საქმე №330210115001107469
საქმე №ას-420-403-2016 15 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. მ.-ა (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე. მ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.-ის“ მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ც. ბ.-ის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემულ №... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება პირგასამტეხლოს ნაწილში და პირგასამტეხლოს ოდენობა 2 290 აშშ დოლარიდან შემცირდეს 100 აშშ დოლარამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო 9 000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 60%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
3. 2015 წლის 20 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი.
4. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯარიმის სახით გადაუხადა 4 338 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სარჩელზე თანდართული ამონაწერითა და გადახდის ქვითრებით.
5. ნოტარიუსის 2015 წლის 19 აგვისტოს №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან მოითხოვა 17 508 აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც 14 775 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 443 აშშ დოლარი – დარიცხული სარგებელი, ხოლო დარჩენილი 2 290 აშშ დოლარი – პირგასამტეხლო აღსრულებამდე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მითითებული პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და იგი უნდა შემცირდეს.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი თანხა არის მოსარჩელის მიერ 2015 წლის 18 ივნისს დადებული №... საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მოთხოვილი თანხა, ხოლო პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ც. ბ.-ის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 500 აშშ დოლარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა პირგასამტეხლოს – 500 აშშ დოლარის 100 აშშ დოლარამდე შემცირება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენს 929,6 ლარს. აღნიშნული თანხის ოდენობა შეესაბამება 2016 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლით ოფიციალურ კურსს (2,3240). ამავე კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან მისი საგნის ღირებულება კანონით დადგენილ 1000 ლარს არ აღემატება.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, რადგან დავის საგანი შეადგენს 400 აშშ დოლარს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო მოთხოვნა შეეხებოდა ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 0,5%-ის შემცირებას 0,0001%-მდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის კანონიერების შემოწმება იმ კუთხით, შეესაბამებოდა თუ არა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესს.
14. მითითებული ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, თანხის გადახდევინების თაობაზე მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს გადასახდელი თანხის ოდენობის შესაბამისად.
18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 500 აშშ დოლარი.
19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა პირგასამტეხლოს – 500 აშშ დოლარის 100 აშშ დოლარამდე შემცირება.
20. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი 929,6 ლარის ოდენობით, რომელიც გამოანგარიშებულ იქნა 2016 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლითი ოფიციალური კურსით (2,3240). მითითებული თანხა კი, ზემოთ დასახელებული ნორმით დადგენილ ოდენობაზე – 1000 ლარზე ნაკლებია.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირებაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დავა შეეხება თანხის ანაზღაურებას, რომელიც ფულად ერთეულებში გამოიხატა 400 აშშ დოლარით.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. მ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე