Facebook Twitter

საქმე №ას-276-262-2016 27 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ვ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ შპს „რ. კ-ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „რ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის _ შპს „რ. კ-ოს“ (შემდგომში _ მესამე პირი, იხ. საქალაქო სასამართლოს 08.06.2015წ. საოქმო განჩინება) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი ნივთების გამოთხოვა: ალუმინის სამსხმელო ბოყვები; ორტონიანი ამწეობის ავტომტვირთავი; დანადგარი კაბელის წარმოებაში გამოსაყენებლად 1 ხაზი (EXTRUDER 90); ოფისის აღჭურვილობა; პანელური კომპიუტერი HP-HP-3520/DIT70 EA; უწყვეტი კვების წყარო POVER-POVER 1050 VA; ნოუთბუქი; H5LI3 EA NOUTUK; „ვენტილატორი“; გამწოვი 100; საკონტროლო სალარო აპარატი; სალარო აპარატი; ავეჯი და სხვა ინვენტარი; კარადა; მაგიდა; სავარძელი; 3-ადგილიანი სკამი; კონდიციონერი HYUNDAL-E ST-12HDI; ლედ სერია 40PB200; მაცივარი ზედა საყინულით-320 EURIK; სკამი ყს 44-4; 8 ცალი ნაჭრის შავი სკამი; კომპიუტერის მაგიდა, (მოძრავი ქონების ღირებულება 48 217 ლარი).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის არსებობდა საიჯარო ურთიერთობა 5 წლის ვადით, მოპასუხე წარმოადგენს თავდაპირველი მეიჯარის უფლებამონაცვლეს, თუმცა მეიჯარის ინიციატივით ეს ურთიერთობა ვადამდე ცალმხრივად შეწყდა და მოსარჩელის ძირითადი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები დარჩა მოპასუხესთან, რომელთა თაობაზეც, მართალია, მოპასუხე წერილობით არ ადასტურებს საკუთრების უფლებას, თუმცა ითხოვს გაურკვეველ დამატებით დოკუმენტაციას ნივთების დასაბრუნებლად, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია:

საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მას პრეტენზია ქონებაზე არ გააჩნია, თუმცა ამ ნივთებზე პრეტენზიას აცხადებს მესამე პირი. სამუშაო შეხვედრისას კი, ვერც ერთმა დაამტკიცა ქონებაზე საკუთრების უფლება, რის გამოც, მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული მესაკუთრისათვის ნივთების გადაცემაზე, მოგვიანებით კი, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი, ასევე, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს დაუბრუნდა კუთვნილი შემდეგი დასახელების ნივთები: ალუმინის სამსხმელო ბოყვები 1 ცალი; ორტონიანი ამწეობის ავტომტვირთავი, 1 ცალი; დანადგარი კაბელის წარმოებაში გამოსაყენებლად 1 ხაზი (EXTRUDER 90), 1 ცალი; ოფისის აღჭურვილობა: პანელური კომპიუტერი HP-HP-3520/DIT70 EA 1 ცალი; უწყვეტი კვების წყარო POVER-POVER 1050 VA 1 ცალი; ნოუთბუქი, 1 ცალი; H5LI3 EA NOUTBUK 1 ცალი; ვენტილატორი, 1 ცალი; გამწოვი 100, 1 ცალი; საკონტროლო სალარო აპარატი 1 ცალი; სალარო აპარატი 1 ცალი; ავეჯი და სხვა ინვენტარი, მათ შორის: კარადა 1 ცალი; მაგიდა 1 ცალი; სავარძელი, 1 ცალი; 3-ადგილიანი სკამი, 1 ცალი; კონდიციონერი HYUNDAI-E ST-12HDI, 1 ცალი; ლედ.სერია 40 PB 200, 1 ცალი; მაცივარი ზედა საყინულეთი 320 EUCIK 1 ცალი; სკამი ყს 44-4, 1 ცალი; სკამი ნაჭრის შავი, 8 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, 1 ცალი

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, 08.06.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 12.09.2013წ. მოსარჩელესა და მეიჯარე შპს „სამგორი-94-ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, 5 წლის ვადით, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს სასაწყობედ და საოფისედ, იჯარით გადაეცა 830 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში;

1.2.2. 01.01.2014წ. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება 12.09.2013 წლის ფართის იჯარის ხელშეკრულების ვადის დროებითი შეწყვეტის შესახებ, რომლის შესაბამისად, 01.01.2014 წლიდან დროებით, 6 თვით შეწყდა მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

1.2.3. მოპასუხე არის მეიჯარის უფლებამონაცვლე.

1.2.4. მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულებით დაკავებულ ფართზე მეიჯარემ (მოპასუხე) 2015 წლის 23 თებერვალს, ფართის იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს „რ. კ-ოსთან“ (მესამე პირი), ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 23.05.2015 წლამდე.

1.2.5. 22.06.2015წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მ. ღ-მა ცნო სარჩელი.

1.2.6. აპელანტი (მოპასუხე) სადავოდ ხდიდა მის სათანადო მოპასუხეობის საკითხს, რასაც პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლზე მითითებით.

1.2.7. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ მესამე პირი არ იყო ინფორმირებული პროცესის თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა მესამე პირისათვის 09.06.2015წ. სარჩელის, შესაგებლისა და 22.06.2015წ. სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი. სასამართლომ მესამე პირს განუსაზღვრა ვადა მოსაზრების წარმოდგენისათვის, რომელიც მას არ განუხორციელებია, ამასთანავე, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ანუ მესამე პირს არ განუხორციელებია მისი მოთხოვნის მარეალიზებელი საპროცესო მოქმედებები. მოპასუხე კი, წარმოადგენს იჯარით გადაცემული ქონების მესაკუთრეს, შესაბამისად, სადავო ნივთების მფლობელიც (სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მას პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წაუყენებია ის მოსაზრება, რომ არ შეუძლია მხარისათვის ქონების გადაცემა. იგი თავს იკავებდა ამ ქონების გადაცემაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მესამე პირს არ ჰქონოდა რაიმე პრეტენზიები ამ ქონებაზე. ამდენად, იგი წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რომელმაც ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

1.2.8. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩაბმის შესახებ 08.06.2015წ. საოქმო განჩინების გაუქმებაზე აპელანტს იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ იგი არ წარმოადგენდა გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა განსხვავდება ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან (სუსგ-ებები #ას-699-669-2014; #ას-39-37-2013; #ას-668-635-2013), ხოლო მესამე პირს არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, კერძოდ, მესამე პირი დადგენილ დროს გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა იმის გამო ვერ მოხდა მის სხდომაზე დასწრება, რომ პროცესი სხვა დარბაზში ჩატარდა; კასატორის განმარტებით, მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმდა მესამე პირთან, ხოლო ამ უკანასკნელსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ნასყიდობის საფუძველზე სადავო ნივთები გადაეცა მესამე პირს საკუთრებაში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიკვლია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შემადგენლობის არსებობა, ასევე ის, რომ იჯარის საფუძველზე მესამე პირი წარმოადგენს ქონების მფლობელსა და მესაკუთრეს და არასწორად განსაზღვრა მოპასუხის მიერ ნივთების ფლობის საკითხი, ამასთან, შპს „ვ-ა“ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, მიუხედავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისა, შეემოწმებინა მისი სათანადოობისა (სსსკ-ის 85-ე მუხლი) და მოთხოვნის საფუძლიანობის საკითხი (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა წარმოადგენს იმ წესების ერთობლიობას, რომლებიც შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში მხარეებს (მათ შორის მესამე პირებსა და ნებისმიერ იმ სუბიექტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ირღვევა ან არსებობს საფრთხე მისი უფლების დარღვევისა) უფლებებთან ერთად უდგენს ვალდებულებებს, კერძოდ, დადგენილი წესითა და ვადაში განაცხადოს საკუთარი პრეტენზიები. შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) პრინციპების ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება საპროცესო მოქმედებათა არასაპატიოდ დარღვევის შედეგად მხარის მიმართ ამა თუ იმ პროცესუალური „სანქციის“ კანონით გათვალისწინება. საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხე ძირითადად არა საკუთარი, არამედ მესამე პირის ინტერესების დაცვას ცდილობს, რაც, ბუნებრივია, დაუშვებელი შედავებაა, თუმცა, აქვე საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე:

ა) საქმეში არსებული შესაგებლით, მოპასუხეს ნივთების მასთან ყოფნის ფაქტი სადავო არ გაუხდია, ასევე, საქმეში არსებობს მიმოწერა, რომლის თანახმადაც მოპასუხე არ აცხადებს პრეტენზიას ქონებაზე და თანახმაა, დაუბრუნდეს იგი იმ პირს, რომელსაც სასამართლო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევს;

ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2015წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „რ. კ-ო“, მოპასუხის წარმომადგენელს დაევალა მისთვის სარჩელის, შესაგებლისა და თანდართული მასალების ჩაბარება;

გ) საქმეში წარმოდგენილი სასამართლო შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებით დასტურდება მესამე პირისათვის ვადის განსაზღვრა საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად;

დ) სასამართლოს 22.06.2015წ. სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს მესამე პირის ინფორმირებას, რომელსაც არ უსარგებლია საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის დებულებით, კერძოდ, თუკი მას ინტერესი გააჩნდა ქონების მიმართ, სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ესარგებლა სარჩელის უფლებით და დაემტკიცებინა ქონებაზე საკუთრების უფლება, რაც ნათელს გახდიდა მის არა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, არამედ მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირად ყოფნის ფაქტს (გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე ჯერ კიდევ მოსამზადებელი და არა მთავარი სხდომა იყო დანიშნული), წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ჩავთვლით, რომ მხარე მართლაც გამოცხადდა სასამართლოში (რაც მ.ღ-ის განმარტებას ეწინააღმდეგება) და დარბაზის შეცვლის გამო არ მიეცა სხდომაზე დასწრების უფლება, დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გარეშე იგი საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე მაინც ვერ მიიღებდა. ამდენად, კასატორის პრეტენზია საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, ასევე, 85-ე მუხლის დარღვევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია;

ე) მოპასუხის წარმომადგენელმა (რომლის უფლებამოსილებაც სადავო არაა) მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, ამასთანავე, მას სადავოდ არ გაუხდია ნივთების ფლობის ფაქტი, ხოლო სასამართლომ შეამოწმა გარემოება იმის თაობაზე, სხვა პირი (მესამე პირი) აცხადებდა თუ არა ქონებაზე უფლებას. მოპასუხემ სარჩელის ცნობისას დაადასტურა ისიც, რომ ქონებაზე თავად პრეტენზია არ აქვს, ხოლო მოპასუხესა და მესამე პირთა სამუშაო შეხვედრისას მესამე პირს იმიტომ არ გადასცა ქონება, რომ მან ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ვერ დაადასტურა.

1.6. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დარღვევის, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის საწინაღმდეგო განმარტებების შესახებ კასატორის პრეტენზია მოკლებულია საფუძველს. სარჩელის ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სიტყვასიტყვით გამეორებას წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც სარჩელის ცნობისა და მისი თანმდევი შედეგების განმარტების საკითხს ეხებოდა, საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე და განმარტა შემდეგი: „დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (იხ. სუსგ №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი). საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობით, რომელიც ადასტურებს ამ საპროცესო მოქმედების შედეგების შესახებ ინფორმირებას, მოპასუხემ საკუთარ თავზე იტვირთა ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ამ საპროცესო უფლების განკარგვას მოჰყვა და რის თაობაზეც ის პრეტენზიებს საკასაციო საჩივარში გამოთქვამს.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. მ-ის მიერ 07.04.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ვ-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. მ-ის მიერ 07.04.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე