საქმე №330210015772452
საქმე №ას-502-480-2016 22 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. პ.-ა (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ.–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. პ.-მ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ს.-ის რაიონში, სოფელ ნ.-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, ს.-ის რაიონში, სოფელ ნ.-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებას. უძრავ ნივთს უკანონოდ ფლობს და არ ათავისუფლებს მოპასუხე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2007 წელს შეიძინა ს.-ის რაიონის სოფელ ნ.-ში მდებარე 124ჰა მიწის ნაკვეთი (საძოვარი). საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №... ოქმი. რეგისტრაციას ასევე საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც თან ერთვოდა აღნიშნულ ოქმს. მიწის ნაკვეთს 2001 წლიდან ფლობდა მოპასუხე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს.-ის რაიონულ განყოფილებას დაევალა, მოპასუხის სახელზე რეგისტრაციაში გაეტარებინა მის მიერ შესყიდული მეცხოველეობის ფერმა ს.-ის რაიონის სოფელ ნ.-ში. თავის მხრივ, მოსარჩელემ შეიძინა მოპასუხის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული ნაკვეთი, თუმცა თვითნებურად შემოღობა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი, შეცდომაში შეიყვანა მხაზველი და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა 200 ჰა მიწის ნაკვეთი.
5. მოსარჩელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 1 მაისს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ შეცდომით შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად და აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით.
6. მოპასუხის მითითებით, საჯარო რეესტრში საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ დარეგისტრირდა, ვინაიდან არსებობდა ზედდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. ამჟამად საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერი და გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში და მიმდინარეობს საქმის განხილვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591 მუხლით და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2016 წლის 2 მარტს, 2016 წლის 17 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტისთვის.
10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 3 მარტს, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამოიწურა 2016 წლის 1 აპრილს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 2 აპრილს, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 15 აპრილს. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 19 აპრილს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2016 წლის 15 აპრილს).
11. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია. მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოსათვის გასაგზავნად გადასცა ინდივიდუალურ მეწარმე ი. დ.-ეს, რომელიც საკურიერო მომსახურებას უწევდა აპელანტის წარმომადგენელს კერძო საჩივარს დაერთო ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა სააპელაციო საჩივარზე დართული ქვითრის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ საკურიერო სამსახურს საფოსტო გზავნილი ჩაბარდა 14-დღიანი ვადის დაცვით – 2016 წლის 14 აპრილს და სააპელაციო საჩივრის ვადა სწორედ აღნიშნული მომენტიდან აეთვალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
17. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
18. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
19. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2016 წლის 2 მარტს, 2016 წლის 17 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმით კი დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აპელანტისათვის ცნობილი იყო.
21. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-30-ე დღეებში აპელანტი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30-ე დღეს – 2016 წლის 1 აპრილს.
22. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი წარედგინა 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
23. საქმის მასალებში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2016 წლის 19 აპრილს, თუმცა სააპელაციო საჩივართან ერთად საქმეში წარმოდგენილია ინდივიდუალური მეწარმე „ი.-ს“ ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა (რომლის სათანადო უფლებამოსილება დადასტურებულია ს.ფ. 24-ზე წარმოდგენილი რწმუნებულებით) სააპელაციო საჩივარი საკურიერო ფირმას თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად გადასცა 2016 წლის 14 აპრილს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით. აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია.
24. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივართან ერთად მხარემ წარადგინა ზემოთ მითითებულ საკურიერო ფირმასა და აპელანტის წარმომადგენელს შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. პ.-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. პ.-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე