საქმე №ას-122-118-2016 3 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ფ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე, ზ. მ-ე, ბ. ვ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ მ. ნ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ. მ-ემ, მ. მ-ემ და ბ. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ნ-ისა და თ. ფ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოვალეები, თ.ფ-ე, ასევე, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის 13 347,65 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: მ. მ-ე, თ. ფ-ე და თ. დ-ე შეთანხმდნენ, ერთობლივი საქმიანობის დაწყების მიზნით, შეეძინათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, კ. დასახლებაში მდებარე 5292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რის გამოც, სს „ს-ში“ დამტკიცდა სესხი 100 000 აშშ დოლარი. სესხი გაფორმდა მ. მ-ის მამის _ ზ. მ-ის (შემდგომში _ მსესხებელი) სახელზე და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ფ-ის ქ#10-ში მდებარე სახლი, ასევე, მ.მ-ის სიძის _ მ. კ-ის კუთვნილი ქონება (რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული მესაკუთრის ვალდებულების გამო, აღებული სესხიდან 8 045 აშშ დოლარით გასტუმრებულ იქნა ამ უკანასკნელის ვალდებულება ბანკის წინაშე და ადრე რეგისტრირებული იპოთეკისაგან გათავისუფლდა ქონება). დამტკიცებული სესხიდან ჯამში ათვისებულ იქნა 80 063,8 აშშ დოლარი, რომლითაც მსესხებელმა 23.10.2007წ. აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება და საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე. 29.03.2008წ. გარდაიცვალა მსესხებელი და მისი სამკვიდრო 06.10.2008წ. მიიღო მისმა შვილმა მ. მ-ემ. 2008 წლის ნოემბრიდან იგი, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გავიდა ერთობლივი საქმიანობიდან, მამკვიდრებლის მიერ ნასესხები თანხა უნდა დაეფარა თ. ფ-ეს, რომლის მოთხოვნითაც მემკვიდრემ აუქციონზე შეძენილი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 25.09.2009წ. გადაუფორმა მოპასუხის ახლობელ ნ. ბ-ეს, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, 25.12.2008წ. ჩუქების გზით მემკვიდრემ გადასცა საკუთარ შვილს _ ზ. მ-ეს. აუქციონზე შეძენილი ქონება ნ. ბ-ემ 23.02.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხე თ.ფ-ის სიმამრ ნ. ნ-ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი, ეს ქონება 31.05.2011წ. ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა საკუთარ შვილს _ მ. ნ-ეს (თ.ფ-ის მეუღლე). აუქციონზე ნაყიდი ქონების სხვადასხვა პირისათვის გადაცემა ხორციელდებოდა სასყიდლის გარეშე. 2010 წლის დეკემბრამდე აწ გარდაცვლილი მსესხებლის მიერ აღებული ვალი იფარებოდა მისი სახელით, ხოლო 2010 წლის დეკემბრიდან ეს ვალდებულება სრულდებოდა ზ. მ-ის სახელით, რომელმაც მიიღო იპოთეკით დატვირთული ქონება და ბანკის მოთხოვნით, მის წინაშე არსებული ვალდებულების შესასრულებლად გააფორმა ახალი სესხის ხელშეკრულება. მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აღებული სესხი იფარებოდა, როგორც მოსარჩელეების, ისე _ მოპასუხეების მიერ. საბოლოოდ, მოპასუხე მხარემ აღარ შეასრულა ფულადი ვალდებულება და დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 13 347,65 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები წარმოადგენენ აუქციონზე შეძენილი ქონების მესაკუთრეებს, რის სანაცვლოდაც მათ უნდა გადაეხადათ დავალიანების დარჩენილი ნაწილი. ეს ვალდებულება ბანკის წინაშე შეასრულეს მოსარჩელეებმა, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ მოპასუხეები (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა და განმარტეს, რომ მართალია მ. მ-ე ერთობლივი საქმიანობიდან გავიდა და მისი დავალიანების გადახდა დაეკისრა თ.ფ-ეს, ასევე, მხარეთა შეთანხმებით განხორციელდა აუქციონზე შეძენილი ქონების სხვა პირების საკუთრებაში გადასვლა, თუმცა მოსარჩელე ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. თ.ფ-ეს ეკუთვნოდა ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სახლი, რომელიც სხვა პირის სახელზე იყო აღრიცხული საკუთრების უფლებით, მან ეს ქონება გაასხვისა მესამე პირზე 30 000 ლარად, რაც, იმ დროს არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად, შეადგენდა 18 181 აშშ დოლარს, აღნიშნულით სრულად იქნა გასტუმრებული დავალიანება (იხ. შესაგებელი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ფ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 13 347 აშშ დოლარის გადახდა, მ. ნ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსულუტური საფუძვლების ჩამონათვალს და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შესწავლამდე გამოარკვიოს საქმის განხილვისას მითითებული ნორმით გათვალისწინებულ რომელიმე დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი. ასეთ შემთხვევაში, ზემდგომი სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით, თუ რა დარღვევა უდევს საფუძვლად მიღებულ გადაწყვეტილებას, თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე ან მას ხელახლა განსახილველად უგზავნის ქვემდგომ სასამართლოს. ამ ჩამონათვალთაგან ერთ-ერთს განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია („ე1“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სწორედ მოხმობილი შემთხვევაა სახეზე.
1.2. ვიდრე საკასაციო სასამართლო საპროცესო ნორმების დარღვევის თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებდეს, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე პრაქტიკულ საკითხზე:
1.2.1. სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად უმთავრესია სასამართლომ სწორად განსაზღვროს საძიებელი ფაქტები (მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები) და მხარეთა შორის სწორად გაანაწილოს მტკიცების ტვირთი, რისთვისაც ამოსავალია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: ვინ?, ვისგან?, რას?, რის საფუძველზე ითხოვს?.
1.2.2. პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან მიმართებაში იძლევა პასუხს, მესამე – მოთხოვნასთან მიმართებაში, ხოლო მეოთხე – მოთხოვნის საფუძველთან მიმართებაში. დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსამართლეს დაეხმარება მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებები, ამასთან, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს სარჩელის ფორმალური დასაბუთებულობა, ანუ მასში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, დადგება თუ არა ის შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მხოლოდ ამის შემდეგ ღირს მოპასუხის სტადიაზე გადასვლა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, რომელს გააჩნია იურიდიული შედეგის მომტანი ძალა/მიესადაგება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას (ადასტურებენ ან გამორიცხავენ მის შემადგენლობას). დასახული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ წესს საპროცესო კოდექსის 218-ე (372-ე) მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა მ. მ-ის, თ. ფ-ისა და თ. დ-ის შეთანხმების არსებობა ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენის თაობაზე, ასევე, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ერთობლივი საქმიანობის მიზნის მიღწევის საშუალება (უძრავი ქონება) შეიძინა და საკუთრებაში აღირიცხა არა ამხანაგობამ, არამედ მ. მ-ის მამამ. ეს ქონება, მოპასუხე თ.ფ-ესთან შეთანხმებით, საბოლოოდ თავდაპირველი თანამოპასუხის საკუთრებაში გადავიდა, თუმცა ამ გარემოების პარალელურად პალატა მსჯელობს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტაზე, რაც დავის საგნიდან, სარჩელში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით არ გამომდინარეობს, რამდენადაც მხარეებს არც სამოქალაქო კოდექსის 930-ე და მით უფრო, არც 940-ე მუხლის ელემენტებზე არ მიუთითებიათ. აღნიშნულის პარალელურად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე მ.მ-ის აწ გარდაცვლილი მამის მიერ უძრავი ქონების შეძენისათვის აღებული ვალდებულების გასტუმრება იკისრა თ. ფ-ემ, რომელსაც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ნასყიდობის საგანი, მოპასუხე მართლაც ასრულებდა ამ ვალდებულებას, რასაც შედეგად ამ ქონების მოპასუხის მეუღლის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ ჩათვალა, რომ უძრავი ქონების მოპასუხისათვის გადაცემის საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლით განსაზღვრული უფლების გადაცემა იყო, რის გამოც, მოსარჩელეები ფარავდნენ სხვის ვალს (თ.ფ-ის) და სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 986-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის გამო, კონდიქციის წესებით მათ შეეძლოთ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.
1.4. ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს მხარეთა განმარტებები და ამ გზით დადგინდეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამ გარემოების განსაზღვრისათვის კი, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ კასატორის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად როგორც მოსარჩელე, ისე _ მოპასუხე გარდაცვლილი ზ. მ-ის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების გადაცემას ასახელებენ, ამდენად, შეიძლება ჰიპოთეტურად ვიმსჯელოთ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნაზე, რომელიც უძრავ ქონებას შეეხება, თუმცა, ამ თვალსაზრისით, უპირველესად უნდა შეფასდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემის რომელ სახესთან გვაქვს საქმე (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა), აქვე გასათვალისწინებელია უდავო გარემოება მ. მ-ის მიერ ქონების მესამე პირისათვის გადაცემაზე (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მ. მ-ესა და ნ. ბ-ეს, ასევე, ნ. ბ-ესა და ნ. ნ-ეს შორის, ხოლო, ამ უკანასკნელის მიერ ჩუქების გზით მ. ნ-ისათვის ქონების გადაცემა, აღნიშნული გარიგებები მხარეთა მიერ შედავებული არ არის), რაც სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლთან მიმართებით უნდა შემოწმდეს, ანუ გარიგების იურიდიული კვალიფიკაციის შედეგად სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოპასუხე თ.ფ-ეს რა ვალდებულება წარმოეშვა მოსარჩელეების წინაშე.
1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იურიდიულად უნდა შეფასდეს ასევე სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.5.1. ქონების აუქციონზე შეძენის მიზნით, სს „ს-იდან“ 31.10.2007წ. დამტკიცებული სესხი აიღო აწ გარდაცვლილმა ზ. მ-ემ, სესხის უზრუნველსაყოფად მან იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება და აღებული სესხით 23.10.2007წ. შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე უძრავი ნივთი;
1.5.2. 06.10.2008წ. მსესხებლის სამკვიდრო მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა _ მ. მ-ემ, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, მოიცავდა სამკვიდრო პასივსაც, შესაბამისად, იგი გახდა მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე, რომლის პასუხისმგებლობაც გარდაცვლილი პირის კრედიტორების წინაშე მიღებული აქტივით შემოიფარგლება (სკ-ის 1484-ე მუხლი);
1.5.3. სამკვიდროს აქტივში შემავალი ხელვაჩაურის რაიონში მდებარე უძრავი ქონება მემკვიდრემ 25.09.2009წ. ნასყიდობის გზით გადასცა ნ. ბ-ეს, ხოლო, იპოთეკით დატვირთული ნივთი, 26.12.2008წ. ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა შვილს _ ზ. მ-ეს. აღნიშნულის შედეგად ვალდებულ პირად სს „ს-ის“ წინაშე კვლავ მოსარჩელე მ. მ-ე დარჩა;
1.5.4. უდავოა, რომ კრედიტორი ბანკის წინაშე ვალდებულება შეწყვეტილია სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად და გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, შესრულება, განხორციელდა შემდეგი სახით: 2010 წლის დეკემბრამდე ვალის დაფარვა ხდებოდა მოსარჩელე მ. მ-ის მამის, აწ გარდაცვლილი ზ. მ-ის სახელით N... ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო, 2010 წლის დეკემბრიდან მ. მ-ის შვილის ზ. მ-ის სახელით (რომლის სახელზეც აღირიცხა იპოთეკით დატვირთული ქონება), რომელთანაც სესხის დასაფარად 2010 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა ახალი სესხის ხელშეკრულება N..., ასევე, დადგენილია, რომ თანხის ნაწილი დაფარულია ბ. ვ-ის მიერ.
1.5.5. ამ მოცემულობის ფარგლებში, კასატორის ვალდებულების წარმოშობა სააპელაციო პალატამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ქონების გადაცემას დაუკავშირა და პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლზე მიუთითა, თუმცა, ამ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, უნდა აღინიშნოს, რომ ქონება, რომელზე უფლების გადაცემაც სასამართლომ მოთხოვნის არსებობას დაუკავშირა, უფლებრივად უნაკლო იყო (მასზე არ არის დადგენილი სანივთო შეზღუდვის არსებობა). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნისა თუ უფლების გადაცემა, ბუნებრივია, სამართლებრივ ურთიერთობაში პირის უფლებამონაცვლეობას იწვევს, თუმცა, იგი არ არის უნივერსალური (როდესაც ამ მოთხოვნის/უფლების მიმღებზე გადადის პასუხისმგებლობაც). იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ეს მოთხოვნა/უფლება სხვა პირის სასარგებლოდ რაიმე სანივთო უფლებით არის დატვირთული, მოთხოვნის/უფლების მფლობელი შეზღუდულად, უზრუნველყოფის საგნით აგებს პასუხს, რაც ამ გზით წარმოშობილ უფლებამონაცვლეობას განასხვავებს მემკვიდრეობის გზით დაშვებული უფლებამონაცვლეობისაგან.
1.5.6. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლო ადგენს იმ გარემოებას, რომ ქონების გადაცემის სანაცვლოდ კასატორმა იკისრა ბანკის წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვის ვალდებულება, თუმცა, ამ შემთხვევაში, არ შეუფასებია მხარეთა შეთანხმების ნამდვილობა, კერძოდ, სახეზე ხომ არ გვაქვს ვალის გადაკისრებაზე მხარეთა შეთანხმება (სკ-ის 203-ე-204-ე მუხლები). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ გარემოების დადგენა არა მხოლოდ მ. მ-ის, არამედ მოპასუხის მიმართ ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისთვისაა მნიშვნელოვანი, კერძოდ, წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5.4. პუნქტიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ბანკის წინაშე გარდაცვლილი პირის/მისი უფლებამონაცვლის ვალდებულება შეასრულეს უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრემ და მესამე პირმა. მათი მოთხოვნის ადრესატი კი, შეიძლება იყოს მხოლოდ ვალდებული პირი, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ბ. ვ-ეს, ამ შემთხვევაში, გამოსაკვლევია განხორციელებული შესრულების საფუძველი.
1.6. საკასაციო პალატა ყურადღებას იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო ქონების რეგისტრირებული მოპასუხის _ მ. ნ-ის მიმართაც და კრედიტორები მოითხოვნდენ მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ მ.ნ-ის მიმართ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის თაობაზეც პრეტენზია (საკასაციო საჩივარი) არ წარუდგენიათ მოსარჩელეებს, ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო პალატა ვერ შეამოწმებს გადაწყვეტილების საფუძვლიანობას.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება ვერ ხერხდება, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას წინამდებარე განჩინებაში მითითებული დასაბუთების მიხედვით, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. 2016 წლის 5 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ფ-ემ და წარმოადგინა სოფელ ე-ში მდებარე სახლის ამსახველი ფოტომასალა.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს #... განცხადებაზე დართული მასალები 6 (ექვსი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება ქვემდგომ სასამართლოს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა განისაზღვროს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კასატორს დაუბრუნდეს #... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური