საქმე № 030210015972615
საქმე №ას-385-369-2016 10 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ო.-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ჯ.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო.-ოს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების – 1964.61 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების საფუძველზე გაუწია ტვირთის ტრანსპორტირების, გადატვირთვისა და დასაწყობების მომსახურება, ხოლო მოპასუხემ არ გადაუხადა მოსარჩელეს მომსახურების ღირებულების ნაწილი – 1964.61 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან უსაფუძვლოდ გადაუხადა მოსარჩელეს 4497 (გადახდილ 5000 ლარს გამოაკლდა 503 ლარი 32 ტონა ჯართის გატანის საფასურად) ლარი ტერმინალის დაბინძურებისათვის, რაც აღემატება გადაუხდელ მომსახურების საფასურს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ-ის) 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მომსახურების სახეები, ტარიფები და გადახდის პირობები.
7. მოსარჩელემ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გაუწია ტვირთის, კერძოდ, მაზუთი-მსუბუქი გაზოილის გადატვირთვის, დასაწყობებისა და სარკინიგზო ტრანსპორტირების მომსახურება. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა და შეთანხმდა ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის, მომსახურების სახეები და ტარიფები, კერძოდ: კასრიდან ვაგონ-ცისტერნაში გადატვირთვა; სარკინიგზო ტრანსპორტირება – ფოთი-ფართო წყალი; ცარიელი კასრის გატანა; ცარიელი კასრის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე; კასრის დაწრეტა; შენახვა.
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინაღმდეგე მხარის/მოსარჩელის პოზიცია, რომ მომსახურების ორი სახე – ცარიელი კასრის გატანა და ცარიელი კასრის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე არის აბსოლუტურად სხვადასხვა სატერმინალო ოპერაცია და მომსახურება, შესაბამისად, ტარიფებიც ცალ-ცალკეა განსაზღვრული. აპელანტმა პირველ ინსტანციაშიც და სააპელაციო საჩივარშიც ამ ორი მომსახურების შეგნებულად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რითიც შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა სასამართლო. ცარიელი კასრის გატანა არ გულისხმობს ცარიელი კასრის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვას, მით უმეტეს, არ გულისხმობს არც მის ტრანსპორტირებას. ცარიელი კასრის გატანა გულისხმობს ტერმინალის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას. უფრო დეტალურად, ტერმინალზე მდებარე იმ ადგილიდან, სადაც განხორციელდა ტვირთის კასრებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადასხმა (ეს არის ადგილი ტერმინალზე, სადაც შედის ლიანდაგი და დგება სარკინიგზო ვაგონები ტვირთის დასაცლელად/დასატვირთად) მოხდა ცარიელი კასრების გატანა ტერმინალის სხვა ადგილზე, სადაც დასაწყობდა მის სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვამდე.
9. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულ გარემოებად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ როგორც ცარიელი კასრების გატანის, ისე ცარიელი კასრების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ტარიფზე. ვერც ერთი ოპერაცია, შესაბამისი მომსახურების გარეშე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეთა შორის შეთანხმებულია მომსახურების სახეობები და შესაბამისი ტარიფები, გაწეულია მომსახურება, რომელიც უნდა ანაზღაურდეს. რეალურად აპელანტს გაეწია ტვირთის – 170.665 ტონა დაჭეჭყილი კასრის სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვის მომსახურება, რომლის ღირებულებაც მას არ გადაუხდია.
10. რაც შეეხება აპელანტის მიერ კასრების ტრანსპორტირებაზე (გადაზიდვაზე) აპელირებას, ეს აბსოლუტურად სხვა სახის ოპერაციაა (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო მოსარჩელის ვალდებულება) და არავითარი კავშირი არ აქვს ცარიელი კასრების გატანისა და ცარიელი კასრების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვის მომსახურებებთან.
11. მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ცარიელი კასრების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვის მომსახურება, სულ – 170.665 ტონაზე, რომლის საფასურიც აპელანტს არ გადაუხდია.
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 28 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელემ გადაუხადა, ტერიტორიის დაბინძურების გამო, წარმოშობილი ხარჯი – 5000 ლარი.
13. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ უსწორობას, 5000 ლარი სწორედაც რომ გადახდილ იქნა ტერიტორიის დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, ელექტრონული წერილი, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ თანხა ირიცხება ტერიტორიის დასუფთავებისათვის. გაუგებარია, რა საავანსო გადახდაზეა საუბარი, როცა მსგავსი მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან არასდროს ყოფილა.
14. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული 4497 ლარი, 5000-ის ნაცვლად, არის მხოლოდ და მხოლოდ დაშვებული მექანიკური თუ ტექნიკური შეცდომა და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს როგორც გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით, ისე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე. ეს მექანიკური შეცდომა ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაბინძურება გამოიწვია კასრებიდან ვაგონცისტერნაში მოპასუხის მიერ შეტანილი დანადგარით გადასხმისა და მოპასუხის მოთხოვნით ცარიელი კასრების დაჭეჭყვის პროცესში მაზუთის გაჟონვამ, რის გამოც ტერმინალის ტერიტორია საჭიროებდა სასწრაფო გაწმენდას. მაზუთი, თავისი შემცველობითა და ბუნებით, არის ნიადაგიდან რთულად მოსაშორებელი ნივთიერება. ამან გამოიწვია სოლიდური ხარჯი 9000 ლარის ოდენობით. აპელანტს წარედგინა ინვოისი თანხის ნაწილზე, კერძოდ, 5000 ლარზე. ამ ხარჯს ის სიხარულით არ შეხვედრია, მაგრამ მის მიერ თანხა გადახდილ იქნა სწორედ ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, რაც დადასტურებულია თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით. ამასთან, აპელანტმა ხელშეკრულებითაც იკისრა ვალდებულება ტერიტორიის დაბინძურებით წარმოშობილი ხარჯის ანაზღაურებაზე. ამდენად, მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, 5000 ლარის გადახდასთან დაკავშირებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
16. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება მოპასუხის ზეპირი განცხადებები იძულებასა და უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის პოზიცია, რომ ორივე აღნიშნული გარემოება (იძულებით დადებული გარიგება, უსაფუძვლო გამდიდრება) სცდება წინამდებარე დავის ფარგლებს და წარმოადგენს სხვა სასარჩელო მოთხოვნის თემას.
17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების იძულებით დადებასთან დაკავშირებული გარემოებები. ბუნებრივია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ მოპასუხის სიტყვიერ განცხადებებს. ის არგუმენტები, რომლებიც მოჰყავს აპელანტს იძულების დასადასტურებლად, აბსურდული და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. აღსანიშნავია, რომ აპელანტს შეცილება არ განუხორციელებია. მეტიც, მან ბოლომდე ისარგებლა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებებით. იძულებასა და უსაფუძვლო გამდიდრებაზე საუბარი კი მაშინ დაიწყო, როცა მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება. მნიშვნელოვანია, რომ აპელანტს არც შეგებებული მოთხოვნა დაუყენებია. ამდენად, მისი განცხადებები იძულებასა და უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი.
18. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ისეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო მიზნითა და საშუალებათა გამოყენებით. იძულების გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის გარდა, აპელანტი იმასაც კი ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა იძულება, ანუ მოსარჩელის მხრიდან ქმედებისა და ამ ქმედების მიზნის მართლწინააღმდეგობრიობა. თუკი თვლიდა, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი, აპელანტს შეეძლო, გარიგება სადავოდ გაეხადა კანონით დადგენილ ვადაში, რაც არ განუხორციელებია. მან ბოლომდე ისარგებლა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებით. აქედან გამომდინარე მისი განცხადებები იძულებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
19. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებს, ამ ნაწილშიც აპელანტის მიერ მითითებული არგუმენტები დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ცარიელი კასრის გატანა და ცარიელი კასრების დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე არის სხვადასხვა სატერმინალო ოპერაცია და ტარიფებიც ცალცალკეა განსაზღვრული. დადასტურებულია, რომ აპელანტს გაეწია ცარიელი კასრების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვის მომსახურება, რომლის ღირებულებაც არ გადაუხდია.
20. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა სწორედ ზემოთ მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან დავას იწვევს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესი, რომელიც ეხება ცარიელი კასრების გატანას. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა იმ ფაქტზე მითითებით, რომ კასრების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა და ცარიელი კასრების გატანა სხვადასხვა მომსახურებაა.
23. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებდა, რომ მან ცარიელი კასრები გადააადგილა ტერმინალის ტერიტორიის ერთი ნაწილიდან მეორეზე და ამ მოქმედების საფასური შეთანხმებული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით. სწორედ ხელშეკრულების ამ პირობის შინაარსის მიმართ არსებობს პრეტენზია, რადგან ასეთი მოქმედების ანაზღაურება ხელშეკრულების საგანი არ ყოფილა. „ცარიელი კასრების გატანაში“ იგულისხმებოდა მათი გატანა ტერმინალის ტერიტორიიდან (ისევე, როგორც ანალოგიურად ეს განსაზღვრული იყო კასრების შიგთავსის – ნავთობპროდუქტის რკინიგზის მეშვეობით გადატანის შემთხვევაში).
24. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს და საკმარისად ჩათვალა მის მიერ წარმოდგენილი სუბიექტური განმარტებები მომსახურების შინაარსზე ისე, რომ არ შეუმოწმებია, იყო თუ არა საქმეში რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტერმინალის მიერ კასრების ერთი ნაწილიდან მეორეზე გადატანის ფაქტს.
25. კასატორის განმარტებით, გონივრულ განსჯას არ შეესაბამება ტერმინალის ტერიტორიაზე ტვირთების დალაგება-გადალაგებაზე ანაზღაურების შეპირება, როდესაც მომსახურების გამწევი თავად წყვეტს როდის, სად და როგორ განათავსოს ტვირთები საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ზონაში, რომ უკეთესად გაუწიოს ორგანიზება თავის საქმიანობას. ტვირთების განთავსება, განლაგება და გადაადგილება მისი საქმიანობის შიდა ორგანიზაციული საკითხებია და ამისთვის მას კომპლექსური მოქმედებები უწევს, რისი კონტროლიც გარეშე პირის მხრიდან ვერ იქნებოდა შესაძლებელი.
26. მოწინააღმდეგე მხარის ლოგიკის თანახმად, ხელშეკრულების შინაარსი და მოცულობა მის მიერ ცალმხრივად განსაზღვრადია. ამ შემთხვევაში მოქმედებს სსკ-ის 325-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც (განსაზღვრაზე) უფლებამოსილმა მხარემ, ასეთი დისკრეციის არსებობისას, უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად. დავის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, იგივე მუხლის მე-2 ნაწილით მოახდინოს მოქმედების შეფასება, რაც სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია. შესაბამისად, აქაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების მიხედვით, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
27. საქმეში წარმოდგენილი ინვოისებით დასტურდება, რომ კასატორმა სრულად გადაიხადა თანხა (ტონაზე 9 აშშ დოლარი) ცარიელი კასრების დატვირთვისათვის, თუმცა ეს მომსახურება ინვოისებში, დასათაურებულია „ცარიელი კასრების გატანით“. გადახდისას მათში ამ უზუსტობებზე ყურადღება არ მახვილდებოდა, რადგან ორივე მხრიდან ივარაუდებოდა, რომ ცარიელი კასრების ტერიტორიიდან კასატორის საშუალებებით გატანისათვის ტერმინალს უნდა დაეტვირთა ისინი სატრანსპორტო საშუალებებზე. ტერიტორიიდან გატანა ხდებოდა ეტაპობრივად (როგორც ეს დოკუმენტებიდანაც ჩანს), მაშინ გაურკვეველია, რატომ არ შეიცავდა ინვოისები შესაბამისი პორციების გატანისას „გადაადგილების“ თანხაზე მოთხოვნას. თუკი გატანა კასატორმა განახორციელა, რაში გადაიხადა ინვოისებში მითითებული თანხა. შესაბამისად, დადასტურდა ამ თანხის დატვირთვის მომსახურებაზე გადახდა.
28. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო ის გარემოება, რომ კასატორმა გადაიხადა 5000 ლარი ტერმინალის ტერიტორიის დაბინძურებისათვის მაშინ, როდესაც ბანკის მიერ გაცემულ გადახდის დავალებაში მითითებულია, რომ გადახდის მიზნობრიობა იყო ავანსად მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა. გარდა ამისა, ელექტრონული მიმოწერით უდავოდ დასტურდება, რომ კასატორი გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ამ თანხის გადახდას ზოგადად, რადგან ტერმინალის მუშაკების მიერ სამუშაოს ჩატარებისას, რაიმე დაუდევარი მოქმედებების გამო, პასუხისმგებლობა 2013 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით არ ეკისრებოდა. გადახდის დავალებაში შეგნებულად ჩაიწერა წინასწარი (ავანსის სახით) გადახდა, რათა დაფიქსირებულიყო კასატორის დამოკიდებულება. მხარის მითითებით, მისთვის უცნობია, ნამდვილად დაბინძურდა თუ არა ტერიტორია და გადაიხადა თუ არა მოწინააღმდეგე მხარემ რაიმე თანხა. საქმეში არანაირი მტკიცებულება ამის თაობაზე არ წარმოდგენილა. საპირისპიროდ საქმეს ერთვის 2013 წლის 14 ნოემბრის პირველი ხელშეკრულება, რომლის 3.3.4 მუხლით კასატორის პასუხისმგებლობის საფუძველი ბრალეული მოქმედებაა. ფაქტობრივად, კასატორს ტერმინალის ტერიტორიაზე რაიმე მოქმედებები არ განუხორციელებია, რადგან სამუშაოები მთლიანად მოწინააღმდეგე მხარის პერსონალის მიერ სრულდებოდა. დაბინძურებისთვის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე ინვოისი გამოიწერა 12 თებერვალს – პირველი ხელშეკრულების მოქმედების დროს. ამ პირობებში ლოგიკურად ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ კასატორი არ დათანხმებოდა ხელშეკრულების ცვლილებას, რომლითაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოქმნილი დამატებითი ხარჯების გაღებაზე უპირობო გარანტიას კისრულობდა.
29. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულება უნდა განხორციელდეს მართლსაწინააღმდეგო მიზნით და საშუალებებით, თუმცა სასამართლომ მართლსაწინააღმდეგოდ არ შეაფასა თანხის მოთხოვნა ვალდებულების გარეშე. ვალდებულების ერთადერთი წყარო მოთხოვნის დროისათვის პირველი ხელშეკრულება იყო. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 88-ე მუხლი.
30. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, 5000 ლარის ნაცვლად, გადაწყვეტილებაში დაბინძურების გადასახადად 4497 ლარის მითითებით ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რაც ზეგავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულით დასტურდება, რამდენად ზერელედ მოეკიდა ორივე ინსტანციის სასამართლო საქმის გადაწყვეტას იმ მოტივით, რომ სასარჩელო თანხა მცირე იყო.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ტვირთის, კერძოდ, მაზუთი-მსუბუქი გაზოილის გადატვირთვის, დასაწყობებისა და სარკინიგზო ტრანსპორტირების მომსახურება.
34. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა და შეთანხმდა ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის, მომსახურების სახეები და ტარიფები, კერძოდ: კასრიდან ვაგონ-ცისტერნაში გადატვირთვა; სარკინიგზო ტრანსპორტირება – ფოთი-ფართო წყალი; ცარიელი კასრის გატანა; ცარიელი კასრის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე; კასრის დაწრეტა; შენახვა.
35. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მომსახურების ორი სახე – ცარიელი კასრის გატანა და ცარიელი კასრის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე არის აბსოლუტურად სხვადასხვა სატერმინალო ოპერაცია და მომსახურება, შესაბამისად, ტარიფებიც ცალ-ცალკეა განსაზღვრული.
36. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულ გარემოებად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ როგორც ცარიელი კასრების გატანის, ისე ცარიელი კასრების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ტარიფზე. ვერც ერთი ოპერაცია, შესაბამისი მომსახურების გარეშე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა.
37. 2014 წლის 28 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელემ გადაუხადა, ტერიტორიის დაბინძურების გამო, წარმოშობილი ხარჯი – 5000 ლარი, რაც დადასტურდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ელექტრონული წერილით, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ თანხა ირიცხებოდა ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობის შინაარს და მიიჩნევს, რომ „ცარიელი კასრების გატანაში“ იგულისხმებოდა კასრების გატანა ტერმინალის ტერიტორიიდან და არა მისი გადაადგილება ტერმინალის ტერიტორიის ფარგლებში. მისი მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 88-ე მუხლი, კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, 5000 ლარის ნაცვლად, გადაწყვეტილებაში დაბინძურების გადასახადად 4497 ლარის მითითებით ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რაც ზეგავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებაზე.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მხარეს არ წარმოუდგენია, კერძოდ:
42. საფუძველს მოკლებულია მხარის მითითება სადავო ხელშეკრულების დებულებათა შინაარსის განმარტების თაობაზე.
43. სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად განმარტა და საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული არგუმენტი არ წარმოუდგენია იმ გარემოების მიმართ, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ცარიელი კასრის გატანად არ გულისხმობს ცარიელი კასრის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვას, მით უმეტეს, არ გულისხმობს არც მის ტრანსპორტირებას. ცარიელი კასრის გატანა ნიშნავს ტერმინალის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას. უფრო დეტალურად, ტერმინალზე მდებარე იმ ადგილიდან, სადაც განხორციელდა ტვირთის კასრებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადასხმა (ეს არის ადგილი ტერმინალზე, სადაც შედის ლიანდაგი და დგება სარკინიგზო ვაგონები ტვირთის დასაცლელად/დასატვირთად) ცარიელი კასრები გატანილ იქნა ტერმინალის სხვა ადგილზე და იქვე დასაწყობდა სატრანსპორტო საშუალებებზე მის დატვირთვამდე.
44. ხელშეკრულების დასახელებული დებულება არანაირ ბუნდოვანებას არ შეიცავს და მისი სხვაგვარად განმარტების საფუძველზე მხარემ ვერ მიუთითა.
45. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 88-ე მუხლის არასწორად განმარტების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კასატორის პოზიცია მის მიმართ განხორციელებული იძულებისა და მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრების შესახებ. ამავდროულად, დასახელებული საკითხი მოცემული დავის საგანს სცდება.
46. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, 5000 ლარის ნაცვლად, გადაწყვეტილებაში დაბინძურების გადასახადად 4497 ლარის მითითების შესახებ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნულ ტექნიკურ უზუსტობას დავის გადაწყვეტის სამართლებრივ შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და, შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება.
47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მისი სახელით 2016 წლის 11 აპრილს გ. კ.–ის მიერ №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 185 ლარისა და 2016 წლის 27 აპრილს №5 საგადახდო დავალებით კ. კ.–ის მიერ გადახდილი 115 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო.-ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ო.-ოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მისი სახელით 2016 წლის 11 აპრილს გ. კ.-ის მიერ №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 185 ლარისა და 2016 წლის 27 აპრილს №5 საგადახდო დავალებით კ. კ.–ის მიერ გადახდილი 115 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური