისაგან შესაბამისად, ლიზინგის ხელშეკრულებიდან და სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულება.

40. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტ ნ. ქ.-ის პრეტენზია, რომ ლიზინგის გამცემს, სსკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებები არ შეუწყვეტია და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

41. სსკ-ის 51-ე მუხლის თანახმად, საკითხი იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა კონტრაჰენტის მხრიდან ნების გამოვლენა, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, შპს „ა.-ს“ ნ. ქ.-ისათვის ასეთი წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ გაუგზავნია, (ცალმხრივი ნების გამოვლენა), თუმცა პალატის შეფასებით, ასეთი ნება (ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) შპს „ა.-მა“ გამოავლინა განსახილველ სარჩელში, რომელიც ჩაბარებული აქვთ მოპასუხეებს. ამასთან, ფაქტია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულების შესახებ, მოპასუხემ დააფიქსირა კატეგორიული პოზიცია, ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უსაფუძვლობაზე სსკ-ის 579-ე და 5805 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე მითითებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლიზინგის გამცემის მხრიდან ვალდებულების შესრულებისათვის მათთვის დამატებითი ვადის დადგენის აუცილებლობაც გამოირიცხება. ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებები შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს სარჩელის წარდგენის მომენტიდან.

42. ნ. ქ.-ე ასევე პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის 20 თებერვლის №... სესხის ხელშეკრულებიდან, ასევე, 2012 წლის 19 ოქტომბრის №... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება არასწორად იქნა გამოთვლილი და მას არასწორად დაეკისრა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხები.

43. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია ამ პრეტენზიის დასაბუთების გამორკვევისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2012 წლის 20 თებერვლის სესხის №... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანება – 1050,07 ლარის ოდენობით, ნ. ქ.-ეს არასწორად დაეკისრა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრებით განხორციელებული გადახდების დაჯამებით დასტურდება, რომ ნ. ქ.-ის მიერ 2012 წლის 20 თებერვლის №... სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მთლიანად გადახდილია 1404 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის ვადის ამოწურვის დროისათვის გამსესხებელს ძირ თანხასთან ერთად პროცენტის ჩათვლით მთლიანად უნდა მიეღო 1958 ლარი და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდილია 1404 ლარი, მითითებულ თანხებს შორის სხვაობის – 553.68 ლარის (და არა 1050 ლარის) გადახდა უნდა დაეკისროს ნ. ქ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, ამ ნაწილში ნ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს.

44. რაც შეეხება 2012 წლის 19 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით განხორციელებული გადახდების დაჯამებით არ დადგინდა სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა არის უფრო მეტი, ვიდრე ამ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი დავალიანების ოდენობა.

45. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში ნ. ქ.-ის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით განხორციელებული გადახდების დაჯამებით ამ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა გამოდის უფრო ნაკლები, ვიდრე ეს დაანგარიშებული აქვს თავად გამსესხებელს (ლიზინგის გამცემს) მის მიერ წარმოდგენილ გადახდის გრაფიკში, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, 2012 წლის 19 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ოდენობა სასამართლომ სწორად განისაზღვრა და მოპასუხეებს სწორად დაეკისრათ სოლიდარულად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 3241,7 ლარის გადახდა.

46. შპს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზია, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ნ. ქ.-ისათვის ჩამორთმეული ლიზინგის საგნის საბაზრო ღირებულების სასამართლოს მხრიდან გარკვეულ ვარაუდებზე დაყრდნობით (მაგ: ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ოდენობით არ შეიძლებოდა შემცირებულიყო ლიზინგის საგნის ღირებულება) 2 500 აშშ დოლარად განსაზღვრა, სასამართლოს მოსაზრებით, მოკლებულია არათუ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებას, არამედ დამაჯერებელი მსჯელობის ხარისხსაც და შესაბამისად არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი.

47. ლიზინგის საგნის შეფასების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2011 წლის 24 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულების 10.7 პუნქტის თანახმად, ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების დარჩენილი ვალდებულების მოცულობა დამოკიდებულია დაბრუნების მომენტისათვის ლიზინგის საგნის საბაზრო ფასზე. საბაზრო ფასი განისაზღვრება ლიზინგის გამცემის გადაწყვეტილებით, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი წესის შესაბამისად, კერძოდ, 10.7.1. ლიზინგის საგნის რეალიზაციის ფასით რეალიზაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემის მიერ; 10.7.2. ლიზინგის საგნის საბაზრო შეფასება ხდება ლიზინგის გამცემის მიერ შერჩეული სერტიფიცირებული აუდიტორის ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ. მხარეები უპირობოდ აღიარებენ სერტიფიცირებული აუდიტორის ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის კომპეტენციას. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს „ა. ფ.-ის“ მიერ შედგენილი ავტომობილის მდგომარეობის და ღირებულების შეფასების თანახმად, ლიზინგის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 1 300 აშშ დოლარით.

48. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თუკი მოპასუხისათვის ლიზინგის გამცემის მიერ წარმოდგენილი შპს „ა. ფ.-ის“ მიერ შედგენილი ლიზინგის საგნის შეფასების აქტი არ იყო მისაღები, მას შეეძლო ამ დოკუმენტის საპირისპიროდ წარმოედგინა ალტერნატიული შეფასების დოკუმენტი, რაც მხარეს არ განუხორციელებია. წარმოუდგენლობის საპატიობასთან დაკავშირებით მსჯელობა, რომ ნ. ქ.-ის მფლობელობაში აღარ იმყოფებოდა ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, არადამაჯერებელია და არ ამართლებს მხარის პოზიციას, ვინაიდან შემფასებლის მიერ უშუალოდ ლიზინგის საგნის დათვალიერების გარეშეც, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების მიწოდების შემთხვევაში მხარეს შეეძლო, მოეპოვებინა შესაბამისი შეფასების დოკუმენტი (აღნიშნული მსჯელობა, ასევე მიუთითებს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობის დაუსაბუთებლობაზეც).

49. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული სადავო საკითხის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (შემდგომში – სსსკ) მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი – ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

50. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს „ა. ფ.-ის“ მიერ შედგენილი შეფასების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ლიზინგის საგნის ღირებულება 1300 აშშ დოლარზე გაცილებით მეტია, ამდენად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ ლიზინგის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 2 500 აშშ დოლარით.

51. ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ. ქ.-ის, როგორც ლიზინგის მიმღების დარჩენილი დავალიანების განსაზღვრისათვის ლიზინგის საგნის ღირებულება 1 300 აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარი – 2145 ლარი უნდა გამოაკლდეს მთლიან სალიზინგო დავალიანებას – 4847 ლარს. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ნ. ქ.-ისათვის და თავდები პირის თ. ა.-ისათვის ლიზინგის დარჩენილი დავალიანების – 2702 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

52. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების, სადავო ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. ქ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

53. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ მოიპოვება არც ერთი გადაწყვეტილება სსკ-ის 576-ე და 5805 მუხლების კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მანამდე არ მისცემია შესაძლებლობა, ემსჯელა ამ მუხლებთან დაკავშირებით და მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისთვის.

54. მხარის მოსაზრებით, სსკ 579-ე მუხლი იმპერატიულად უკრძალავს ლიზინგის გამცემს, როგორც არ უნდა დაარღვიოს ნაკისრი წილი ვალდებულება, უარი უთხრას ლიზინგის მიმღებს ვალდებულების შესრულებაზე. სსკ 54-ე მუხლის ძალით უცილოდ ბათილია ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6., 10.5., 10.6 და 10.7 პუნქტები, როგორც მართლსაწინააღმდეგო პირობები, რომლებიც სსკ 579-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება და, მითითებული ნორმის გვერდის ავლით, აწესებს შპს „ა.-ის“ უფლებას, ლიზინგის მიმღებს ჩამოართვას ლიზინგის საგანი და ამით მოუსპოს მას მფლობელობის უფლება, თუ ლიზინგის მიმღები არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის ვალდებულებებს.

55. ამდენად, შპს „ა.-ს“ არანაირი უფლება არ გააჩნდა, მიემართა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსათვის განცხადებით 2013 წლის აპრილის ბოლოს ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით სსსკ-ის 3091–3097 მუხლების საფუძველზე. აღნიშნულმა სასამართლომ კი, 2013 წლის 30 აპრილის ბრძანებით სრულიად უკანონოდ დაადგინა, რომ ლიზინგის საგანი შპს „ა.-ს“ უნდა დაბრუნებოდა. მითითებულის საფუძველზე არ იქნა გათვალისწინებული ნ. ქ.-ის არა ერთი თხოვნა, რომ არანაირად არ აპირებდა ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას და ყველა დავალიანებას დროულად დაფარავდა, მაშინვე ჩამოართვეს ლიზინგის საგანი.

56. აღნიშნული ქმედებით შპს „ა.-მა“ უხეშად დაარღვია სსკ 579-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, ლიზინგის ხელშეკრულება და სსკ 5761 მუხლით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულება, ლიზინგის მიმღებისათვის სარგებლობაში გადაეცა ლიზინგის საგანი. ეს დარღვევა იქიდან გამომდინარეობს, რომ ნ. ქ.-ეს ჩამოართვეს ლიზინგის საგანი, ანუ მოუსპეს მას ლიზინგის საგანზე მფლობელობის უფლება.

57. კასატორმა გამოიყენა სსკ 579-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი უთხრა შპს „ა.-ს“, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველთვიურ გადახდებზე, რადგან თავად ლიზინგის გამცემმა უკანონოდ დაუკავშირა ეს ხელშეკრულებები ერთმანეთს და ერთმანეთზე დამოკიდებული გახადა, ანუ ნ. ქ.-ემ განუმარტა შპს „ა.-ს“, რომ ის არ გადაუხდიდა ყოველთვიურ შენატანებს (არც ერთი ხელშეკრულებიდან) მანამდე, სანამ მას არ დაუბრუნებდნენ ლიზინგის საგანს.

58. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია, რომ სსკ 579-ე მუხლი და 5805 მუხლის მეორე ნაწილი ერთსა და იმავე ხელშეკრულების ვადამდე მოშლის (შეწყვეტის) უფლებას ანიჭებს ლიზინგის მიმღებს. რეალურად, ეს ორი მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ უფლების განსახორციელებლად ერთსა და იმავე წინაპირობებს ითვალისწინებს, სხვადასხვა უფლებას ანიჭებს ლიზინგის მიმღებს, კერძოდ, სსკ 579-ე მუხლი უფლებას აძლევს, უარი თქვას მისი წილი ვალდებულების შესრულებაზე დროებით, სანამ მას არ აღუდგენს მფლობელობას ნივთზე, ხოლო 5805 მუხლის მეორე ნაწილი უფლებას აძლევს, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება, უარი თქვას ვალდებულების სამომავლოდ შესრულებაზე სამუდამოდ.

59. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ აუცილებელია, მესამე პირმა ჩამოართვას ან შეუზღუდოს ლიზინგის მიმღებს მფლობელობა ლიზინგის საგანზე იმისათვის, რომ სსკ 5805 მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის ან სსკ 579-ე მუხლით გარანტირებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება მოიპოვოს ლიზინგის მიმღებმა. ამ მუხლებით მინიჭებული უფლებების გამოყენების უფლება ლიზინგის მიმღებს მაშინაც წარმოეშობა, როდესაც თავად ლიზინგის გამცემი ჩამოართმევს მას ლიზინგის საგანს ან სხვაგვარად უზღუდავს ლიზინგის საგნით სარგებლობის ან მფლობელობის უფლებას.

60. მხარის მითითებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგანი კანონიერად ჩამოართვა, რა დროსაც პალატამ არასწორად განმარტა №... ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. ქვეპუნქტი. უპირველესად აღსანიშნავია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დასახელებული ქვეპუნქტი უცილოდ ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, რადგან ეწინააღმდეგება სსკ-ის 579-ე მუხლის იმპერატიული აკრძალვას.

61. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ დაადგინა, რომ 1-29 დღემდე გადახდის გრაფიკისათვის გადაცილების შემთხვევაში ლიზინგის გამცემს ლიზინგის საგნის ჩამორთმევის უფლება ჰქონდა ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. ქვეპუნქტის მიხედვით, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი გაფრთხილებით. იმავდროულად, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ქმედება ლიზინგის გამცემმა განახორციელა გაფრთხილების ვალდებულების გარეშე, თუმცა აღნიშნული არ განაპირობებს ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შესახებ ქმედების არამართლზომიერებას, რამდენადაც, პალატის შეფასებით, გაფრთხილების ვალდებულების დარღვევა პროცედურული ხასიათისაა და ლიზინგის საგნის ჩამორთმევის შესახებ ქმედების არამართლზომიერად მიჩნევისთვის მთავარი მაკვალიფიცირებელი ვერ იქნება.

62. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჯერ არარსებული (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) უფლება მიანიჭა ლიზინგის გამცემს ლიზინგის ჩამორთმევის კუთხით, შემდეგ თვითონ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ უფლების განხორციელებისთვის არ არსებობდა ლიზინგის გამცემის მხრიდან სავალდებულო წინასწარი გაფრთხილება, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც კანონიერად მიიჩნია ლიზინგის საგნის ჩამორთმევა იმის გამო, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე საგნის ჩამორთმევა მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული ხასიათის დარღვევაა და არ იწვევს ჩამორთმევის ფაქტის უკანონოდ ცნობას.

63. ლიზინგის ხელშეკრულების 9.2 პუნქტით საკმაოდ დიდი ჯარიმა იყო გათვალისწინებული (თანხის 0.5%) ყოველ გადაცილებულ დღეზე და კასატორი იხდიდა ამ ჯარიმებს, ანუ, სანაცვლოდ მან სოლიდური ჯარიმები გადაიხადა, რითაც შპს „ა.-მა“ სარგებელიც კი ნახა, ანუ იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ გადახდის ვადის გადაცილება რამდენიმე დღით ისე აზიანებდა შპს „ა.-ის“ ინტერესებს, რომ მას ლიზინგის საგნის ჩამორთმევის უფლება მიენიჭა.

64. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა სსკ მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 115-ე მუხლის დანაწესები. აშკარა იყო, რომ უკანონობასთან ერთად, შპს „ა.-ი“ არაკეთილსინდისიერად მოიქცა, როდესაც ნ. ქ.-ეს ლიზინგის საგანი ჩამოართვა. აღნიშნული განხორციელდა მარტოოდენ ბოროტი განზრახვით, კასატორისათვის ზიანის მიყენების მიზნით. ლიზინგის გამცემმა აშკარად ბოროტად გამოიყენა მისი არარსებული უფლება სსკ-ის 115-ე მუხლის დანაწესის საწინააღმდეგოდ, რასაც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება.

65. სააპელაციო სასამართლოს შპს „ა.-ის“ მიერ ხელშეკრულების მოშლაზე მსჯელობისას უნდა ეხელმძღვანელა 5805 მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 405-ე მუხლის ზოგადი დანაწესი, რომელიც, როგორც წესი, ხელშეკრულებიდან გასვლას და არა ხელშეკრულების ვადამდე მოშლას (შეწყვეტას) არეგულირებს.

66. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 355-ე მუხლი და სრულიად უკანონოდ მიიჩნია მხარისათვის შეტყობინებად სასამართლოში სარჩელის შეტანა. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების მოშლას სასამართლოს მიერ დადასტურება არ სჭირდება (იხ. სუსგ 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-277-264-2013).

67. ამასთან, სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „ა.-ს“ ლიზინგის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის (შეწყვეტის) თაობაზე შეტყობინება პირადად ნ. ქ.-ისთვის უნდა გაეგზავნა.

68. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დაადგინა მისი მხრიდან ლიზინგის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენახვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულების დარღვევად ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის ფაქტი. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ნ. ქ.-ეს სადაზღვევო კომპანიამ საკმაოდ სოლიდური სადაზღვევო თანხა ჩაურიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტოავარია არ იყო გამოწვეული ნ. ქ.-ის ბრალეული ქმედებით.

69. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ქ.-ემ დაარღვია ლიზინგის საგნის მოვლა-პატრონობის ვალდებულება და ამით შექმნა ლიზინგის ხელშეკრულების 10.4.6. და 10.4.5. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სიტუაცია, რაც უფლებას ანიჭებდა ლიზინგის გამცემს, ვადამდე მოეშალა (შეეწყვიტა) ლიზინგის ხელშეკრულება.

70. კასატორმა აღნიშნა, რომ №... სესხის ხელშეკრულება არასრულად იყო წარმოდგენილი შპს „ა.-ის“ მიერ, მას აკლდა მე-2 და მე-4 გვერდები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს იგი ნამდვილად არ უნდა ჩაეთვალა.

71. კასატორის მოსაზრებით, უცილოდ ბათილია №... სესხის ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც ეს ხელშეკრულება მიბმულია №... ლიზინგის ხელშეკრულებასთან (ასევე №... სესხის ხელშეკრულებასთან) და ამ სესხის ხელშეკრულების დარღვევა ავტომატურად ლიზინგის და სესხის ხელშეკრულების დარღვევას იწვევს. ამ პირობების ბათილობა გამომდინარეობს სსკ-ის 346-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან, რადგან მსგავსი პირობების სტანდარტულ ხელშეკრულებაში ჩართვა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ხელყოფს და აშკარად საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.

72. ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ №... სესხის ხელშეკრულება ჯერ დარღვეულად და შემდეგ შეწყვეტილად მაშინ, როდესაც თავად დაადგინა, რომ ნ. ქ.-ეს იმაზე 500 ლარით მეტი ჰქონდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი, ვიდრე ეს გადახდის გრაფიკით იყო გათვალისწინებული, რაც პირდაპირ გამორიცხავდა შპს „ა.-ის“ მხრიდან მისი შეწყვეტის შესაძლებლობას. ასევე, გაუგებარია, რატომ არ გააფრთხილეს თავად ნ. ქ.-ე მსგავსი წერილით 2013 წლის 17 ივნისის სარჩელის შეტანამდე.

73. ამასთან, 2013 წლის 17 ივნისის ორ წერილთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ მათი შინაარსის მიხედვით, შპს „ა.-მა“ 5 დღის ვადა მისცა თ. ა.-ესა და მ. მ.--ეს დავალიანების დასაფარად და თან მიუთითა, რომ თუ ამ 5 დღის ვადაში არ დაფარავდნენ 686 ლარს, საზოგადოება მიმართავდა სასამართლოს.

74. ამდენად, შპს „ა.-მა“ აღნიშნული წერილებით თავად დაივალდებულა თავი, შექმნა ახალი პირობა (ხელშეკრულების შეწყვეტის ახალი 5-დღიანი ვადა), რომ 5 დღის ვადას მისცემდა მოვალეებს ვალდებულების შესასრულებლად და თუ ეს ვადა უშედეგოდ გავიდოდა, მხოლოდ ამის შემდეგ იტოვებდა უფლებას, მიემართა სასამართლოსთვის. ამის მიუხედავად, შპს „ა.-ი“ ერთი დღის გასვლასაც კი არ დაელოდა და 2013 წლის 17 ივნისსვე მიმართა სასამართლოს ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, თავად შპს „ა.-მა“ დაარღვია ხელშეკრულების შეწყვეტისთვის და სასამართლოსთვის მიმართვისთვის დადგენილი 5-დღიანი ვადა და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა, შეეწყვიტა ხელშეკრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 17 ივნისის სარჩელის შეტანა მიიჩნია ხელშეკრულების შეწყვეტად შპს „ა.-ის“ მიერ.

75. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია, თუ მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ აგებს პასუხს. ეს მუხლი სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ძალით ხელშეკრულების მოშლაზე (შეწყვეტაზეც) ვრცელდება და მისი დანაწესის საფუძველზე შპს „ა.-ს“ არ ჰქონდა ხელშეკრულების ვადამდე მოშლის (შეწყვეტის) უფლება, რადგან თავად ჩამოართვა უკანონოდ ლიზინგის საგანი ნ. ქ.-ეს და მისცა საფუძველი მას სსკ-ის 579-ე მუხლზე დაყრდნობით შეეჩერებინა ყოველთვიური გადასახადები ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანუ, შპს „ა.-მა“ თავად შექმნა ხელშეკრულებების დარღვევის საფუძველი, რომელზეც მხოლოდ თვითონ იყო პასუხისმგებელი. არც ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია და საერთოდ არ უმსჯელია ამაზე.

76. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

77. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

78. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 24 ნოემბერს შპს „ა.-სა“ და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება 30 თვის ვადით 15 634 ლარი საერთო თანხით. ლიზინგის საგანს წარმოადენდა მიკროავტობუსი „ფ.-ი“. ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი განისაზღვრა 375.71 ლარით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს თ. ა.-ესა და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის №... ხელშეკრულება, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 17 197 ლარით.

79. 2012 წლის 20 თებერვალს შპს „ა.-სა“ და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა №... სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობა განისაზღვრა 1336 ლარით, სესხის ვადა – 30 თვით, ხოლო ყოველთვიური შესატანი 65 ლარით.

80. 2012 წლის 19 ოქტომბერს შპს „ა.-სა“ და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა N10401 სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობა განისაზღვრა 3444,58 ლარით, სესხის ვადა – 22 თვით, ყოველთვიური შესატანი კი – 209,06 ლარით.

81. მითითებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფის მიზნით, იმავე დღეს მ. მ.--ეს და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 5059 ლარით. მითითებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს თ. ა.-ესა და შპს „ა.-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 5059 ლარით.

82. განსახილველ შემთხვევაში 2011 წლის 24 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა ადასტურებს, რომ ლიზინგის საგნის მიმღებმა თავად განსაზღვრა და შეარჩია ლიზინგის საგანი და ლიზინგის საგნის მიმწოდებელი.

83. 2011 წლის 24 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულების 5.6.6. პუნქტის თანახმად, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მოითხოვოს ლიზინგის საგნის დაბრუნება, თუ ლიზინგის მიმღები არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუკი ლიზინგის მიმღები გადააცილებს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდას 30 (ოცდაათი) დღის ვადით, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაუყოვნებლივი დაბრუნება. ლიზინგის საგნის დაბრუნება არ გულისხმობს ხელშეკრულების ავტომატურ მოშლას. ამ დროს ლიზინგის გამცემი ლიზინგის მიმღებს ოფიციალური გაფრთხილებით განუსაზღვრავს ვალდებულების დაფარვის ვადას და თუკი ამ ვადაშიც ლიზინგის მიმღები არ დაფარავს დავალიანებას, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და ლიზინგის მიმღებს მოსთხოვოს ლიზინგის საზღაურის (დავალიანების) და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა......

84. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 აპრილს ლიზინგის ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით შპს „ა.-მა“ ნ. ქ.-ეს ლიზინგის საგანი ჩამოართვა. ასევე უდავოა, რომ ნ. ქ.-ეს ლიზინგის საგნის მფლობელობა, ლიზინგის საგანზე მისი ჩამორთმევით, დააკარგვინა არა მესამე პირმა რაიმე უკეთესი უფლების და შესაბამისი პრეტენზიის წარდგენის გზით, არამედ უშუალოდ ლიზინგის გამცემმა.

85. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლიზინგის გამცემის მიერ სადავო ხელშეკრულებების შეწყვეტის სამართლებრივი წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოპასუხეებს არასწორად დაეკისრათ თანხის გადახდა. ამავდროულად, მხარემ მოითხოვა მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

86. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

87. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

88. შეგებებულ სარჩელში მხარის ძირითად არგუმენტებად მითითებულია, რომ ლიზინგის საგანი თავიდანვე იყო ნაკლის მქონე, მხარე ვერ სარგებლობდა ამ ავტომანქანით, კერძოდ, ჩამოყვანილ „ფ.-ს“ ესაჭიროებოდა კაპიტალური შეკეთება, რამაც განაპირობა შპს „ა.-თან“ ორი სესხის ხელშეკრულების გაფორმება. ამავდროულად, ნ. ქ.-ითვის ლიზინგის საგნის ჩამორთმევა განხორციელდა უკანონოდ, შესაბამისად, მისი შეფასებით ლიზინგის საგნის გამცემის მხრიდან დაირღვა ვალდებულება, რის გამოც, ლიზინგის საგნის მიმღები უფლებამოსილი იყო, აღარ შეესრულებინა ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

89. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეგებებული სარჩელით მხარეს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.

90. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლიზინგის საგნის ნაკლის არსებობისას პასუხისმგებელი მხარის განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სადავო შემთხვევაში ლიზინგის მიმღებმა უპირველესად დაკმაყოფილება უნდა მოითხოვოს ქონების მიმწოდებლის და არა ლიზინგის გამცემისაგან (სუსგ 4.03.2015წ. საქმე №ას-1247-1187-2014).

91. დასაბუთებულ და დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისა და ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

92. აღნიშნულზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა სსკ-ის 579-ე და 5805 მუხლების დანაწესზე, კერძოდ, ლიზინგის ხელშეკრულებით არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლება იზღუდება ამ კოდექსის 5805 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. დასახელებული ნორმის მიხედვით კი, ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

93. ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულების მხარეები ვალდებული არიან, შეასრულონ მათ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი მოვალეობანი და ასეთზე უარი გაუმართლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ თავისი კუთვნილი ვალდებულება ამა თუ იმ მიზეზით არ შეასრულა. ამავდროულად, კანონმდებელმა გაითვალისწინა დათქმაც, რომ ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია, როდესაც მფლობელობის უფლების შეზღუდვა ხდება უპირატესი უფლების მქონე პირის მიერ და თუკი ეს უფლება და პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან.

94. შესაბამისად, ლიზინგის საგნის მფლობელობის შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მესამე პირის მხრიდან, რომელიც ლიზინგის საგნის მიმართ სარგებლობს უკეთესი უფლებით და ეს უფლება და პრეტენზიები უნდა გამომდინარეობდეს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან.

95. სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

96. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ლიზინგის საგნის მიმღებ ნ. ქ.-ის მიერ ლიზინგის ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილების წარმომშობი წინაპირობები არ არსებობდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი მართებულად მოითხოვა ლიზინგის საგნის გამოთხოვა და შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტა ლიზინგის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.

97. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

98. როგორც ზემოთაც აღინიშნა, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

99. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური