ბს-965-822-კ-04 3 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: უძრავ ქონებაზე მესაკუთრად ცნობა, სამკვიდრო ვადის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 29 მარტს კასატორმა ა. ა-მა სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისში, ....... მდებარე სახლის ნაწილზე მესაკუთრად ცნობა და სამკვიდრო ვადის აღდგენა:
მოსარჩელის მითითებით, 1999წ. დასაწყისში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის პაპას (დედის მამას) და პაპის ძმას _ ს. და ა. პ-ებს 1929წ. 6 დეკემბერს მ. თ-ესაგან შეუძენიათ თბილისში, ....., მდებარე სახლი. მოსარჩელის განმარტებით, პ-ებისათვის სახლის ჩამორთმევის დოკუმენტი და საფუძველი მისთვის უცნობია და არც დედამისისთვის _ ა. პ-ასთვის იყო ცნობილი, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს. 1999წ. ოქტომბერში გარდაიცვალა მათი ოჯახის მეგობარი ა. ნ-ი, რომლის მეუღლე თ. ბ-მა მეუღლის საბუთებში იპოვა 1929წ. 6 დეკემბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა და ..... მდებარე სახლის წილზე მესაკუთრედ აღიარება, როგორც პ-ების მემკვიდრისა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომლითაც მოპასუხე ფიზიკური პირები ფლობენ სადავო სახლს.
მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს უსაფუძვლობის, დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფლდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა კასატორის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
1. ვინაიდან სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს 1929წ. 6 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. თ-ესაგან ს. და ა. პ-ებმა შეიძინეს თბილისის მეორე უბანში, ...... მდებარე სამსართულიანი სახლი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შემდეგი მოსაზრება: საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 1929 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი ნამდვილად არის ..... მდებარე სახლი. თბილისის მერიის საცნობარო-საინფორმაციო ცენტრისა და შპს “თ-ის” წერილით ირკვევა, სამსახურს არა აქვს მონაცემი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების საგანი და ..... მდებარე სახლი ერთი და იგივეა, მაგრამ მათი აზრით, ამ სახლების იდენტურობაში ეჭვის შეტანა შეიძლება. მოწმეთა დაკითხვით სასამართლომ დაადგინა, რომ ..... სახლი ნუმერაციით ყოველთვის 5 ნომერი იყო, ნასყიდობის ხელშეკრულებით კი სახლის ნომერია 6/3.
ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან გაცემული ცნობებით სასამართლომ გამოარკვია, რომ თ-ეს სახლი 1927 წელს მოიხსენიება მუნიციპალიზებულ სახლთა სიაში. სასამართლომ არქივიდან წარმოდგენილი ცნობით ასევე დაადგინა, რომ მესაკუთრეებისათვის დაბრუნებული სახლების სიაში თ-ე არ ირიცხება. შპს “მ-ის” ცნობის მიხედვით, ..... საბინაო წიგნში სხვადასხვა დროს 156 მოქალაქეა ჩაწერილი, 1933 წლიდან 14 მობინადრეა ჩაწერილი და პ-ები საერთოდ არ მოიხსენიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს როცა მიიჩნია, რომ ..... სახლი არ არის პ-ების მიერ შეძენილი სახლი;
2. სააპელაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ..... მდებარე სახლის მესაკუთრად, როგორც პ-ების მემკვიდრედ, ცნობაზე. რადგან, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის მიხედვით, ს. და ა. პ-ების მემკვიდრეს კასატორის დედა _ ა. ა-ი წარმოადგენდა, რომელიც 1997 წელს ისე გარდაიცვალა, რომ არასდროს უდავია სახლის თაობაზე. ამიტომ, სასამართლოს აზრით, მოსარჩელეს სკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად წაერთვა სამკვიდროს მიღების უფლება.
სასამართლომ მიიჩნია, კასატორი კიდეც რომ იყოს პ-ების მემკვიდრე, ..... მდებარე სახლზე საკუთრების უფლებას მაინც ვერ მოიპოვებს, ვინაიდან პ-ების გარდაცვალების მომენტისათვის სახლი საკუთრების უფლებით მათ სახელზე არ იყო აღრიცხული. საქართველოს სამოქალაქო სამართლის (1964წ.) კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრება წარმოიშობოდა რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო 539-ე მუხლის მიხედვით, სამემკვიდრეო უფლებები წარმოიშობა გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონებაზე;
3. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლის მუნიციპალიზაციის შემდეგ არც მის შემძენ ს. და ა. პ-ებს და არც მათ მემკვიდრეებს კანონით დადგენილი წესით არ განუცხადებიათ პრეტენზია ქონების დაბრუნების შესახებ. სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია საქართველოს სსრ ცაკის 1938წ. 8 თებერვლის ცირკულარული წერილი, რომლითაც თითქოს იკრძალებოდა 1933 წლამდე ჩამორთმეულ სახლებზე სარჩელების განხილვა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი 1964 წლიდან უკვე ითვალისწინებდა ვინდიკაციურ სარჩელს და პ-ებს შეეძლოთ თავიანთი უფლებების სასარჩელო წესით დაცვა;
4. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ცნო აგრეთვე კასატორის (აპელანტის) მოთხოვნა მოპასუხეთა მიერ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმებაზე, რადგან მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სადავო ბინები სახელმწიფოსაგან შეიძინეს კანონით დადგენილი წესით და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას:
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმეთა _ ქ-ისა და ბ-ის ჩვენებები, არ დაასაბუთა თუ რატომ არ გაიზიარა გ-ისა და კ-ას განმარტებები, რომ ისინი პ-ებთან სტუმრად დადიოდნენ სწორედ ..... მდებარე სახლში. არასწორია, ასევე, მოსაზრება, რომ პ-ები არ მოიხსენიებიან საბინაო წიგნში და ამიტომ მათ ამ სახლში არც უცხოვრიათ. კასატორის მითითებით, საბინაო წიგნი ნაწარმოებია 1939 წლიდან, როცა სახლი პ-ებს უკვე ჩამორთმეული ჰქონდათ და ამიტომ სახლში ჩაწერილები ვერც იქნებოდნენ. სადავო სახლი პ-ებმა შეიძინეს 1929 წელს, კონკრეტულად როდის და რა საფუძვლებით ჩამოერთვათ მათ სახლი, მოპასუხე კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ვერ წარმოადგინა.
კასატორის განმარტებით მისი დედა _ ა. ა-ი ისე გარდაიცვალა, რომ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა, ამიტომ სასამართლოში ვერც იდავებდა. ხელშეკრულება კასატორისათვის ცნობილი გახდა 1999 წელს. მემკვიდრეობით გადადის როგორც მამკვიდრებლის ქონება, ასევე _ უფლებები, ამიტომ მას, როგორც პ-ების მემკვიდრეს, აქვს დავის უფლება.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტა, რომ საქართველოს სსრ ცაკის 1938წ. 8 თებერვლის ცირკულარული წერილით იკრძალებოდა 1933 წლამდე ჩამორთმეულ ქონებაზე სარჩელების განხილვა. ცირკულარულმა წერილმა ძალა დაკარგა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ, 1997წ. 1 თებერვლიდან. ამ დროისათვის კი პ-ები აღარ იყვნენ ცოცხლები და კასატორმა,Pროგორც მათ მემკვიდრემ, სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ 1999 წელს მოიპოვა, ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსწოროა.
საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას კასატორმა წარმოადგინა თბილისის კალინინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც მან საქმის განხილვის დროს მოიპოვა. გადაწყვეტილებით ა. პ-ს, ა. ა-ს, ჟ. და ნ. პ-ებს უარი ეთქვათ ..... მდებარე სამსართულიანი სახლის კალინინის რაიონის საბინაო სამმართველოს ფონდიდან ამორიცხვასა და მათ პირად საკუთრებად ცნობის შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა ა. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:'
კასატორი ა. ა-ი 2000 წელს აღძრული სარჩელით ითხოვდა მემკვიდრეობის მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობას და თბილისში, ...... მდებარე სახლის ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებას. მისი მითითებით, 1929წ. 6 დეკემბერს ს. პ-ს (კასატორის დედის _ ა. პ-ას მამას) და მის ძმას _ ა. პ-ს მ. თ-ესაგან შეუძენიათ აღნიშნული სახლთმფლობელობა. სახლის პ-ებისათვის ჩამორთმევის შესახებ რაიმე დოკუმენტი კასატორმა ვერც სახელმწიფო არქივში და ვერც სხვაგან ვერ მოიპოვა, ამიტომ გაურკვეველია კანონიერი მესაკუთრეებისათვის სახლის ჩამორთმევის საფუძველი. კასატორის დედა ა. ს-ს ასული პ-ა 1997 წელს გარდაიცვალა, რის გამოც კასატორმა, როგორც პ-ების მემკვიდრემ, მოითხოვა ამჟამად ..... მდებარე სახლის წილზე მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ბინების პრივეტიზების ხელშეკრულების გაუქმება.
ა. ა-ის სარჩელი დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა არც რაიონული და არც სააპელაციო სასამართლოების მიერ, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი დადგენა-შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ა. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას კასატორმა წარმოადგინა თბილისის კალინინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ა. პ-ს, ა. ს-ს ასულ ა-ს, ჟ. და ნ. პ-ებს ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვათ მდებარე სამსართულიანი სახლის კალინინის რაიონის საბინაო სამმართველოს ფონდიდან ამორიცხვასა და მათ პირად საკუთრებად ცნობაზე. კასატორი ა. ა-ი ყოფილი მდებარე სამსართულიანი სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას მოითხოვდა, როგორც დედის _ ა. ა-ის მემკვიდრე. როგორც ძველი (1964წ.) საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის, ასევე ამჟამად მოქმედი სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მასაში შედის მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივი), ანუ მამკვიდრებლის მიერ რეალურად დატოვებული ქონება და ქონებრივი უფლებები. ა. ა-ის გარდაცვალების მომენტისათვის, 1997 წლისათვის, ამჟამად ..... ქუჩაზე მდებარე სადავო სახლი არ წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ თბილისის კალინინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976წ. 28 ოქტობრის გადაწყვეტილებით ა. ს-ს ასულ ა-ს უარი ეთქვა სადავო ბინის პირად საკუთრებაში გადაცემაზე. ამიტომ, ა. ა-ის სამკვირდო მასაში ..... ქუჩაზე მდებარე სადავო სახლი არ შედიოდა და შესაბამისად, ვერც კასატორ ა. ა-ზე გადავიდოდა მემკვიდრეობით. აქედან გამომდინარე, კასატორი ა. ა-ის, როგორც ა. ა-ის მემკვიდრის, მოთხოვნა სადავო ბინის მემკვიდრეობის გზით მესაკუთრედ ცნობაზე უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა. ამასთან, როგორც იმჟამად მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე ახალი სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად მხარეებს და მათ უფლებამონაცვლეებს (მემკვიდრეებს) უფლება არა აქვთ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები და ა. ა-ის სარჩელი ამ მოტივითაც უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინება, რადაგნ საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინება;
3. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდბა.