Facebook Twitter

№ას-1227-1150-2015 17 მაისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ტ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ჰ.კ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. შპს „ს.ტ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე ან მოწინააღმდეგე მხარე) და სს „ჰ.კ–ს“ (შემდეგში: აპელანტი, მოპასუხე ან შემკვეთი) შორის დადებული 2014 წლის 1 ივნისის წერილობითი ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთს მომსახურებოდა 560 ლარის დღიური ანაზღაურების სანაცვლოდ ავტომანქანის, ამწე "კატოს" (სახ.#BAX- ..) საშუალებით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

2. სამუშაოთა შესრულების მტკიცების სტანდარტი (სპეციალური მტკიცებულება) განისაზღვრა ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 102-ე მუხლი}.

3. შემკვეთს ევალებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში.

4. სამუშაოს ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებული იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე {სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები}.

5. მენარდემ შეასრულა სამუშაო, მაგრამ შემკვეთმა არ გადაიხადა მისი ღირებულება.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ გაწეული მომსახურების ღირებულების - 37 004,80 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1750,86 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ არ არსებობდა დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც მენარდემ არ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოს გაანგარიშება და მიღება-ჩაბარების აქტი.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 38 755,66 ლარის გადახდა.

9. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა 629-ე და 417-ე მუხლებზე.

10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემკვეთმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების ღირებულების - 19 824 ლარისა და პირგასამტეხლოს, 1545,96 ლარის, გადახდა.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული 2014 წლის 1 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდებოდა მხოლოდ 19 824 ლარის მომსახურების გაწევის ფაქტი.

13. მენარდემ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებზე მითითებით წარადგინა: სასამართლომ შესრულებულად არ მიიჩნია 17180,8 ლარის ღირებულების სამუშაოები, იმ გარემოებაზე მითითებით, თითქოს აღნიშნულ ნაწილში შესრულების შესახებ მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო, მაშინ, როდესაც სადავო შესრულება დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით. სასამართლომ არასწორად გაიზიარა აპელანტის განმარტება 2014 წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც აპელანტმა არ აღიარა 17180,8 ლარის მომსახურება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე, სახელდობრ:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს. მენარდე ვალდებული იყო 560 ლარის დღიური ანაზღაურების სანაცვლოდ შემკვეთს მომსახურებოდა ავტომანქანის ამწე ,,კატოს“ (სახ.#BAX- ..) საშუალებით. მან 19 824 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია შემკვეთს, რომელმაც დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხადა მენარდეს მომსახურების საფასური {სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

18. საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს მოცულობის დამტკიცება ევალებოდა მენარდეს (მოსარჩელეს) {სსკ-ის 102-ე მუხლი}. ამასთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას“ იხ სუსგ ას -1051-991-2015, 29.12.2015. ნარდობის მომწესრიგებელი ნორმები ამ წესიდან რაიმე სახის გამონაკლისს არ ითვალისწინებენ. შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე, მხარეებმა იმთავითვე (იხ.ხელშეკრულების პ.3.2.) განსაზღვრეს გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესი, რომელიც დაუკავშირეს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ შეძლო მხოლოდ 19 824 ლარის ღირებულების მომსახურების დადასტურება. რაც შეეხება 17180.80 ლარის მომსახურების გაწევას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება კასატორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო პალატამ გამოიკვლია, არ იძლეოდა იმ ფაქტის დადგენის საფუძველს, რომ მენარდემ მართლაც ამ მოცულობის სამუშაო შეასრულა.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

20. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლის გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 408-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ტ–ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი