საქმე №ას-62-60-2016 17 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ქ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ჟ. ხ-ემ (შემდგოში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ქ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ნ-ის ქ#...ში მდებარე, აწ გარდაცვლილი ვ. ხ-ის (შემდგომში _ მამკვიდრებელი) დანაშთი ქონების ½-ის მემკვიდრედ აღიარება, რომელიც ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული მოსარჩელეს, მან ასევე მოითხოვა სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა და ქონების ½-ის მესაკუთრედ მოსარჩელის მითითება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 1997 წლის 22 მარტს გარდაიცვალა მამკვიდრებელი, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე _ მოსარჩელე და მოპასუხე. დანაშთი სამკვიდრო მხარეებმა მიიღეს ფაქტობრივი ფლობით, თუმცა მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობა არ აუღია და ქონებაზე საკუთრების უფლება არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში. 1994 წლის 14 ივნისის ანდერძით მამკვიდრებელმა ნება გამოხატა მთელი მისი სამკვიდრო თანაბრად განაწილებულიყო მის შვილებს შორის, რომელთათვისაც ცნობილი იყო, რა ეკუთვნოდათ სამკვიდროდან პირობითად. მოსარჩელე დედის გარდაცვალების შემდეგ ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, რომელიც მას მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე გამოუყო, ამასთანავე, მას სამკვიდროდან მიღებული აქვს სხვადასხვა ნივთები: ბეჭედი, კაბა და სხვა წვრილმანები (გარკვეული ნივთები, რომლებიც მოსარჩელეს უნდა წაეღო დედის გარდაცვალების შემდგომ, გაანადგურა მოპასუხემ). მოპასუხეს მიუმართავს ნოტარიუსისათვის, დაუმალავს, როგორც 1994 წლის ანდერძის, ისე მეორე მემკვიდრის არსებობის ფაქტი, წარუდგენია 1984 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული ანდერძი და 1997 წლის 13 დეკემბერს მიუღია სამკვიდრო უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საფუძველზეც, 2008 წლის 25 ოქტომბერს სამკვიდრო ქონებაზე აღურიცხავს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, რის შესახებაც მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, იგი არ ამუშავედა მიწის ნაკვეთს. დედის დანაშთი ქონება დადგენილი წესით მიიღო მხოლოდ მოპასუხემ, მხარეთა შორის სამკვიდროს ფაქტობრივ გაყოფაზე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, მათ დაახლოებით სამოცი წელია არ აქვთ ურთიერთობა, გარდა ამისა, მოსარჩელეს არც მამკვიდრებელთან ჰქონია კარგი ურთიერთობა, დედის გარდაცვალების შემდგომ საერთოდ არ მისულა მის სახლში, ხოლო მშობლების მოვლა-დაკრძალვის ყველა ხარჯი გაღებულ იქნა მოპასუხის მიერ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანდერძი არ არის ნამდვილი, თუმცა, მისი ნამდვილობის პირობებშიც, ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. სადავო სახლი აშენებულია მოპასუხისა და მისი მეუღლის მიერ, სადაც 1969 წლიდან არ უცხოვრია მოსარჩელეს. მამკვიდრებლის სახელზე თავდაპირველად რიცხული სახლი მოპასუხის მიერ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგანაც მხარეთა მშობლებს არ გააჩნდათ საკმარისი მატერიალური სახსრები. ნოტარიუსისათვის წარდგენილი ანდერძი კანონით დადგენილი წესითაა შედგენილი, რაც საფუძვლად დაედო სამკვიდრო მოწმობის გაცემას, მოსარჩელეს რატომღაც ოცი წლის შემდგომ გაახსენდა სამკვიდროზე უფლების არსებობა, რაც სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებს, გარდა ამისა, მის მიერ დასახელებული მოწმეები არ იტყვიან სიმართლეს, რადგანაც წლების განმავლობაში მათ და მოპასუხეს შორის დავები მიმდინარეობს სასამართლოში. მოსარჩელე არ ითვალისწინებს 1997 წლამდე არსებული სამოქალაქო კოდექსის ნორმებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე თაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ნ-ის ქ#...ში მდებარე აწ გარდაცვლილი ვ. ხ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2-ის მემკვიდრედ. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე. გ-ის მიერ 1997 წლის 13 დეკემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და ქ.ქუთაისში, ნ-ის ქ#...ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილის მემკვიდრედ მიეთითა მოსარჩელე, ასევე, ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში და ქ.ქუთაისში, ნ-ის ქ#...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ანდერძისმიერი (ამავდროულად, კანონისმიერი) მემკვიდრის მიერ ფაქტობრივად დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა დანაშთ ქონებას, რითაც მან გამოხატა ნება, მიეღო დედის ქონება. სასამართლოების მიერ დადგენილ ამ გარემოებას არ ეთანხმება კასატორი იმ დასაბუთებით, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთოხვნები და არასაკმარისად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. საკასაციო საჩივრის საფუძვლების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. ქუთაისში, ნ-ის ქ#...ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა მამკვიდრებელ ვ. ხ-ეს.
1.1.2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1997 წლის 22 მარტს.
1.1.3. ჟ. ხ-ე და ლ. ქ-ე არიან ვ. ხ-ის შვილები.
1.1.4. 1984 წლის 5 დეკემბრს მამკვიდრებელმა საკუთარი ქონება უანდერძა კასატორს, თუმცა, მოგვიანებით, 1994 წლის 14 ივნისს მან სამკვიდრო თანაბარწილად უანდერძა ორივე შვილს.
1.1.5. 1997 წლის 13 დეკემბერს კასატორმა 1984 წლის 5 დეკემბრის ანდერძის საფძველზე აიღო სამკვიდრო მოწმობა მთელ დანაშთ ქონებაზე.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.3. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო საჩივრით შედავებულია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ მიწის დამუშავებაში, ასევე, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 1994 წლის 14 ივნისს შედგენილი ანდერძი ნამდვილია. ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ პრეტენზიებს არ იზიარებს საკასაციო პალატა შემდეგი გარემოებების გამო:
1.3.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1997 წლის 22 მარტს, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით, გარდა იმისა, რომ სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ დაეთანხმა მოპასუხე, მან სადავოდ გახადა სარჩელის სამართლებრივი საფუძველი (მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება). საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია კანონის დროში მოქმედების პრინციპი და მე-3 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ როგორც ანდერძის ნამდვილობის, ისე _ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი 1960 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებთან შესაბამისობაში უნდა შემოწმდეს.
1.3.2. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლი ადგენდა ანდერძის ნამდვილობის შემდეგ წესს: ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს, ხოლო იქ, სადაც სანოტარო ორგანო არ არის _ სახალხო დეპუტეტების სასოფლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომს. მოანდერძემ ხელი უნდა მოაწეროს ანდერძს აუცილებლად ნოტარიუსის ან სახალხო დეპუტატების ადგილობრივის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის თანდასწრებით. თუ მოანდერძე ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო თვითონ ვერ მოაწერს ხელს, შეიძლება, მისი თხოვნით ანდერძს ხელი მოაწეროს სხვა მოქალაქემ ნოტარიუსის, ხოლო იქ, სადაც სანოტარო ორგანოები არ არის, სახალხო დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირის (ამ კოდექსის 552-ე მუხლი) თანდასწრებით, ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა. საქმეში წარმოდგენილი 1994 წლის 14 ივნისს შედგენილი ანდერძი კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იგი ხელმოწერილია არა მოანდერძის, არამედ სხვა პირის მიერ და შეიცავს დადასტურებას, რომ თავად ნების გამომხატველს არ შეეძლო ხელის მოწერა წერა-კითხვის უცოდინრობის გამო, თავის მხრივ, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ანდერძზე ხელმოწერა ეკუთვნის ნ. გ-ეს, დასკვნა კატეგორიული ხასიათისაა და მას ვერ გააქარწყლებს კასატორის მითითება თავად ნ. ი-ის აული გ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ხელმოწერით მას მოანდერძის ნება არ დაუდასტურებია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემულ ინფორმაციაზე ანდერძის ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, ანდერძის ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი 1994 წლის 14 ივნისს მამკვიდრებლის სახელით დამოწმებული ანდერძის გაუქმების თაობაზე, ანდერძისმიერი მემკვიდრეები არიან მოსარჩელე და მოპასუხე. მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად დაუშვეს 1994 წლის ანდერძის ნამდვილობის პრეზუმფცია, რის გამოც კასატორის მიერ ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
1.3.3. უდავოა ის გარემოებაც, რომ კასატორმა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა 1984 წლის 5 დეკემბერს შედგენილი ანდერძის საფუძველზე მიიღო. ამ ფაქტის სამართლებრვი შეფასებისათვის საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 553-ე მუხლს, რომლითაც დადგენილია მოანდერძის უფლება, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი. ნორმის მე-2 აბზაცის თანახმად, შემდგომი ანდერძი აუქმებს ადრინდელს მთლიანად ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 1994 წელს შედგენილი ანდერძით გაუქმდა 1984 წლის ანდერძი იმ ნაწილში, რომლითაც მთელი ქონება კასატორს ეანდერძა, რადგანაც ახალი საანდერძო განკარგულებით მამკვიდრებელმა სამკვიდროს ½ დაუტოვა მოსარჩელეს, თავის მხრივ, ეს გარემოება იძლევა დასკვნის საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხის მიერ ახალი სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში მიღებული უფლების დამდგენი დოკუმენტი არანამდვილი ნების საფუძველზეა გაცემული და მას, როგორც ცალმხრივად გამოვლენილ ნებას (სკ-ის 50-ე მუხლი), მოქმედი სამოქალაქო კოდექსის პირობებში, იურიდიული ძალა არ გააჩნია (სკ-ის 54-ე მუხლი).
1.3.4. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს, ამ თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლზე, რომელიც სამკვიდროს მიღების იურიდიულ შედეგს განსაზღვრავდა, კერძოდ, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წარმოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის საჭირო იყო მემკვიდრეს ნამდვილი უფლების საფუძველზე განეხორციელებინა ნივთზე ბატონობა, რაც მიანიშნებდა, რომ მან გამოხატული ნების ფარგლებში ქონება თავისად მიიჩნია ან უფლების მოსაპოვებლად უნდა მიემართა სანოტარო ბიუროსათვის, თუმცა, როგორც ერთი, ისე _ მეორე ქმედების შედეგად საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულო იყო კანონისმიერი ვადის დაცვა, რომელიც 6 თვეს შეადგენდა.
1.3.5. სარჩელის თანახმად, ჟ. ხ-ემ დედის სამკვიდროდან მიიღო გარკვეული ნივთები: ბეჭედი, კაბა და სხვა წვრილმანები, ასევე დაეუფლა მიწის ნაკვეთს, ამუშავებდა მას, იღებდა მოსავალს (ხილს). საქმეში არსებული შესაგებლით მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის განმარტება მიწის დამუშავების გზით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე, ხოლო სამკვიდროდან გარკვეული ნივთების მიღებას იგი არ შედავებია. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი, დადგენილია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ ნორმის დებულებას აზუსტებს ამავე კოდექსის 219-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი უკრძალავს მხარეს იმ გარემოებებზე მითითებას რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრის შემდეგ სასამართლომ ერთმანეთისაგან უნდა გამიჯნოს სადავო და უდავო გარემოებები, უდავო გარემოება ისეთი ფაქტობრივი აღწერილობაა, რომელსაც მოპასუხე ეთანხმება ან საერთოდ არ პასუხობს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს დედის სამკვიდროდან მოსარჩელის მიერ გარკვეული ნივთების დაუფლება სადავო არ გაუხდია, რაც ამ ფაქტის უდავოდ მიჩნევის წინაპირობაა და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოში მხარის მიერ ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები. რაც შეეხება მიწის დამუშავების თაობაზე კასატორის მსჯელობას, პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში ქვემდგომი სასამართლოები სწორად დაეყრდნენ მოწმეთა ჩვენებებს. პალატა განმარტავს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე _ ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
1.3.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს შემდეგი მოწმეების: მ. ჩ-ის (იგი კონკრეტულ პერიოდს, როდის შეიტყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლება, ვერ ადასტურებს), ლ. ხ-ის, მ. ხ-ის (აწარმოებდნენ დავას სასამართლოში ლ.ქ-ესთან), გ. ქ-ისა (აღნიშნული მოწმე მოპასუხის მეუღლეა, შესაბამისად, დაინტერესებულია საქმის შედეგით) და მ. ქ-ის (მოპასუხე არის მისი ბიცოლა, ამასთანავე, მოწმე ადასტურებს, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში, ანუ არ არის მის მიერ გადმოცემული გარემოებების თვითმხილველი) ჩვენებები. რაც შეეხება მოწმე ჯ. ბ-ის ჩვენებას, სასამართლო მას სარწმუნოდ მიიჩნევს, რამდენადაც მოწმე, მართალია, მოსარჩელის კურსელია, თუმცა, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა მხარეთა სახლში, კარგად იცნობს, როგორც მოდავე სუბიექტებს, ისე მათ ოჯახს. მოწმე ადასტურებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც სამკვიდროს დაუფლების ფაქტს სარწმუნოს ხდის (მოსარჩელე, მეუღლის დახმარებით უვლიდა მიწას, იღებდა მოსავალს, მოწმის ჩვენებით, იგი ეხმარებოდა მას სამეურნეო საქმიანობაში, მან შემოღობა მიწის ნაკვეთი, სადაც მოპასუხისგან მალულად უწევდა მისვლა დებს შორის არსებული უთანხმოების გამო). მოწმე ჯ. ქ-ი ასევე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მიწით სარგებლობას (იგი მოპასუხის შვილის მასწავლებელია), მართალია, მოწმე მოსარჩელის მონათხრობს გადმოსცემს (თავად არ დახმარებია მიწის დამუშავებაში), თუმცა სხვა მოწმეთა ჩვენებისაგან ეს ჩვენება შინაარსობრივად არ განსხვავდება, სწორედ ამ კუთხითაა იგი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებას ადასტურებს მოწმე ნ. მ-ი, რაც შეეხება ი. ხ-იას ჩვენებას, რომელიც სადავო მისამართზე მდებარე ერთ-ერთი უძრავი ქონების მესაკუთრეა და სასამართლოს წინაშე მოპასუხის შუამდგომლობით წარსდგა, მან დაადასტურა, რომ 90-იანი წლებიდან რამდენიმე წელი ხედავდა მოსარჩელესა და მის მეუღლეს, რომლებიც უვლიდნენ მიწის ნაკვეთს, ხოლო ჩვენების მიცემის დროისათვის ნაკვეთს უვლიდა მოპასუხე. მოწმეს არ ახსოვს მამკვიდრებელი როდის გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ არ უნახავს მოსარჩელე, აქვე მოწმე ადასტურებს, რომ სახლის მშენებლობისას სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული წყლის მილები ითხოვა მოსარჩელისგან და დაუბრუნა ჟ.ხ-ეს იმავე მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება მოწმე ბ. ძ-ას ჩვენებას, საკასაციო სასამართლო მას არ იზიარებს იმ საფუძვლით, რომ მოწმის განმარტებით, იგი მეზღვაურია და 5-7 თვე არ იმყოფებოდა ქუთაისში. ამდენად, მოწმეთა ჩვენებების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებით საკასაციო პალატა არ აიზიარებს კასატორის პრეტენზიას საპროცესო ნორმათა დარღვევის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები სრულად ემყარება მტკიცებულებათა გამკვლევის საპროცესო სტანდარტს.
1.4. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის არგუმენტს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, რომ, როგორც გასაჩივრებული განჩინებითაა დადგენილი, უფლებამოსილი პირი სამკვიდროს კანონით გათვალისწინებულ ვადაში დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით (სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მე-3 აბზაცი), შესაბამისად, იგი გახდა ქონების მესაკუთრე/თანამესაკუთრე, ასეთ შემთხვევაში კი, ხანდაზმულობაზე მითითება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელი წინაპირობა, რამდენადაც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით (რომელიც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ადგენს) თავად სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი განმარტებულია, როგორც საერთო ვადა უფლების დაცვისა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების სასამართლოს მხრიდან აღიარება, რაც კასატორის არგუმენტის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.
1.5. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო სასამართლოს #... განცხადებით მომართა ლ.ქ-ემ და წარმოადგინა მტკიცებულებები: ნ.გ-ის განცხადების, საჯარო რეესტრის ამონაწერის, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.11.2010წ. #ას-716-671-2010 განჩინების ასლები 8 (რვა) ფურცლად.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, მით უფრო ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რაც საქმის მასალებში ისედაც მოიპოვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს ლ.ქ-ეს.
3. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 104-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კასატორს დაუბრუნდეს #... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: ნ.გ-ის განცხადების, საჯარო რეესტრის ამონაწერის, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.11.2010წ. #ას-716-671-2010 განჩინების ასლები 8 (რვა) ფურცლად.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ.ბაქაქური