საქმე №ას-568-543-2016 24 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. წ.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. წ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ს.-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. წ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. წ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი თავისი სტრუქტურით ბლანკეტური შინაარსის ნორმაა, რომელიც დათქმას აკეთებს ამავე კოდექსის 46-ე მუხლზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით კი, დადგენილია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის მიხედვითაც, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების სხვა შემთხვევებს კი, თავის მხრივ, ადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელდობრ, კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულია შეღავათები სახელმწიფო ბაჟში, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები - სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა – ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მოთხოვნებიდან მოსარჩელე ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე არ წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე და მაშასადამე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის რეგულირების სფეროში შემავალ იმ ფიზიკურ პირს, რომლისთვისაც გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უნდა უზრუნველეყო სასამართლოს ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, როგორც მეორადი მოთხოვნა, წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების თანმდევ სამართლებრივ შედეგს, მოსარჩელე არც მოთხოვნის ამ ნაწილში, წარმოადგენს იმ ფიზიკურ პირს, რომლისთვისაც გადაწყვეტილების ჩაბარების ზემოთმითითბული წესი გავრცელდებოდა.
საკასაციო პალატის ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან კი, გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ სწორედ მ. წ.-ის ან მისი წარმომადგენლის საპროცესო სამართლებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-30 დღიან ინტერვალში და უშუალოდ ჩაებარებინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილია შესასრულებლად სავალდებულო წესი და ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც კასატორი მ. წ.-ი, ასევე მისი წარმომადგენელი რ. პ.-ე (ტ.3, ს.ფ.82-85). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2016 წლის 18 მაისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. მ. წ.-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2016 წლის 18 აპრილის განჩინების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2016 წლის 31 მაისს, მაშინ როდესაც უკვე გასული იყო განჩინების გამოცხადებიდან 20-30 დღიანი ინტერვალი. აღნიშნული კი, იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მ. წ.-ის მიმართ განჩინების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო არა განჩინების ჩაბარებიდან, არამედ, ამ განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
ასევე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი წესი ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესთან ერთობლიობაში ადგენს გასაჩივრების უფლების წარმოშობისა და ამ ვადის დენის დასაწყისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. გასაჩივრების ვადის დენის ათვლის წესთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება (იხ.,სუს 30.12.2014წ.-ის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2016 წლის 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 8 ივნისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2016 წლის 8 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი მ. წ.-მა შეიტანა 2016 წლის 15 ივნისს (ს.ფ.100-121) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი