საქმე №ას-238-226-2016 3 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. პ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ჯ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი/მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. პ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ გაცემულ #... სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც, ძირი თანხა განისაზღვრება 29 350 აშშ დოლარით და ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს 0.01% მდე შემცირება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. ჯ-ემ ლ. ო-ისგან ისესხა 30 000 აშშ დოლარი, ხოლო თ. პ-ისგან მიიღო 50 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა პირადი მოხმარებისათვის უნდა მიეღო მსესხებლის ახლობელს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისი, ი.ჭ-ის გამზირის #54ა_ში მდებარე უძრავი ქონება. 2014 წლის 4 დეკემბერს, მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი და მოვალეს დაეკისრა სესხის ძირი თნხის _ 50 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ დღეში 0,2%-ის, 60 700 აშშ დოლარის, სულ _ 110 700 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის _ 120 ლარის ანაზღაურება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოსარჩელეს არ გააჩნია, ვინაიდან, როგორც ხელწერილით დასტურდება, მას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე გადახდილი აქვს 16 800 აშშ დოლარი, გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოვალეს დამატებით გადახდილი აქვს კრედიტორისათვის 5 600 აშშ დოლარი. შესაბამისად, 16 800 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ერთი თვის სარგებელი რომელიც მოვალეს არ გადაუხდია _ 1 750 აშშ დოლარი და დარჩენილი 15 050 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას _ 50 000 აშშ დოლარს. მასვე უნდა გამოაკლდეს 5 600 აშშ დოლარი და ძირითადი ვალდებულება უნდა განისაზღვროს 29 350 აშშ დოლარით. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, 0,2% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და უნდა შემცირდეს. (იხ 23.07.2015წ. სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოვალეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტორის წინაშე არ შეუსრულებია, საქმეში არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება 16 800 აშშ დოლარს, მოპასუხემ ნახევარი გაუყო მეორე კრედიტორს. მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა მოპასუხის მიმართ, არამედ იგი მოითხოვს ვალდებულების არარსებობის აღიარებას ლ. ო-ის მიმართ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ #... სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და ძირ თანხად 29 350 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და პირგასამტეხლოს ოდენობის 0,01%-მდე შემცირების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2014 წლის 4 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა _ 0,2% შემცირდა 0,1%-მდე და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა ძირი თანხის 50 000 აშშ დოლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღსრულების დროისათვის პირგასამტეხლოს ჯამურ ოდენობას გამოაკლდა 15 050 აშშ დოლარი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მან ასევე გაასაჩივრა 23.07.2015წ. საოქმო განჩინება საქმეთა გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ 2014 წლის 4 დეკემბერს გაცემულ #... სააღსრულებო ფურცელში და სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 34 950,00 აშშ დოლარით, ასევე, პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0,05%-ით, ანუ 17,475 აშშ დოლარით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, აპელანტის მოთხოვნა საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 2 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ კასატორს ასესხა 50 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სამი თვით, ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის _ 3,5%-ის (1750 აშშ დოლარი) დარიცხვით;
1.2.2. მოვალემ 2 თვის სარგებელი _ 3 500 აშშ დოლარი გადაიხადა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისთანავე;
1.2.3. 2014 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: ძირი თანხა _ 50 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.2%, ანუ 100 აშშ დოლარი ყოველი ვადგადაცილებული დღისთვის. სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის მომენტისთვის პირგასამტეხლოს ოდენობამ 60 700 აშშ დოლარი შეადგინა და ჯამში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - 110 700 აშშ დოლარით;
1.2.4. საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხის მიერ მიღებული შესრულება - 15 050 აშშ დოლარი აღსრულების დროისათვის პირგასამტეხლოს ჯამურ ოდენობას უნდა გამოკლებოდა, რადგანაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სამთვიანი ვადა 2012 წლის 2 ნოემბერს ამოიწურა. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 16 მარტის ხელწერილით კრედიტორმა აღიარა სადავო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელისგან 16 800 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. ვინაიდან, მოსარჩელეს მხოლოდ ორი თვის სარგებელი ჰქონდა გადახდილი, 1 750 აშშ დოლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური (მესამე თვის) სარგებლის გადახდას წარმოადგენდა, რაც შეეხება დარჩენილ თანხას - 15 050 აშშ დოლარს (16 800 აშშ$-1750 აშშ$), იგი არა პირგასამტეხლოს ანგარიშში (მითითებული შესრულების პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლის ფაქტობრივი გარემოების თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია, 2015 წლის 23 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღიარა მოსარჩელისგან ხელწერილში მითითებული 16 800 აშშ დოლარის მიღება და განმარტა, რომ ამ თანხაში შედიოდა ხელშეკრულების მოქმედების ერთი თვის გადასახდელი პროცენტი 1750 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ 4 თვის საპროცენტო სარგებელს) არამედ ძირი თანხის დაფარვის ანგარიშში ჩასათვლელ თანხას წარმოადგენდა, რადგანაც მხარეები ხელშეკრულების ვადის გადაცილების შემდგომ პროცენტის გადახდაზე არ შეთანხმებულან;
1.2.5. შეთანხმება სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძლების თაობაზე საქმის მასალებით არ დასტურდება.
1.2.6. რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს ოდენობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც გონივრული და მიზნის შესაბამისი იქნება.
1.2.7. სასამართლოს მიერ აუდიოჩანაწერისა და ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზია არ იქნა გაზიარებული იმ დასაბუთებით, რომ ფარული ჩაწერა თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ ფარგლებში ჩადენილ მოქმედებად შეიძლება შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება. ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არა, მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ემსახურება. პირად სფეროში ჩარევა კი, საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის და ა.შ) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. საქმე ეხებოდა აუდიოდისკზე განხორციელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად იყო ჩაწერილი იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გარანტირებული უფლება კრედიტორისაგან ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის შესახებ.
1.2.8. 2015 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინების თაობაზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა საქმეთა გაერთიანების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები სესხის ძირი თანხისა და დამატებითი შესრულების თაობაზე, ასევე, ფარული ჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევისას არასწორად არ შეაფასა ის გარემოება, რომ ჩანაწერი არ ეხებოდა ინტიმურ სფეროს, არამედ განხორციელებული იყო თვითდახმარების ფარგლებში და იცავდა კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების დაუშვებელ ხელყოფას, შესაბამისად, არასწორად არ იქნა დადგენილი კრედიტორისათვის 5 600 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი; სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი და ის გარემოება, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოდენობასთან და იგი უნდა შემცირდეს არა უმეტეს სესხის წლიური 4%-ისა ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-მდე.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების თავლსაზრისით, კანონმდებელი მტკიცების ტვირთს აკისრებს მოვალეს და ამავდროულად, მტკიცების თვალსაზრისით, უქმნის მყარ გარანტიას, შესრულების ფაქტი დაადასტუროს განკუთვნადი მტკიცებულებით. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნორმის დებულებით განმტკიცებულია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის მახასიათებელი ერთ-ერთი იმგვარი დებულება, როდესაც უშუალოდ შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესრულების სრულად ან ნაწილობრივ მიღებას და ამგვარი დადასტურების მოთხოვნის უფლება გააჩნია მოვალეს, ამასთან, ისეთ ვითარებაში, როდესაც ამა თუ იმ არასაპატიო მიზეზით არ გაიცემა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონი მყარ გარანტიას იძლევა მოვალის უფლებათა დასაცავად (იხ. სკ-ის 434-ე მუხლი). ასეთ ვითარებაში კი, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად შეაფასა ის გარემოება, რომ ფარული ჩანაწერი თვითდახმარების ფარგლებში შედგენილი მტკიცებულება არ იყო და არ არსებობდა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები (მსგავს საკითხზე იხ. სასამართლო პრაქტიკა სუსგ №ას-1337-1375-2014, 17 ივლისი, 2015 წელი).
1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცდების ტვირთი, რომლის ფარგლებშიც, მოვალის მიერ წარდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სწორად შეფასებით, დაადგინა სესხის ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, პალატამ მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის დებულებები, სწორად გამიჯნა ამავე კოდექსის 625-ე მუხლით განსაზღვრული სესხის პროცენტისაგან და სწორადვე დაამყარა საკუთარი მსჯელობა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი).
1.7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლები არ არის შეუზღუდავი, არამედ, პირთა თანასწორობაზე დამყერებული სამოქალაქო ურთიერთობების ნათელი გამოხატულებაა და ემსახურება მოვალის ინტერესების კრედიტორის ინტერესებთან თანაზომიერ დაცვას, პირგასამტეხლოს შემცირება არ უნდა იყო ორიენტირებული მოვალის ინტერესების ცალმხრივ დაცვაზე და არ შეიძლება ამ გზით საერთოდ დაკარგოს პირგასამტეხლოს ინსტიტუტმა ფუნქციური დანიშნულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად განმარტა ზემოხსენებული ნორმა და პირგასამტეხლო სწორედ გონივრულ, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად შეაფასა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე-ის მიერ ნ. ჯ-ის სახელზე 20.04.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 414,96 ლარის 70% _ 1 690,472 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ჯ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე-ის მიერ ნ. ჯ-ის სახელზე 20.04.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 414,96 ლარის 70% _ 1 690,472 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური