საქმე №110210115000789435
საქმე №ას-380-364-2016 22 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს სადაზღვევო კომპანია „...-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სუბროგაციის პრინციპით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს სადაზღვევო კომპანია „...-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ა.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის – 4828.70 ლარის ანაზღაურების შესახებ სუბროგაციის პრინციპით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 6 დეკემბერს ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით „...“, რომელსაც მართავდა მოპასუხე, ქ.ქუთაისთან შეეჯახა ლ.–ის (შემდგომში – დამზღვევი) კუთვნილ „..-ის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „..“. საპატრულო პოლიციის 2015 წლის 6 მარტის ადმინისტრაციული №.. სამართალდარღვევის ოქმით დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მოპასუხე. ავტომანქანა „...“ დაზღვეული იყო მოსარჩელე საზოგადოებაში და დაზღვეულს ზიანი აუნაზღაურდა, რაც, თავის მხრივ, მზღვეველის მიერ მოპასუხისათვის რეგრესის წესით თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებულს მიყენებული ზიანის ანგარიშში 3000 აშშ დოლარი უკვე გადაუხადა.
მესამე პირის პოზიცია:
4. საქმეში მესამე პირად ჩაება დამზღვევი, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა და მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მისი ავტომანქანა, რომელის ღირებულება იყო 8000-8500 აშშ დოლარი, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა დედამისს და დასჭირდა მკურნალობა. სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა ზიანის მხოლოდ ნაწილი – 5000 ლარამდე ოდენობით, ავტომანქანის რეალიზაციით მიიღო 2400 აშშ დოლარი (ჩააბარა ავტონაწილების ბაზრობაზე), ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილი 3000 აშშ დოლარი ემსახურებოდა დანარჩენი ზიანის ანაზღაურებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 639.9 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხის მიერ 2014 წლის 6 დეკემბერს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დაზღვეული იყო მზღვეველის მიერ 11400 ლარად. დაზიანებული ავტომანქანა (რომლის ნარჩენი ღირებულება იყო 2500 აშშ დოლარი, ანუ – 4490 ლარი) დარჩა დამზღვევს. მოპასუხემ ზიანის ანაზღაურებისათვის დამზღვევს 2015 წლის 14 იანვარს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი. 2015 წლის 29 იანვარს მზღვეველმა დამზღვევს გადაუხადა 4828.7 ლარი, სადაზღვევო თანხის სახით.
8. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით მიუთითა, რომ დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებამდე, სადაზღვევო პოლისის გარდა, მისი საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, არ მტკიცდება, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 827-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასრული (შემცირებული) დაზღვევა და უნდა ჩაითვალოს, რომ ავტომანქანა რეალურად ღირდა სწორედ 11400 ლარი. მოპასუხეს არ უღიარებია, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იყო 8000 აშშ დოლარი, მან უბრალოდ უარყო დამზღვევის შეთავაზება, ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ, მიეღო საკუთრებაში დაზიანებული ავტომანქანა.
9. სააპელაციო პალატამ უტყუარ მტკიცებულებებად არ ჩათვალა მესამე პირისა და მზღვეველის ახსნა-განმარტებები ავტომანქანის ღირებულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი, პრაქტიკულად, წარმოადგენენ ერთ მხარეს და მათი ახსნა-განმარტება გაქარწყლებულია მოპასუხის საწინააღმდეგო შინაარსის ახსნა-განმარტებით.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზიანებული ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება, სადაზღვევო თანხის გადახდის მომენტისათვის, შეადგენდა 4490.5 ლარს. 2015 წლის 14 იანვარს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდის თანახმად, 1 აშშ დოლარი=1.9232 ლარს), მოპასუხის მიერ დამზღვევისათვის გადახდილი 3000 აშშ დოლარი შეადგენდა 5769.6 ლარს.
11. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მოპასუხეს სხვა რაიმე ვალდებულება გააჩნდა დამზღვევის მიმართ. ამდენად, ეს თანხაც მიჩნეულ უნდა იქნეს, სწორედ ავტომანქანის დაზიანებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მიზნით, გადახდილ კომპენსაციად. შესაბამისად, დამზღვევმა, საერთო ჯამში, მიიღო 10760.1 ლარი და 2015 წლის 29 იანვრისათვის ასანაზღაურებელი იყო მხოლოდ 639.9 ლარი (11400 – 10760.1).
12. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მზღვეველსა და დამზღვევს შორის არსებობდა სსკ-ის 799-ე და 820-ე მუხლებით გათვალისწინებული, ზიანის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მზღვეველი ვალდებული იყო, ზიანი აენაზღაურებინა ფულადი კომპენსაციით, სადაზღვევო თანხის (11400 ლარი) ფარგლებში.
13. ამავე კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ამდენად, იმისათვის, რომ მზღვეველს ე.წ. „სუბროგაციის პრინციპით“ გაუჩნდეს უფლება, წაუყენოს მოთხოვნა სამართალდამრღვევს, სადაზღვევო თანხის გადახდის მომენტისათვის უნდა არსებობდეს თავად ზიანის (მატერიალური დანაკლისის) ფაქტი.
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 29 იანვრის მდგომარეობით დამზღვევს გააჩნდა სამართალდამრღვევის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, მხოლოდ 639.9 ლარის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მზღვეველმა გადაუხადა დამზღვევს სადაზღვევო თანხა 4828.7 ლარის ოდენობით, მასზე მაინც ვერ გადავიდოდა 639.9 ლარზე მეტი თანხის მოთხოვნის უფლება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 799-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველი მოქმედებდა დამზღვევთან დადებული ხელშეკრულების პირობებით და მის მიერ ანაზღაურდა ზიანი ნარჩენი ღირებულების, ფრანშიზისა და გასაქვითი თანხის გამოკლებით, სულ – 4828,70 ლარის ოდენობით, რაც არ ნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი ზუსტად ამ თანხას შეადგენდა. აღნიშნული ოდენობა არის ზიანის ის ნაწილი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც გააჩნდა მზღვეველს დამზღვევის მიმართ სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად. დარჩენილი თანხა შეადგენდა 6571,30 ლარს (11400 ლარს – 4828,70 ლარი), რაც დაახლოებით შეესაბამება მოპასუხის მიერ გადახდილ ოდენობას.
17. კასატორის მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხემ სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი ან მის მიერ ანაზღაურებულ იქნა ზიანის ის ნაწილი, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ იყო გადახდილი.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხის მტკიცების საგანს შეადგენდა ის გარემოება, რომ მის მიერ სრულად ანაზღაურდა ზიანი, რის საწინააღმდეგოდ მეტყველებს მესამე პირის პოზიცია და მათემატიკური გათვლები.
19. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც, ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში დამზღვევის ქონებრივი ინტერესების ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
20. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ძალიან გავს ცესიას (სსკ-ის 199-ე მუხლი), ის არსებითად განსხვავდება კლასიკური მოთხოვნის დათმობისაგან შემდეგი ნიუანსით, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგებით, სადაც მოთხოვნის მიმღები თვითონ განსაზღვრავს, მიიღოს თუ არა მოთხოვნა და მოთხოვნის არსებობის რისკი მის არჩევანზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 832-ე მუხლით განსაზღვრულ მზღვეველის უფლებამოსილებას, ის გამომდინარეობს კანონიდან და აქ გასათვალისწინებელია დაზღვევის ხელშეკრულების ბუნება, კერძოდ ის, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. შესაბამისად, მზღვეველი შებოჭილია სადაზღვევო ხელშეკრულებით, აანაზღაუროს ზიანი თუ მას ამ მოთხოვნით დაზღვეული მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაარღვევს ხელშეკრულებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებს იმ შემთხვევის გამო, თუ დამნაშავე პირი აუნაზღაურებს ზიანს დამზღვევს.
21. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, ჩანაცვლება კანონისმიერია ხოლო, მეორე მხრივ, მზღვეველი შებოჭილია სახელშეკრულებო თვითბოჭვით, მოახდინოს თანხის ანაზღაურება, სსკ-ის 832-ე მუხლით დადგინდა სპეციალური წესი, კერძოდ: „თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით“. ანუ სუბროგაცია ისპობა, თუ დაზღვეული უარს იტყვის მესამე პირის მიმართ მოთხოვნაზე, რაც გულისხმობს, რომ მოხდა ვალის პატიება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ათავისუფლებს მზღვეველს ვალდებულების შესრულებისგან, რაც სუბროგაციის საფუძველია კონკრეტულ შემთხვევაში.
22. კასატორმა მიიჩნია, რომ დაზღვეულს თავის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს, რაც დასტურდება მისი პოზიციით განსახილველ საქმეზე. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, გადახდილ 3000 აშშ დოლართან დაკავშირებით დავა კი უნდა გადაწყდეს დაზღვეულსა და დამრღვევ პირს შორის, რადგან მითითებული საკითხი წინამდებარე დავის საგანს – რეგრესის წესით მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას სცდება.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ 2014 წლის 6 დეკემბერს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დაზღვეული იყო მზღვეველის მიერ 11400 ლარად.
26. დაზიანებული ავტომანქანა (რომლის ნარჩენი ღირებულება იყო 2500 აშშ დოლარი, ანუ – 4490 ლარი) დარჩა დამზღვევს.
27. 2015 წლის 14 იანვარს მოპასუხემ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დამზღვევს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი. 2015 წლის 29 იანვარს მზღვეველმა სადაზღვევო თანხის სახით დამზღვევს გადაუხადა 4828.7 ლარი.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. მოცემულ შემთხვევაში დავა შეეხება სსკ-ის 832-ე მუხლის განმარტებას, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
32. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).
33. სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (სუსგ 5.09.2012წ. №ას-581-549-2011).
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოცემული ნორმის განმარტება სრულიად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 22 აპრილის №7464 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს სადაზღვევო კომპანია „...-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს სადაზღვევო კომპანია „...-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 22 აპრილის №7464 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე