საქმე № 330210015709288
საქმე №ას-405-388-2016 3 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ. ბ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ს“ (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), ვ. თ.-ის, ასევე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ.-ის“ თავმჯდომარე ლ. რ.-ას, წევრების – ...ისა და შპს „დ.-ს“ (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა 75000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ზიანის – 2011 წლის მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელესა და მოპასუხე საზოგადოებას შორის 2008 წლის 27 ოქტომბერს დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.-ის №..-ში მდებარე 80.1 კვ.მ №.. ბინა და №.. 46.2 კვ.მ ფართი. მოსარჩელე ვალდებული იყო, გადაეხადა ნასყიდობის საფასური – 75000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე საზოგადოებას უნდა დაესრულებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში.
3. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. იმის გამო, რომ მოპასუხე ვერ ასრულებდა მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, 2010 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხე მხარემ მისი პირობები ვერ შეასრულა.
4. მოსარჩელემ განმარტა, რომ ნასყიდობის საგნის – კომერციული ფართის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიღების შემთხვევაში მას ექნებოდა აღნიშნული ნივთის გაქირავებისა და თვეში დამატებითი შემოსავლის 1500 აშშ დოლარის მიღების შესაძლებლობა. ამდენად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე საზოგადოებამ აღიარა ხელშეკრულებების დადებისა და, 2008 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ 75000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ამასთან, მოპასუხემ სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ მშენებლობა არ დასრულებულა. თუ მოსარჩელე უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე აღნიშნული საფუძვლით, მან მზადყოფნა გამოავლინა, დაებრუნებინა გადახდილი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, მოპასუხე საზოგადოებისათვის 75000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენი მოპასუხეებისა და მოთხოვნების ნაწილში კი უარი ეთქვა, რაც მოპასუხე საზოგადოებამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის წარედგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
9. ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ხოლო მოცემული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 7 დღის ვადაში აპელანტს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
10. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 18 მარტს.
11. 2016 წლის 25 მარტს ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. მან აღნიშნა, რომ საქმეზე მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოება ვერ შეძლებდა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდას, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე ხარვეზის დარჩენილი ნაწილის შევსების ინტერესი არ აქვს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ კომპანია არის უმძიმეს ეკონომიკურ/ფინანსურ მდგომარეობაში, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღებულია და ადევს საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა. კომპანია შეყვანილია მოვალეთა რეესტრში. დაყადაღებულია მისი ანგარიშები. განცხადებას თან ერთვოდა ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან. სწორედ აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ იმსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობაზე და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა გადაუვადა საქმის განხილვის დასრულებამდე.
14. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი წინაპირობები არ არსებობს.
15. სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტისა და მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე (სააპელაციო საჩივრის შინაარსობრივი დაზუსტების ნაწილში) შუამდგომლობა არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
18. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად განიხილა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, საქმის მასალებზე დაყრდნობით სრულყოფილად არ მოიკვლია საკითხი და დატოვა მხარე სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცვის უფლების მიღმა.
19. აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ვინაიდან შემდეგშიც შეუძლებელი იქნებოდა თანხის გადახდა. შესაბამისად, მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინააღმდეგი იყო. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე კი ხარვეზის დარჩენილი ნაწილის გამოსწორების ინტერესი აპელანტს არ გააჩნდა. თავისი არგუმენტების დასადასტურებლად აპელანტმა მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღებულია და ადევს საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა. კომპანია შეყვანილია მოვალეთა რეესტრში. დაყადაღებულია მისი ანგარიშები. ამავდროულად, აპელანტმა წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, რომელთა მეშვეობით ირკვევა, რომ სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და დააკმაყოფილეს მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა მხარის მოთხოვნის ფარგლებში, ფაქტობრივად კი გადაწყვეტილება მიიღო იმ საკითხზე, რომელიც აპელანტს არ მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ საზოგადოებას დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის წარედგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
25. აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
26. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ხოლო მოცემული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 7 დღის ვადაში აპელანტს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 18 მარტს (ტომი 5, ს.ფ. 70).
28. 2016 წლის 25 მარტს აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. მან აღნიშნა, რომ საქმეზე მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოება ვერ შეძლებდა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდას, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე ხარვეზის დარჩენილი ნაწილის შევსების ინტერესი არ გააჩნდა.
29. სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარემ კვლავ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა სააპელაციო საჩივრის შინაარსობრივ ხარვეზთან დაკავშირებით აპელანტს დამატებითი საპროცესო ვადის მიცემა სასამართლოსაგან არ მოუთხოვია.
30. ამდენად, სრულიად დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
31. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.
32. მოცემულ შემთხვევაში მხარეს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და დატოვა მხარე სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცვის უფლების მიღმა. მხარის აღნიშნული პრეტენზია მიმართულია იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომ სააპელაციო პალატამ არ გაათავისუფლა აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
34. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლების წინაპირობები განსაზღვრულია სსსკ-ის 47-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა.
35. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს მხოლოდ ფიზიკური და არა იურიდიული პირი. იურიდიული პირის მიმართ დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება ან მათი ოდენობის შემცირება. თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის მოვალეობა მხარეებისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე, მაშინ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება და მათი ოდენობის შემცირება სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. სასამართლო შეხედულების ჩამოყალიბების საფუძველს კი მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა წარმოადგენს.
36. ამდენად, სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას ეკისრება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა, რათა მოსამართლემ თავისი უფლების განხორციელებისას, დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების გადახდის გადადების ან მათი ოდენობის შემცირების თაობაზე, არ ხელყოს სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა (მიიღოს სასამართლო ბაჟი) და მოქალაქის ინტერესებს (შეიტანოს სარჩელი სასამართლოში) შორის.
37. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ“ (Jedamski and Jedamska v. Poland), განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, სახელმწიფოს უფლება აქვს, დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით ან ოდენობით გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა.
38. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის სირთულეს და მართებულად გაავრცელა მხარეზე ის საპროცესო შეღავათი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება), რისი გამოყენების შესაძლებლობაც სასამართლოს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გააჩნდა. აპელანტის, როგორც იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლებამოსილება კი სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე