Facebook Twitter

საქმე №ას-152-148-2016 3 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ხ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ბ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქმიდან მტკიცებულების ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. ხ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ბ-ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ 20.05.2013წ. #... ბრძანების ბათილად ცნობა, 01.01.2010წ. უვადო შრომითი კონტრაქტის პირობებით დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სადაც გადახდილი კომპენსაცია _ 3 300 ლარი ჩაითვლება 2010 წლის მაისის დარჩენილი ნაწილისა და ივნისის შრომის ანაზღაურებაში.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 01.01.2009წ. გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით 01.04.2009 წლამდე მოსარჩელე გამოსაცდელი ვადით დასაქმდა მოპასუხე ბანკში საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის (პირადი ბანკირი) თანამდებობაზე, 01.04.2009 წლიდან, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დაიიშნა ამავე თანამდებობაზე, ხოლო მოპასუხესთან 01.01.2010წ. გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება ვიპ ფილიალის საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის (პირადი ბანკირი) თანამდებობაზე. დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიური 2 200 ლარით (ხელზე ასაღები ხელფასი) და წელიწადში ორჯერ პრემიის სახით ხელფასის 70%-ით. 2013 წლის მაისში ბანკის ვიპ ფილიალის მენეჯერისგან მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომერციულ დირექტორს გადაწყვეტილი ჰქონდა დასაქმებულის გათავისუფლება, რის გამოც ეთხოვა, საკუთარი ნებით დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, მას არც ბანკის კომერციულმა დირექტორმა და არც აღმასრულებელმა დირექტორმა მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე რაიმე განმარტება არ მისცეს. მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულს შრომის განაწესი არ დაურღვევია და არც რაიმე დისციპლინური ღონისძიების ზომა გამოყენებულა მის მიმართ. გასაჩივრებული ბრძანებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოპასუხემ ცალმხრივად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, შეწყვიტა დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია შრომის შინაგანაწესი, ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით, ამასთან, დასაქმებულს განზრახული ჰქონდა სხვა ბანკში სამუშაოდ გადასვლა, რის თაობაზეც დამსაქმებლისთვის იყო ცნობილი, რაც შეეხება პრემირების საკითხს, იგი შრომის განაწესით იყო გათვალისწინებული და მიეცემოდა ყველა დასაქმებულს. არასწორია მოსარჩელის განმარტება, თითქოს ის გაფრთხილების გარეშე გათავისუფლდა თანამდებობიდან, რადგანაც მასთან შეხვედრა გაიმართა და შეთანხმების შესაბამისად, მიეცა 1,5 თვის შრომის ანაზღაურება, ამასთან, გათავისუფლების რეალური საფუძველი იმიტომ არ მიეთითა ბრძანებაში, რომ, განაწესის დარღვევის მითითებით მას ხელი შეეშლებოდა სხვა ბანკში დასაქმებისას. მოპასუხემ დამატებით იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მუშაობის პერიოდში მოსარჩელე მოპასუხის კუთვნილი და სამსახურებრივად დასაქმებულზე გაწერილი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით კომუნიკაციას ამყარებდა სხვა კომპანიასთან, რომლის დირექტორიც მოპასუხე ბანკის კლიენტია. დასაქმებულმა ამ კომპანიას შესთავაზა ღვინის მიწოდება, რომლის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორიც მოსარჩელის მამაა. ის გარემოება, რომ სს „ლ-ში“ გეგმავდა მოსარჩელე მუშაობის დაწყებას, დასტურდება მისი მიმოწერით მოპასუხის ერთ-ერთ თანამშრომელთან, ასევე, ბანკის სხვა ოფიციალურ პითან გაგზავნილი შეტყობინებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება მხოლოდ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას დაიშვებოდა, ამ წესის დარღვევის თაობაზე გაფრთხილებული იყო ყველა თანამშრომელი, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე არღვევდა ამ ვალდებულებას, რის თაობაზეც ეთხოვა განმარტება, ამ უკანასკნელმა კი, ნაწილობრივ შეძლო ინფორმაციასთან წვდომის აუცილებლობის დასაბუთება. დამსაქმებლის განმარტებით, მოსარჩელე არ იყო უკმაყოფილო არსებული პირობებით ხელშეკრულების მოშლისა, მან წერილობით გამოხატა მადლიერება, თუმცა ამის საპიროსპიროდ, საბოლოო ინტერვიუსას უარყოფითად დაახასიათა დამსაქმებელი. მიუხედავად ხელშეკრულების მოშლისა, მოპასუხისათვის გაურკვეველია, რატომ გამოთქვამს პრეტენზიას დასაქმებული რვა თვის შემდეგ, რომლის თაობაზეც მას ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე არც დამსაქმებლისათვის და არც სასამართლოსათვის მიუმართავს (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:

3.1. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ და საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 5 ივნისს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 20.05.2013წ. #... ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, იგი აღდგენილ იქნა მოპასუხე ბანკში ვიპ ფილიალის საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის (პირადი ბანკირი) თანამდებობაზე და 2013 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ თვეში 2 200 ლარის ანაზღაურება (იხ. უსწორობის გასწორების შესახებ 12.06.2015წ. განჩინება);

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

3.3. ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დამსაქმებელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში;

3.4. 2015 წლის 14 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 800 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ასევე, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩვრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხალახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, საქმიდან მტკიცებულების ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების/სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის განმარტების კანონიერება წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით კი, გასაჩივრებული განჩინება ემყარება შემდეგ დასაბუთებას:

1.1.1. მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 05.06.2015წ. 16:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე უწყება ჩაბარდა 2015 წლის 28 აპრილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;

1.1.2. 05.06.2015წ. 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მოსარჩელემ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა, რადგან საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე;

1.1.3. 19.06.2015 წელს მოპასუხის წარმომადგენელმა ც. ქ-იამ საქალაქო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება;

1.1.4. საქალაქო სასამართლოს 05.08.2015წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში;

1.1.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მოპასუხის პრეტენზიები ძირითადად სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას ემყარება, კერძოდ, მოპასუხის ძირითადი წარმომადგენელი ც. ქ-ია იმყოფებოდა ავად, რის შესახებაც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი დანიშნული იყო 05.06.2015წ. 16:00 საათზე, ექიმთან მიმართვის დროდ კი დაფიქსირებულია 05.06.2015წ. 15:10 საათი, ამასთან, ც. ქ-იასთან ერთად ბანკის აქტიური წარმომადგენელი იყო გ. გ-ი, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა საზღვარგარეთ და პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. რაც შეეხებათ მ. ვ-ეს, ნ. ბ-ესა და ა. ბ-ეს ისინი აღარ წარმოადგენდნენ მოცემულ საქმეზე მინდობილ პირებს. ამასთან, მათი წარმომადგენლობის არსებობის პირობებშიც კი, შექმნილი ვითარება არ იძლეოდა მათი ინფორმირებისა და პროცესზე გამოცხადების რეალურ შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი ც. ქ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული, მხარის წარმომადგენლის - ც. ქ-იას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რადგანაც ცუდად გახდომასა და პროცესის დაწყებას შორის დროის მცირე მონაკვეთი წარმომადგენლის მხრიდან არ იძლეოდა მარწმუნებლის ინფორმირებისა და ახალი წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადების რეალურ შესაძლებლობას, ასევე, სასამართლოს ინფორმირების შესაძლებლობას.

1.1.6. მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელ გ. გ-ს, რომელიც მოპასუხე დამსაქმებლის იურიდიული და სამართლებრივი საკითხების მენეჯერია, ასევე, გააჩნდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რამდენადაც საჩივარზე თანდართული მისი პასპორტის ქსეროასლის თანახმად, გ. გ-ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ხოლო დამსაქმებლის სხვა წარმომადგენლები: მ. ვ-ე, ნ. ბ-ე და ა. ბ-ე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, აღარ წარმოადგენდნენ უფლებამოსილ პირებს, დაეცვათ მოპასუხის ინტერესები, რადგანაც 22.09.2014 წლიდან ნ. ბ-ე და 01.05.2015 წლიდან ა. ბ-ე აღარ იყვნენ მოპასუხე ბანკის თანამშრომლები, ხოლო მ. ვ-ე 01.10.2014 წლიდან გადაყვანილ იქნა ამავე სამსახურის სხვა პოზიციაზე, სადაც მის ფუნქციებში ბანკის სასამართლოში წარმომადგენლობა აღარ შედის.

1.1.7. სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ წინამდებარე საქმე საქალაქო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე განხილულ იქნა არსებითად და 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე ერთხელ უკვე სრულყოფილად იყო მოსმენილი მოპასუხის პოზიცია, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილი არ იყო.

1.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა, როგორც მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ისე მინდობილობების გაუქმების საკუთხს და არასწორად ჩათვალა, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, კასატორის მოსაზრებით, გარდა მტკიცებულებათა არასწორი შეფასებისა, გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.

1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არარსებობის თაობაზე და ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს:

1.3.1. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს მოპასუხე მხარე; ბ) გამოცხადებული მოსარჩელე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც პირველი, ისე _ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია, როგორც მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის ინფორმირების დამადასტურებელი სატელეფონო შეტყობინების აქტი, ისე _ სასამართლო უწყება, ანუ სახეზეა მოპასუხისათვის შეტყობინების საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წინაპირობები, გარდა აღნიშნულისა, უდავოა ისიც, რომ ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სხვა ამკრძალავი წინაპირობაც არ არსებობს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაქმებულის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სწორად შეაფასა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა (სსსკ-ის 230.2) (იხ. სუსგ-ებები: №ას-239-226-2015, 19 ივნისი, 2015 წელი; №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-1261-1520-09, 23 მარტი, 2010 წელი).

1.3.2. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი პრეტენზიის მართებულობას, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის კონტექსტში და არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნია, წარმომადგენლის შეუძლოდ გახდომასა და სასამართლო სხდომის დროს შორის მცირე ინტერვალის გამო კი, ჩათვალა, რომ ც.ქ-იას არ ჰქონდა შესაძლებლობა, აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებინა მარწმუნებლისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მეორე წარმომადგენელი _ გ.გ-ი საქართველოში არ იმყოფებოდა, მ. ვ-ე გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე და სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლობის უფლებამოსილება აღარ ევალებოდა, ხოლო ნ.ბ-ე და ა.ბ-ე აღარ არიან დასაქმებული მოპასუხე ბანკში. მითითებულ გარემოებასთან მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი, რამდენადაც თუკი უკრიტიკოდ გავიზიარებთ ც.ქ-იას ჯანმრთელობის მდგომაროებას და მივიჩნევთ, რომ მას მართლაც გააჩნდა სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის შესახებაც არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის/დამსაქმებლისათვის, ასევე მხედველობაში მივიღებთ გ.გ-ის საქართველოში არყოფნას, პალატა მაინც ვერ მიიჩნევს დადასტურებულად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობას, რამდენადაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბანკის სხვა წარმომადგენელთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მოპასუხემ სასამართლოს მხოლოდ საჩივრის განხილვის ეტაპზე აცნობა, მათ მიმართ გაცემული მინდობილობები ძალაში იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლი, მსგავსად დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმისა (სკ-ის 720-ე მუხლი), მარწმუნებელს ყოველთვის აძლევს უფლებას, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, თუმცა, საპროცესო მიზნებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობის შეწყვეტის ნამდვილობისათვის საჭიროა ეს გარემოება წერილობით ეცნობოს სასამართლოს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სასამართლოსათვის უცნობი იყო სხვა წარმომადგენელთა მიმართ გაცემული მინდობილობების გაუქმების ფაქტი (თანამდებობის შეცვლა თუ სხვა ორგანიზაციაში დასაქმება), მარწმუნებლის ამ ნებას, საპროცესო თვალსაზრისით, ძალა მას შემდეგ მიენიჭა, რაც მხარემ ამ ნების შესახებ აცნობა სასამართლოს. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს არა ერთი განმარტების თანახმად, იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ-ებები: №ას-800-854-2011, 17 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-132-127-2012, 23 მარტი, 2012 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი; №ას-604-572-2014, 4 მაისი, 2015 წელი).

1.4. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამ თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს საოქმო განჩინებაზე, ისე _ ამ განჩინების თაობაზე სააპელაციო პალატის შეფასებებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების/თვითაცილების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს პრინციპს ემსახურება და გარანტირებულს ხდის მხარის უფლებას, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლემ. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების საფუძვლები პირობითად შეიძლება დავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებად, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლო აქტითაა დადასტურებული, თუნდაც სუბიექტური წინაპირობის არსებობა (მაგ: სსსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, განაცხადოს თვითაცილება, მიუხედავად იმისა, მხარე გამოხატავს თუ არა უნდობლობას მის მიმართ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის აცილების საკითხის განხილვისას უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს აწესებს ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა. ამასთან, იმ საქმეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომლებიც მიკერძოებულობის საკითხს ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აქცენტს სწორედ ობიექტურობის ტესტზე აკეთებს. ობიექტურობის ტესტით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აქვს ადგილი დადასტურებად ფაქტებს მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ეჭვს ბადებს ამ უკანასკნელის მიუკერძოებლობაში. აღნიშნულის ფარგლებში, იმის განსაზღვრისას, არსებობს თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური ეჭვი იმის შესახებ, რომ ესა თუ ის მოსამართლე ან ორგანო, რომელიც განიხილავს საქმეს, არ არის საკმარისად მიუკერძოებელი, მოცემული პირის პოზიცია არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რამდენად არის პირის ეჭვი მიკერძოების შესახებ ობიექტურად გამართლებადი ანუ რამდენად აქვს მას შიშის საფუძველი (იხ. ვეტსტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; მიქალეფი მალტის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; პადოვანი იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; პესკადორ ვალერო ესპანეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება). ნიშანდობლივია, რომ ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ. მილერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება). მოცემულ საქმეში მოსამართლის აცილების საფუძვლები, რომლებზეც მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე და სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა და ობიექტური ტესტის გამოყენებით უნდა შემოწმდეს, მდგომარეობს შემდეგში: საქმის პირველი ინსტანციით განმხილველმა მოსამართლემ, ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მოპასუხეს სს „ბ-ა“, ხოლო მის წარმომადგენელს გ.გ-ი წარმოადგენდა, განაცხადა თვითაცილება იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეს ნაცნობობა აკავშირებდა გ.გ-თან, რასაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა მოსამართლის მიუკერძოებლობაზე. შუამდგომლობას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.05.2015წ. საოქმო ამონაწერი (სამოქალაქო საქმე #...) სადაც სასამართლომ სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ეს განჩინება წინ უსწრებს წინამდებარე საქმეზე მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არასწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ კასატორს ამ საოქმო განჩინების კანონიერების შემოწმება არ მოუთხოვია, თუმცა, ეს ვერ გახდებოდა საკითხის შეფასებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალი და კანონმდებელი განსახილველი ნორმით ადგენს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებას, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, გააუქმოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, თუ სახეზეა მითითებულთაგან ერთ-ერთი დარღვევა. თავის მხრივ, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, ზემდგომი სასამართლო არ არის შეზღუდული ამ დარღვევის თაობაზე კასატორის მითითებით (იხ. სუსგ №ას-361-340-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

1.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. საკასაციო საჩივარს გ.ხ-ემ დაურთო მტკიცებულებები: თ. ტ-ის დისერტაციის ამონარიდისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართვის ასლი 3 (სამი) ფურცლად (ტ. III, ს.ფ.102-104).

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაზიარების საფუძველი, რის გამოც ისინი უნდა დაუბრუნდეს მხარეს.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის _ 550 ლარისა (100; 150; 300) და ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 4 100 ლარის (800; 800; 2 500) ანაზღაურება.

3.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, არამედ, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოუციო ნაწილი, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. შემაჯამებელი გადაწყვეტილების არარსებობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე სასამართლო ხარჯების სრულად განსაზღვრა ვერ ხერხდება, საკასაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მტკიცებულებების დონეზე შეაფასოს ხარჯების ნაწილში კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება და ამავე პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. გ. ხ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული თ. ტ-ის დისერტაციის ამონარიდისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართვის ასლი 3 (სამი) ფურცლად (ტ. III, ს.ფ.102-104).

4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი