Facebook Twitter

საქმე №330210014433342

საქმე №ას-375-359-2016 17 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა.“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ძ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ. ძ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.-ს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა შპს „ა.-ს“ 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმისა და აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოების 20% წილის მქონე პარტნიორს. მასთან ერთად საზოგადოების პარტნიორები არიან ლ. თ.-ე 36%, ს. ა.-ი 22% და მ. ა.-ი 22% წილით.

3. საზოგადოების წესდების 12.8 მუხლის თანახმად, წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა დაიშვება მხოლოდ პარტნიორთა ერთსულოვანი, წერილობითი, სანოტარო წესით დამოწმებული გადაწყვეტილებით.

4. მხარემ მიუთითა, რომ 2014 წლის 15 იანვარს ლ.თ.-ემ მოიწვია საზოგადობის პარტნიორთა კრება წესდებაში ცვლილების შეტანის საკითხის განსახილველად, თუმცა დანიშნულ დღეს კრებაზე პარტნიორი მ.ა.-ი არ გამოცხადდა. ამასთან, კრების დამსწრე პარტნიორები ვერ შეთანხმდნენ იმავე დღის წესრიგით განმეორებითი კრების მოწვევაზე. აღნიშნულის მიუხედავად, ლ.თ.-ემ მაინც მოიწვია კრება, მოსარჩელის პროტესტის გვერდის ავლით, კენჭი ეყარა დღის წესრიგში ასახულ საკითხებს, რომელთაც ყველა პარტნიორმა დაუჭირა მხარი მოსარჩელის გარდა. ამასთან, კრების ოქმი დროულად არ შედგენილა და მოსარჩელის მოთხოვნისამებრ მას არ გადასცემია.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 15 იანვარს კრება არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო, შესაბამისად, პარტნიორები ვერანაირ საკითხზე ვერ იმსჯელებდნენ. განმეორებითი კრების მოწვევა პარტნიორთა შეთანხმებაზე დამოკიდებული არ იყო. სადავო კრების ოქმი მომზადდა დროულად და მოსარჩელეს ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 3 თებერვალს საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ საკითხზე არ მიღებულა. დადგინდა საწარმოს საქმიანობის გაფართოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი განხილვა უკვე შემუშავებული და დასრულებული სახის პროექტების მიმართ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 3 თებერვლის განმეორებითი კრების ოქმის (ნოტარიუსი ი. შ.-ე, სანოტარო მოქმედების დასახელება – ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი – 7 თებერვალი 2014 წელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი – 140105876, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი – 46879861443314) ის ნაწილი, რომელიც შეეხება აღნიშნულ კრებაზე შპს-ს პარტნიორთა მხრიდან ხმათა უმრავლესობით საზოგადოების ახალი წესდების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2014 წლის 3 თებერვლის განმეორებით კრებაზე პარტნიორთა მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნათა ნაწილში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორები არიან: ლ. თ.-ე 36% წილით, ს. ა.-ი – 22% წილით, მ. ა.-ი – 22% წილით, დ. ძ.-ე კი 20% წილით.

9. საზოგადოების 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებაზე პარტნიორებმა განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ ოთხ საკითხთან დაკავშირებით: 1. არსებული სერვისცენტრის და „შოურუმის“ რეკონსტრუქცია და გაფართოვება ქ.თბილისში, სრული ტერიტორიის ათვისება მაქსიმალური ეფექტიანობით; 2. „მ.-ის“ ქსელის გაფართოება ქ.რუსთავში მეორადი მოხმარების „მ.-ებისათვის“ ავტობაზრობის გახსნა, მცირე „შოურუმისა“ და სერვისცენტრის მოწყობა, სატვირთო მანქანების ჩამოყვანა-რეალიზაცია და ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს სერვისცენტრის გახსნას; 3. აღნიშნული პროექტებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიება; 4. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება.

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაგეგმილი იყო საზოგადოების 2014 წლის 15 იანვრისათვის მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე, თუმცა ერთ-ერთ პარტნიორ მ. ა.-ის გამოუცხადებლობამ საზოგადოების წესდების 5.6. პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობა კრების გადაწყვეტილებაუუნარობა და ამ მიზეზით პარტნიორთა კრების ჩაშლა, რის შესახებაც შედგა სანოტარო აქტი – ე.წ. მოწმობა.

11. 2014 წლის 17 იანვრით დათარიღებული წერილით დასტურდება, რომ 2014 წლის 3 თებერვლის საზოგადოების განმეორებითი კრება მოწვეულ იქნა იმავე, 2014 წლის 15 იანვრის კრების დღის წესრიგით.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საზოგადოების 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებაზე წარმომადგენლებთან ერთად გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო ყველა სხვა პარტნიორი კრების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენელთა მეშვეობით.

13. კრებაზე გამოცხადებული და წარმოდგენილი პარტნიორების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, განმეორებითი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პარტნიორ ლ. თ.-ის წარმომადგენელი მ. ა.-ი.

14. როგორც აღინიშნა, საზოგადოების 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებაზე დღის წესრიგის მე-4 საკითხად გათვალისწინებული იყო საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება და მიუხედავად მოსარჩელის წინააღმდეგობისა, ხმათა უმრავლესობით, მიღებულ იქნა კრებაზე წარდგენილი წესდების ახალი რედაქცია.

15. საზოგადოების ახალი წესდების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით საზოგადოებამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს მიეთითა ხარვეზების არსებობის თაობაზე და მიეცა 30 დღის ვადა მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხის განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 50-ე, 54-ე, 115-ე და 180-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, რომ არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ.

17. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის არც მაშინ, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, სასამართლო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად, ცვლილებას განცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

18. მოცემულ შემთხვევაში სადავო კრების გადაწყვეტილებით ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა საზოგადოების ახალი წესდება, თუმცა მოსარჩელე აღნიშნულს ეწინააღმდეგებოდა.

19. საზოგადოების მოქმედი წესდების 5.5. პუნქტის თანახმად, კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 80%-ზე მეტი საწესდებო კაპიტალის მფლობელი პარტნიორები. 5.6. პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია მას მხარი დაუჭიროს პარტნიორებმა, რომლებიც ფლობენ ხმების საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტს.

20. წესდების 5.12. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ კრების კვორუმი არ მოგროვდება, გენერალური დირექტორი 15 დღის შემდეგ ნიშნავს კრებას, განმეორებით ატყობინებს ყველა პარტნიორს დაზღვეული წერილით. 5.13. განმეორებით კრებაზე კვორუმის არარსებობის შემთხვევაში, კრებაზე დამსწრე პარტნიორებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილება მიიღონ კვორუმის გარეშე ხმების უმრავლესობით. 5.14. პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხების გადაწყვეტა როგორებიცაა: 5.14.1. წესდებაში ცვლილებების შეტანა. 12.8. პუნქტის თანახმად, წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა დაიშვება მხოლოდ პარტნიორების ერთსულოვანი, წერილობითი, ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილებით, წესდების ცვლილება ძალაში შედის სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის დღიდან.

21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით დაშვებულია შემთხვევა, როდესაც პარტნიორთა კრებამ გადაწყვეტილება მხოლოდ ყველა პარტნიორის თანხმობის პირობებში უნდა მიიღოს.

22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოების წესდების 12.8. პუნქტსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განმეორებითი კრების ფორმატში და 20% წილის მფლობელი პარტნიორის – მოსარჩელის თანხმობის გარეშე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა და საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სრულყოფილად არ გამოიკვლია. ასევე, უგულებელყო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესი და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.

25. მხარის მოსაზრებით, განსახილველ აღიარებით სარჩელში წარმოდგენილ მოთხოვნას საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რადგან კრების გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღების ნაწილში შესაბამის რეესტრში არ დარეგისტრირებულა, წესდება ფაქტობრივად არ შეცვლილა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორები არიან: ლ. თ.-ე 36% წილით, ს. ა.-ი – 22% წილით, მ. ა.-ი – 22% წილით, დ. ძ.-ე კი 20% წილით.

29. საზოგადოების 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებაზე პარტნიორებმა განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ ოთხ საკითხთან დაკავშირებით: 1. არსებული სერვისცენტრის და „შოურუმის“ რეკონსტრუქცია და გაფართოვება ქ.თბილისში, სრული ტერიტორიის ათვისება მაქსიმალური ეფექტიანობით; 2. „მ.-ის“ ქსელის გაფართოება ქ.რუსთავში მეორადი მოხმარების „მ.-ებისათვის“ ავტობაზრობის გახსნა, მცირე „შოურუმისა“ და სერვისცენტრის მოწყობა, სატვირთო მანქანების ჩამოყვანა-რეალიზაცია და ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს სერვისცენტრის გახსნას; 3. აღნიშნული პროექტებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიება; 4. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება.

30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაგეგმილი იყო საზოგადოების 2014 წლის 15 იანვრისათვის მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე, თუმცა ერთ-ერთ პარტნიორ მ. ა.-ის გამოუცხადებლობამ საზოგადოების წესდების 5.6. პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობა კრების გადაწყვეტილებაუუნარობა და ამ მიზეზით პარტნიორთა კრების ჩაშლა, რის შესახებაც შედგა სანოტარო აქტი – ე.წ. მოწმობა.

31. 2014 წლის 17 იანვრით დათარიღებული წერილით დასტურდება, რომ 2014 წლის 3 თებერვლის საზოგადოების განმეორებითი კრება მოწვეულ იქნა იმავე, 2014 წლის 15 იანვრის კრების დღის წესრიგით.

32. საზოგადოების 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებაზე დღის წესრიგის მე-4 საკითხად გათვალისწინებული იყო საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება და მიუხედავად მოსარჩელის წინააღმდეგობისა, ხმათა უმრავლესობით, მიღებულ იქნა კრებაზე წარდგენილი წესდების ახალი რედაქცია.

33. საზოგადოების ახალი წესდების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით საზოგადოებამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს მიეთითა ხარვეზების არსებობის თაობაზე და მიეცა 30 დღის ვადა მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხის განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ აღიარებით სარჩელს საზოგადოების ახალი წესდების მიღების ნაწილში პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან ფაქტობრივად ახალი წესდება არ დარეგისტრირებულა. ამავდროულად, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმე და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.

35. ამდენად, კასატორი მეტწილად სადავოდ ხდის ოქმის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს და არა აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

38. დასაბუთებულ და დასაშვებ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს მხარის მოსაზრება, რომ სადავო პარტნიორთა კრების ოქმი ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი, რადგან კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მიღებული ახალი წესდების შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი მითითებული ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

39. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

40. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

41. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

42. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).

43. მოცემულ შემთხვევაში სადავო პარტნიორთა კრების ოქმის ძალაში დატოვების პირობებში მოპასუხეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია განმეორებით მიმართოს რეესტრს და დაარეგისტრიროს წესდების ახალი რედაქცია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნდა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ.

44. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმე და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რაში გამოიხატა მითითებული დარღვევები და დასახელებულ საკითხებზე არგუმენტირებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ.–ის მიერ 2016 წლის 14 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ა.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ.-ის მიერ 2016 წლის 14 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური