Facebook Twitter

საქმე №ას-313-298-2016 17 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ლ. შ-ა, ლ. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. კ. გ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემძენი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. შ-ასა და ლ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მიყენებული ზიანის _ 5 750 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2013 წლის 24 მაისს მოსარჩელეს მოპასუხე ლ.ჯ-ე (შემდგომში ასევე გამყიდველი) დაპირდა, რომ გამოაცვლევინებდა კუთვნილი ავტომობილის ზეთსა და ფილტრს საკუთარ მაღაზიაში, სადაც ასევე ეწევიან ამგვარ მომსახურებას. მოპასუხის განმარტებით, გამოცვლილი მასალები იქნებოდა ხარისხიანი, ხოლო შეცვლის სამუშაოს, გამყიდველის მითითებითა და დავალებით, შეასრულებდა მისი მომსახურე პერსონალი _ ლ. შ-ა. შეძენილი და დამონტაჟებული ფილტრი აღმოჩნდა უხარისხო, ვერ უზრუნველყო საკმარისი რაოდენობის ზეთის გატარება, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ძრავი, რომლის შეკეთებისათვის მოსარჩელეს მოუხდა დიდი ოდენობით ხარჯის გაწევა და მიადგა ზიანი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვით, რადგანაც ავტომობილის ჩამოყვანის შემდგომ ძრავს ისედაც ჰქონდა პრობლემა, რის თაობაზეც მოსარჩელემ თავადვე განაცხადა, გამყიდველმა მოსარჩელეს მხოლოდ ის შესთავაზა, რომ ზეთი გამოეცვალათ მის მაღაზიაში, ფილტრის შერჩევაში მას მონაწილეობა არ მიუღია. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს უხარისხო ფილტრის გამო ძრავის შესაძლო დაზიანებაზე, თუმცა, ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მთითებულია, რომ ძრავას ემჩნევა ინტენსიური ცვეთის კვალი, ექსპერტის დასკვნა არ არის კატეგორიული. გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტს ძრავა დაშლილი გადაეცა, რაც თავის მხრივ, არ ადასტურებს იმას, რომ საკვლევად სწორედ მოსარჩელის ავტომობილის კუთვნილი ძრავა იქნა გადაცემული, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ექსპერტიზისათვის მიმართვის თარიღი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5750 ლარის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, გადაწყვეტილების წინმსწრები იმ განჩინებების გაუქმება, რომლითაც მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობირივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ავტომობილის ზეთისა და ფილტრის გამოცვლის შედეგად დამდგარი ზიანის გამო მოპასუხეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე საფუძვლიანად მიიჩნია, ჩათვალა რა, რომ დაზარალებულმა დაამტკიცა როგორც მოპასუხეთა ბრალეული ქმედება, ისე _ მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე, ფაქტობრივად არსებული ზიანის ოდებობა (სკ-ის 992-ე მუხლი). კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას და პრეტენზიას გამოთქვამენ, სასამართლოს მხრიდან, როგორც სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლების, ისე საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, ხოლო, მეორე მხრივ, დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების წესი და არასწორად დაადგინა მოპასუხეთა ბრალეულობის საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლთან მიმართებით კასატორთა პრეტენზიების შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გდაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.1.1. მოპასუხე ლ. ჯ-ე (შემდეგომში _ გამყიდველი ან მენარდე) ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთისა და ფილტრის გაყიდვასა და შეცვლას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. მის კომერციულ ობიექტში დასაქმებულია ლ. შ-ა (შემდგომში _ ქვემენარდე). იგი უშუალოდ ახორციელებს ზეთისა და ფილტრის შერჩევას და შეცვლას დაკვეთის შესაბამისად.

1.1.2. 2013 წლის 24 მაისს გამყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელის ავტომანქანას (მარკა „ლენდ-როვერი“, სახ. #...) ესაჭიროებოდა ზეთის შეცვლის მომსახურება. მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ამ მომსახურებას მას გაუწევდა გამყიდველი. ისინი ერთად მივიდნენ ლ.ჯ-ის კუთვნილ მაღაზიაში, სადაც ქვემენარდის კონსულტაციით შეირჩა ზეთი, ფილტრი და შესრულდა ზეთის შეცვლის სამუშაო, რომელიც გამყიდველის მითითებით ლ.შ-ამ შეასრულა. მომსახურების გაწევისას გამოყენებულ იქნა ზეთის ფილტრი SCT-SM 5016.

1.1.3. ზეთის გამოცვლის შემდეგ ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი დამოუკიდებლად გადაადგილება. ავტოსერვისში მანქანა მუშა მდგომარეობაში მიიყვანა მოსარჩელემ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზიანის მიზეზებზე და შექმნილი უწესრიგობის აღმოფხვრის ხარჯების განაწილებაზე, რის გამოც, ხარჯების გაწევა მოუხდა მხოლოდ მოსარჩელეს. გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 5 750 ლარი.

1.1.4. ავტომობილის დაზიანება განაპირობა ზეთისა და ფილტრის გამოცვლამ. ზეთისა და ფილტრის შეცვლის შემდეგ, მის დაზიანებამდე იგი არ იყო გაყვანილი სამუშაოს შესრულების ადგილიდან, რადგან, დაზიანების გამო, შეუძლებელი გახდა მისი გადაადგილება. შესაბამისად, კ. გ-ას თვითონ არ შეეძლო განეხორციელებინა რაიმე ჩარევა, რაც მისი ბრალით ავტომანქანის გაუმართაობას გამოიწვევდა.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორთა შედავებას ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმის დარღვევის თაობაზე. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში აღინიშნა, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად სასამართლომ დელიქტურ ვალდებულებაზე მიუთითა, რაც არასწორია. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია, თუმცა, სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, დელიქტურ ვალდებულებაზე საუბარი დაუშვებელია, კერძოდ, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ განხორცელებული ქმედება (ზეთისა და ფილტრის შეძენა/შეცვლის სამუშაოები) მხარეთა შეთანხმებით შესრულდა, რაც მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეთა პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობების განსაზღვრისათვის უნდა შეფასდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები და ამ ურთიერთობის იურიდიული ბუნება, რათა განისაზღვროს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და გაირკვეს არსებობს თუ არა ამ ნორმის აბსტრაქტული წინაპირობები. დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.1.1.-1.1.2. პუნქტები) საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და ლ.ჯ-ეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებები (სკ-ის 477-ე და 629-ე მუხლები), რომლის ფარგლებშიც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, შემძენისათვის (მოსარჩელე) გადაეცა ნივთი (ავტომობილის ძრავის ზეთი და ფილტრი) და გაეწია მომსახურება. არც მხარეებს მიუთითებიათ და არც სასამართლოს დაუდგენია მოსარჩელის შეთანხმება ქვემენარდესთან, არამედ, დადგენილია, რომ შესრულებაზე პასუხისმგებლობა სწორედ გამყიდველმა იკისრა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილში გამყიდველს ეკისრებოდა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზეთის ფილტრი, რომელიც გადაეცა მოსარჩელეს, არ იყო განკუთვნილი მისი ავტომანქანისათვის. ეს გარემოება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შენაძენის ნივთობრივ ნაკლზე მიუთითებს, თუმცა, ნივთობრივი ნაკლის მქონე ფილტრის გადაცემით მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია (ამ შემთხვევაში მას წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 490-ე და შემდგომი ნორმებით გათვალისწინებული, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის უფლება), არამედ, იგი გამოწვეულია შეძენილი ნივთის დამონტაჟებით (ექსპლუატაციით), რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ძრავის გაშვებისას ფილტრმა ვერ გაატარა საკმარისი რაოდენობის ზეთი და ვერ განხორციელდა ძრავის ზედა ნაწილის საკმარისი რაოდენობით შეზეთვა.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სკ-ის 361.2 მუხლი), რაც თავისთავად მოიაზრებდა მენარდის ვალდებულებას, გაეფრთხილებინა შემკვეთი, რომ მისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარი იყო (სკ-ის 647.1 მუხლი), შესაბამისად, პასუხისმგებლობის საფუძვლის განსაზღვრისათვის, პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნას ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ვალდებულების დარღვევისას და ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. დასახელებული ნორმა ადგენს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს ვალდებულებით ურთიერთობაში და მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას თუკი დადგინდა, რომ მისი ქმედება ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო იყო, მას მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

1.5. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით გამყიდველის/მენარდის მიმართ მოსარჩელემ შეძლო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ყველა წინაპირობის დამტკიცება (ამ ფაქტებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პრეტენზიებზე საკასაციო პალატა იმსჯელებს ქვემოთ).

1.6. რაც შეეხება უშუალოდ ქვემენარდის პასუხისმგებლობას, ამ საკითხის სწორად შეფასების მიზნით, პალატა კვლავ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ როგორც ნასყიდობის, ისე _ ნარდობის ნაწილში შეთანხმება მოსარჩელესა და ლ.ჯ-ეს შორის შედგა, სწორედ ამ უკანასკნელის მითითებით შეასრულა სამუშაო ლ.შ-ამ. მართალია, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქვემენარდე ზეთისა და ფილტრის შერჩევაში მონაწილეობდა, თუმცა, საკასაციო პალატის შეფასებით, ეს გარემოება მოსარჩელის წინაშე შემსრულებლის მისი წარმომშობი მაინც ვერ გახდება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

1.7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნის არასწორი შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის. საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მისი კუთვნილი ნივთის დაზიანების მტკიცების მიზნით წარადგინა ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნივთის (ძრავის) დაზიანება გამოწვეულია ახალდამონტაჟებული ფილტრის მიერ საჭირო რაოდენობის ზეთის გატარების შეუძლებლობით, თავის მხრივ, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილია ალტერნატიული დასკვნა რომელიც არა საკვლევი მასალის უშუალო შესწავლა-ანალიზს, არამედ თეორიულ საფუძვლებს ემყარება, ხოლო სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზით კიდევ ერთხელაა დადასტურებული მოსარჩელის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობა. საკასაციო პალატა აქვე ვერ გაიზიარებს მხარის აპელირებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნტებზე, რომელთა საფუძველზეც ეჭვქვეშაა დაყენებული განმეორებითი ექსპერტიზის შედეგები. პალატა განმარტავს, რომ ექსპერტი წარმოადგენს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ პირს, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სპეციალური ცოდნით და სასამართლოს ან დაინტერესებულ პირს საკუთარი ცოდნისა და განხორციელებული კვლევის შედეგად წარუდგენს მოსაზრებას სადავო საკითხის თაობაზე, თავის მხრივ, ექსპერტის მიერ განზრახ არასწორი დასკვნის გაცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, რომლის თაობაზეც, ბუნებრივია, ექსპერტისათვის ცნობილია (სსსკ-ის 166-ე და 168-ე მუხლები), შესაბამისად, მხოლოდ მხარის მითითება, რომ ექსპერტი დაიცავდა ადრე გაცემული დასკვნის სისწორეს, ამ მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა. უფრო მეტიც, მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოების თაობაზე, რომ მოსარჩელემ ავტომობილი ავტოსერვისში მიიყვანა, ხოლო მომსახურების გაწევის შემდგომ მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამ გარემოებათა ერთობლივი კვლევა იძლევა მიზეზობრივი კავშირის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.

1.8. დაუსაბუთებელია ასევე მხარის მითითება მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მტკიცების სტანდარტი, რა დროსაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს სარჩელში მითითებული და მოპასუხე მხარის მიერ შედავებული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ვალდებულების ბრალეული დარღვევის იურიდიული შემადგენლობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც, მოცემულ შემთხვევაში, განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენით დაძლია საკუთარი საპროცესო მოვალეობა, რაც შეეხება მოპასუხეს, მისი მოვალეობა მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლებაა, რომელიც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილის საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

1.9. კასატორი მხარე, მართალია, სადავოდ ხდის ზიანის ოდენობის (ხარჯის გაწევის) ფაქტს და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო პალატა ამ შედავებას ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული წერილობითი შეთანხმებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაზიანებული ნივთის აღდგენისათვის სხვადასხვა გარიგება დადო სხვადასხვა პირთან, რომელთა ნაწილის ანაზღაურება, მართალია, დადასტურებული არ არის, თუმცა, ეს წერილობითი შეთანხმებები მას შესრულების ვალდებულებას წარმოუშობს (სკ-ის 316.1 მუხლი), რაც ხარჯების გაწევის თაობაზე მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველია. უფრო მეტიც, ვალდებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ დაზიანებული ძრავის აღდგენისათვის ამ ოდენობით ხარჯის გაწევა გადამეტებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ ესაჭიროებოდა მათ შორის ფ-ა ლ-ს სახელით გაწეული ხარჯები. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევისა და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების შემადგენელი ფაქტების დამატებით დადგენის წინაპირობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე. განვითარებული მსჯელობისა და მოხმობილი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით კ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს _ ლ. ჯ-ეს. რაც შეეხება მოთხოვნილი თანხის მოპასუხე ლ. შ-ასათვის სოლიდარულად დაკისრებას, სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, არ არსებობს ამავე კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რაც ლ.შ-ას მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო საჩივრით, მართალია, მოთხოვნილია გადაწყვეტილების წინმსწრები ყველა იმ საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მოპასუხე მხარის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, თუმცა საკასაციო საჩივარი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას არც ამ განჩინებების და არც მათი გაუქმების საფუძვლების თაობაზე. ამგვარი პრეტენზია კი ეწინააღმდეგება ზემოხსენებული ნორმის შინაარსს, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟი ყველა ინსტანიის სასამართლოში გადახდილია, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა, რაც შეეხება მხარეთა შორის საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს, ირკვევა, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადა 172,5 ლარი, ექსპერტიზის გამო _ 230 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან მას აუნაზღაურდა 230 ლარი. მოპასუხეებმა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აანაზღაურეს 230 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივრის გამო _ 300 ლარი.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯები უნდა დაეკისროს ლ. ჯ-ეს, ამასთანავე, ვინაიდან სარჩელი სოლიდარული ვალდებულების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა, მოსარჩელეს ლ. შ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეების მიერ გაღებული ხარჯის ნახევარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. შ-ასა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. კ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

3.1. ლ. ჯ-ეს კ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 5 750 ლარის გადახდა;

3.2. ლ. შ-ასათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში კ. გ-ას უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. კასატორების შუამდგომლობა გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. ლ. ჯ-ეს კ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის _ 602,5 ლარის, ხოლო კ. გ-ას ლ. შ-ას სასარგებლოდ _ 265 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ.ბაქაქური