¹ბს-965-551(კ-05) 7 თებერვალი, 2006წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 28 იანვარს მოსარჩელე ი. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. განთავისუფლებამდე მუშაობდა რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» .......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹20-კ ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 16.03.05წ. გადაწყვეტილებით ი. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹20-კ ბრძანება ი. ტ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ნაწილში, ი. ტ-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» .......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის განთავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება, ვინაიდან არსებული 4 რეგიონალური საბაჟოს ნაცვლად შეიქმნა ორი საბაჟო და მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ ყველა თანამშრომელი, მათ შორის, ი. ტ-ი, გაფრთხილებული იყო.
სააპელაციო სასამართლოს 17.05.05წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საბაჟო დეპარტამენტში მოხდა შტატების შემცირება, მაგრამ არ შემცირებულა რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» საშტატო რიცხოვნება, მათ შორის, ......... განყოფილების საშტატო რიცხოვნობა. კერძოდ, რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ .......... განყოფილებაში საშტატო რიცხოვნება გაიზარდა 12-დან 23 საშტატო ერთეულამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ ი. ტ-ის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს 17.05.05წ. განჩინება საბაჟო დეპარტამენტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა განმარტა, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა 128 საშტატო ერთეულის შემცირება, არსებული 4 საბაჟოს ნაცვლად შეიქმნა ორი, რეორგანიზებულ იქნა როგორც ცენტრალური აპარატი, ასევე საბაჟო დეპარტამენტს დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოები. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე გაფრთხილებული იქნა რეორგანიზაციის დროს შტატით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირებისას მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. გაფრთხილების ხელწერილის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. კასატორი თვლის, რომ საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის გათავისუფლებისას არ დაურღვევია კანონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ტ-ის სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროში მოხდა შტატების შემცირება, მაგრამ არ შემცირებულა რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» საშტატო რიცხოვნება, მათ შორის ........ განყოფილების. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.07.04წ. ¹469 და 02.12.04წ. ¹775 ბრძანებებით დამტკიცებული რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» საშტატო ნუსხების შედარებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» ........ განყოფილებაში საშტატო ერთეული 12-დან 23 ერთეულამდე გაიზარდა, უფროსი ინსპექტორის საშტატო ერთეული რეორგანიზაციამდე იყო 9, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ _ 16.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ტ-ი განთავისუფლებამდე მუშაობდა რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» ......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹20-კბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. განსახილველ შემთხვევაში შტატების შემცირებას და უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ი. ტ-ი უკანონოდ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹20-კბრძანება, ი. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში მართებულად იქნა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადა არის მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.05.05წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.