Facebook Twitter

საქმე №ას-297-282-2016 27 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ლ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ლ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შ. ლ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან კასატორი) მიმართ არასრულწლოვანი შვილების _ 21.08.2008წ. დაბადებული ი. ლ-ასა და 23.03.2010წ. დაბადებული ს. ლ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 150-150 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები დაქორწინდნენ 29.11.2007 წელს და შეეძინათ ორი შვილი. მათი თანაცხოვრება გაგრძელდა 2015 წლამდე. ჰქონდათ სისტემატური კონფლიქტი, რის გამოც მოსარჩელე შვილებთან ერთად დაბრუნდა მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე ეწევა სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციას როგორც მარნეულში, ისე _ აზერბაიჯანში, მშობლებთან ერთად აქვს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ეწევა სოფლის მეურნეობას. მეუღლეთა დაშორების შემდეგ მას შვილები არ მოუკითხავს და არც მატერიალურად დახმარებია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, თითოეული არასრულწლოვნის სასარგებლოდ 80-80 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო (იხ. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი), ამასთან, განმარტა, რომ არ გააჩნია ქონება/შემოსავალი და არ ეწევა მეურნეობას. მოპასუხის მამას აქვს 0,14 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც არის ურწყავი და მცირე შემოსავალს იძლევა ნალექიან პერიოდში, მოსარჩელე კი არის მასწავლებელი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ემოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით თითოეული ბავშვისათვის, სარჩელის აღძვრიდან - 2015 წლის 10 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების – 21.08.2008წ. დაბადებული ი. ლ-ასა და 23.03.2010წ. დაბადებული ს. ლ-ას სარჩენად, ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით 2015 წლის 10 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 29 ნოემბრიდან.

1.2.2. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 21.08.2008 წელს ი. ლ-ა და 23.03.2010 წელს ს. ლ-ა.

1.2.3. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ 2015 წლიდან. მას შემდეგ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან.

1.2.4. მოპასუხის სახელზე ქონება არ ირიცხება, ის ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

1.2.5. მოსარჩელე არის პედაგოგი, მუშაობს მარნეულის რაიონის სოფელი ს-ს #... საშუალო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად და მისი ხელფასი შეადგენს 170 ლარს თვეში.

1.2.6. სადავოს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მისი დადგენის მიზნით ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში, სასამართლოს ინიციატივის უგულვებელყოფა წარმოადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მოიძია სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.geostat.ge/) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იგი 164.2 ლარს შეადგენს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგა; სასამართლომ ისე გაითვალისწინა საქსტატის არასრული ინფორმაცია საქართველოში საარსებო მინიმუმის 164,2 ლარით განსაზღვრის თაობაზე (ამავე ინფორმაციის თანახმად, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 261,9, ხოლო საშუალო ოჯახის _ 275,5 ლარია) და ორივე შვილის სასარგებლოდ კასატორს ისე დააკისრა შემოსავლის 200%-ის გადახდა, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული კასატორის არასტაბილური სამუშაო და შემოსავლის ოდენობა. არასრულწლოვანთა სასარგებლოდ 80-80 ლარის დაკისრება შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ნახევარს შეადგენს და ანალოგიური ვალდებულება გააჩნია მეორე მშობელსაც, რომელიც დასაქმებულია.

1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტმიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც, ამასთანავე, მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად. თავად კასატორის მიერ მოხმობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (ის. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4 თებერვალი, 2013 წელი). საკასაციო პალატა დაუსაბუთებელ შედავებად მიიჩნევს კასატორის მითითებას საქსტატის ინფორმაციის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით, მან ასევე სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დებულებები.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების ასლი.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. ხ-ის მიერ 12.04.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. ლ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ხ-ის მიერ 12.04.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების ასლი 2 (ორი) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.55-56).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე