Facebook Twitter

საქმე №ას-152-148-2016 8 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეცა კასატორ გ. ხ-ის განცხადება წინამდებარე საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე. საკასაციო პალატა გაეცნო განცხადების შინაარსს, საქმის მასალებს და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებაზე საქმეზე _ გ.ხ-ის სარჩელის გამო სს „ბ-ას“ მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წინამდებარე საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. საბოლოოდ საქმის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 3 ივნისი, რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ისე _ უშუალოდ კასატორს.

2016 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

2016 წლის 7 ივნისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა წინამდებარე საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა.

ზემოხსენებული გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 63-ე მუხლს, რომელთა თანახმადაც, მხარეს შეეძლო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წარმოედგინა შუამდგომლობები მანამ, ვიდრე დასრულდებოდა საქმის წარმოება, რადგანაც საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განუმარტოს კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას საკასაციო სასამართლო ამოწმებს იმისგან დამოუკიდებლად, არსებობს თუ არა მხარის შუამდგომლობა საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი აუცილებლობა საქმის მასალებით არ დადასტურდა, რის გამოც პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნორმაში მითითებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 377-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ის განცხადება საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი