Facebook Twitter

საქმე №330210015001100049

საქმე №ას-507-484-2016 29 ივნისი, 2016 წელი

№ას-507-484-2016 თ-.-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. თ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ზ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. თ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ საზიარო ქონების რეალიზაციის გზით თანასაკუთრების უფლების გაუქმების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა მამები არიან შპს „ჰ.-ის“ პარტნიორები. მათ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს თანასაკუთრებაში გადასცეს ქ.თბილისში, ბ.-ს ქ.№..-ში მდებარე უძრავი ნივთი, რომელიც დატვირთულია იპოთეკით შპს „ჰ.-ის“ სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საზიარო ნივთი უნდა გაიყიდოს და მხარეებს მიეცეთ კუთვნილი წილის კომპენსაცია, რადგან ქონების გაყოფა ორ თანაბარ წილად მისი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო საზიარო უფლების გაუქმება ქონების თანაბარწილად გაყოფის გზით შესაძლებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საზიარო უფლება სადავო უძრავ ნივთზე გაუქმდა, დადგინდა ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით და მიღებული თანხის განაწილება მხარეთა შორის თანაბრად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი – 2016 წლის 18 მარტი ცნობილი იყო მოპასუხის წარმომადგენლისათვის, თუმცა არც მხარე და არც მისი წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2016 წლის 8-18 აპრილს) სასამართლოში არ გამოცხადებულან. მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2016 წლის 20 აპრილს.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 364-ე, 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს – 2016 წლის 19 აპრილს და ამოიწურა 3 მაისს (2016 წლის 2 მაისი იყო უქმე დღე). აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 4 მაისს, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში მხარისათვის ჩასაბარებლად მზად არ იყო. აპელანტის წარმომადგენელი არაერთხელ დაუკავშირდა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს, მიაკითხა სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ 2016 წლის 20 აპრილს. ამასთან, მხარემ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ეხება მხარის საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტს, რა დროსაც ერთი კალენდარული დღე არ უნდა წყვეტდეს საკითხს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

14. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

15. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს (ს.ფ. 89), რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 49).

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ცხადდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას.

18. სსსკ-ის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო ან ასეთი გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.

21. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი ცხადდებოდა სასამართლოში, უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს ან ელოდა მისგან ინფორმაციას გადაწყვეტილების მზაობის თაობაზე, ზემოთ მითითებული კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.

22. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აეთვალა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2016 წლის 18 მარტიდან) 30-ე დღის (2016 წლის 17 აპრილის) მომდევნო დღიდან – 2016 წლის 18 აპრილიდან და არა 19 აპრილიდან, როგორც ეს შეცდომით სააპელაციო პალატამ მიუთითა. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 3 მაისს (2016 წლის 1-2 მაისი იყო უქმე, დასვენების დღეები), ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 4 მაისს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის ტექნიკურ შეცდომას საქმის სამართლებრივ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი).

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე