საქმე №ას-640-611-2016 11 ივლისი, 2016 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „ს-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – გ. ტ-ის სარჩელის გამო, სს „ს-ის“ მიმართ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელი მ. მ-ი (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.34) ესწრებოდა 2016 წლის 13 მაისის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (ტ.II, ს.ფ.37). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2016 წლის 2 ივნისი, ხოლო 30-ე დღე – 2016 წლის 12 ივნისი. გამომდინარე აქედან, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2016 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 12 ივნისამდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, კასატორის წარმომადგენელმა მ.მ-მა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 13 ივნისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31 დღეს, ხოლო დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2016 წლის 24 ივნისს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 13 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მზად ქონდა 2016 წლის 13 მაისის დასაბუთებული განჩინება, რასაც ადასტურებს სასამართლოს გზავნილი (გ. ნ-ეს გაეგზავნა აღნიშნული განჩინება 13.06.2016 წელს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ, მხარე სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ საპროცესო წესის დარღვევაზე, რამეთუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი პირის მიერ საპროცესო წესის დაცვად განიხილება დადგენილ ვადაში მისი უშუალოდ გამოცხადება სასამართლოში (იხ. სუსგ №ას-733-695-2013, 10 დეკემბერი, 2013 წელი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 13 ივნისს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 13 ივნისს და დასრულდა 2016 წლის 3 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 3 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2016 წლის 4 ივლისს..
საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 5 ივლისს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2016 წლის 5 ივლისია მითითებულია, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, სს „ს-ას“ უნდა დაუბრუნდეს 2016 წლის 1 ივლისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი 1285.92 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. კასატორ სს „ს-ას“ (საიდენტიფიკაციო #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 1 ივლისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი 1285.92 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე