Facebook Twitter

საქმე № 330210015816142

საქმე №ას-396-380-2016 3 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. და შ. შ.-ეები (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ს.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელში), გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბ. ს.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ., გ., მ.- და შ. შ.-ეების (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ უძრავი ნივთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ერიცხება საცხოვრებელი ბინა, სადაც უკანონოდ ცხოვრობენ აღნიშნული ბინის ყოფილი მესაკუთრის, აწ გარდაცვლილი შ. შ.-ის ძმა – შ. შ.-ე და რძალი – მ.- შ.-ე თავის ორ შვილთან – ბ. და გ. შ.-ესთან ერთად. მოპასუხეთათვის ცნობილი იყო, რომ შ. შ.-ის სამკვიდრო ქონება მიიღეს მისი პირველი რიგის მემკვიდრეებმა – მ. და ლ. შ.-ეებმა, რომლებმაც სახლი მიჰყიდეს მ. ფ.-ას. მოპასუხეებმა თანხმობა განაცხადეს, საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან 2 თვეში დაეცალათ დაკავებული ფართი, მაგრამ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ნებაყოფლობით არ დატოვეს უძრავი ქონება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შ. და მ.- შ.-ეებმა (შემდგომში – შეგებებული სარჩელის ავტორები) შეგებებული სარჩელი აღძრეს მ. და ლ. შ.-ეების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შეგებებული სარჩელის ავტორებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები წარმოადგენდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს (რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდნენ საარსებო შემწეობას). მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით და 2016 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა შ. შ.-ეს. მასვე გადაეცა მ.- შ.-ისათვის გადასაცემი სასამართლო გზავნილიც, როგორც ოჯახის სრულწლოვან წევრს.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა აითვალა 2016 წლის 23 თებერვლიდან. აღნიშნული ვადის დენა ამოიწურა 2016 წლის 7 მარტს, სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში შეტანილ იქნა ამავე წლის 11 მარტს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სასამართლო გზავნილი ნამდვილად ჩაბარდა შ. შ.-ეს, თუმცა იგი მკაფიოდ გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია არ გააჩნია სრულყოფილად აზროვნების უნარი, შესაბამისად, მან მ.- შ.-ეს გზავნილი არ გადასცა. ამავდროულად, სადავო პერიოდში მ.- შ.-ე არ იმყოფებოდა საქართველოში. საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებით მის შვილს ჩაუტარდა ოპერაცია საზღვარგარეთ, სადაც აპელანტი ახლდა 12 წლის მოზარდს.

11. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა აპელანტებმა დაარღვიეს საპატიო მიზეზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, შეგებებული სარჩელის ავტორთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

14. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას აწესებს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტები წარმოადგენდნენ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სოციალურად დაუცველ პირებს და იღებდნენ საარსებო შემწეობას, შესაბამისად, მათ მიმართ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან.

16. საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო გზავნილი 2016 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა აპელანტ შ. შ.-ეს (ტომი 1, ს.ფ. 232-233). ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 23 თებერვლიდან და ამოიწურა 7 მარტს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 11 მარტს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მითითებული ვადის, თუნდაც საპატიო მიზეზით გაგრძელების მექანიზმსა და შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს (სსსკ-ის 59.4, 369.1).

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტებს, რომ შ. შ.-ეს „მკაფიოდ გამოხატული აზროვნების უნარი“ არ გააჩნდა, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ხოლო მ.- შ.-ე სადავო პერიოდში იმყოფებოდა საზღვარგარეთ შვილთან ერთად.

18. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული არანაირი მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ერთ-ერთი აპელანტის ქმედუნარიანობის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის შეზღუდულ ან სრულებით არაქმედუნარიანად მიჩნევისათვის კანონი ადგენს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურებულა.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და შ. შ.-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე